"ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სამწუხაროდ, ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა" - კვირის პალიტრა

"ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სამწუხაროდ, ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა"

ბათუმში, ზღვაში მოზარდს ეძებენ. როგორც გავარკვიეთ 14 წლის ბიჭი, მეგობრებთან ერთად, გამთენიისას, დლის 6 საათზე, ზღვის ნაპირზე გავიდა. ისინი სანაპიროზე ისხდნენ და წყალში საცურაოდ არ შესულან.

"როგორ ამბობენ, მათგან ერთ-ერთი უფრო ახლოს იყო წყალთან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა წითელი ლენტია გაბმული (იხილეთ მთავარი ფოტო - ნ.წ.), რა დროსაც დიდმა ტალღამ დაარტყა და ბიჭი ზღვაში შეითრია, სამწუხაროდ, ცურვა არ იცოდა და ვერ მოახერხა გამოსვლა. სხვებმა რატომ ვერ შეძლეს დახმარება, არ ვიცი, ისიც თქვეს, რომ არ არის გამორიცხული ალკოჰოლის ან რაიმე სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ... თუმცა დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. წინა დღეებში ბათუმში 5-ბალიანი შტორმი იყო, შესაბამისად, სანაპიროზე ყოველ 500 მეტრში მაშველები იყვნენ მობილიზებული და ზღვასთან მიახლოებას მკაცრად აკონტროლებდნენ. 2-დღიანი შტორმის შემდეგ, ტალღებმა იკლო, თუმცა ბიჭისთვის სწორედ ეს აღმოჩნდა საბედისწერო. როგორც ამბობენ, ახალგაზრდები თბილისიდან ჩამოსული დამსვენებლები არიან", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ამ წუთებში ადგილზე 2 მყვინთავი, დრონი და 3 სამაშველო რაზმი მუშაობს.

(სპეციალურად საიტისთვის)