"ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში" - ვინ არის 15 წლის ბიჭი, რომელსაც მე-2 დღეა მაშველები ზღვაში ეძებენ? - კვირის პალიტრა

"ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში" - ვინ არის 15 წლის ბიჭი, რომელსაც მე-2 დღეა მაშველები ზღვაში ეძებენ?

მეორე დღეა, ბათუმში, ზღვაში დაკარგულ 15 წლის ბიჭს ეძებენ. თუ რა მოხდა 16 ივლისის დილას kvirispalitra.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, დაკარგული მოზარდი გიორგი სტეფანაშვილი რუსთავიდან გახლდათ და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. აი, რას გვიყვება ზღვაში დაკარგული ბიჭის ახლობელი:

"იმ ადგილას, სადაც დილის 7 საათზე ბიჭებმა გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში. რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და ადამიანების საშველად დაძახება დანარჩენებმა... გამვლელი 2 ბიჭი შევიდა საშველად და მაშველებიც, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე... ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამები იყვნენ, არადა, ბავშვი გაზიანი სასმლის მეტს არაფერს სვამდა. 6 ბიჭს (ასაკი 15- 16 წელი) თან ერთ-ერთის მშობელი ახლდა, არც უფიქრია, რომ რამე ცუდი დაემართებოდათ, ამიტომ არ გაჰყვა, - დილას გავისეირნებთო, - ბიჭებს უთქვამთ. საერთოდ წყალშიც კი არ შედიოდა გიორგი, რადგან ცურვა არ იცოდა. სამწუხარო ამბავია, დიდი უბედურება, იმედია, მოახერხებენ მაშველები გიორგის პოვნას. სამაშველო ოპეორაცია ახლაც მიმდინარეობს".

P.S. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს

ანა გიორგაძე (სპეცილაურად საიტისთვის)