"ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი" - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი"

პაატა ბურჭულაძე 56 წლის გახდა. დიდ მაესტროს საქართველოდან ბერლინში დავუკავშირდით. ცოტა ხნით მოვწყვიტეთ საქმეს. მხნე და მხიარული ჩანდა.

დაწვრილებით მიამბო, რომ 3 მარტს დედის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტელემარათონი გაიმართება, ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმატით, რადგან "იავნანა" 7 წლის ხდება. ტელემარათონში ჩართვა იქნება ბარსელონიდან, სადაც კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდება. ფული მოგროვდება ომში დაღუპულთა შვილებისთვის - ფონდი "იავნანა" ყოველწლიურად ეხმარება მათ. ჩვენი ბავშვებისათვის დიდი ვარსკვლავები იმღერებენ: რამონ ვარგასი, ომის შემდეგ 25 სექტემბერს რომ ჩამოვიდა და მოცარტის "რეკვიემი" შეასრულა, რენატო ბუზონი, მიშელ კრაიდერი, თამარ ივერი, დირიჟორი იქნება მიგელ-გომეს მარტინესი.

მარტო ეს კი არა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც იგეგმება: "იავნანა" ფონდ "ივერიისას" 8 მაისს ათენში დიდ კონცერტს მიუძღვნის. საბერძნეთში 300 ათასი ქართველია, მათგან 120 ათასი - ოფიციალურად. მთავარია, ყველას მიეცეს საშუალება, თავისი ერთი ლარი გაიღოს ტაძრის ასაშენებლად... არავინ დარჩეს ისე, რომ მერე გული დასწყდეს.

ვუსმენდი პაატა ბურჭულაძეს და ვფიქრობდი გზაზე, რომელიც ამ დღემდე განვლო: 1981 - მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane, ბუსეტოში (იტალია), 1982 - ოქროს მედლით დაჯილდოვდა მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 - გაიმარჯვა ლუჩანო პავაროტის კონკურსში, ფილადელფიაში... მისი სენსაციური დებიუტი შედგა კოვენტ-გარდენ ოპერაში, ლონდონში, სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა "აიდაში" დიდი ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება ხვდა მილანის ლა სკალასა და ვენის სახელმწიფო ოპერებში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია შალზბურგერ Fesrspielen-ზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო "მეტროპოლიტენ ოპერაში" "ბორის გოდუნოვში" მთავარი პარტიის შესრულება 1990/91 წლებში... არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამ გზის გავლისას ბევრი რამ შეიცვალა და, ცხადია, პაატაც ძალიან შეიცვალა... ამას თვითონვე ამბობს:

- ზუსტად ვერ ვიტყვი, რა მოხდა, მაგრამ შევიცვალე. თუ სწორად ცხოვრობ, მეტ სიბრძნეს ეზიარები. ცხოვრება სიბრძნეა და არა უბრალოდ დროის გაყვანა. უნდა ჩასწვდე იმ საიდუმლოებას, რისთვისაც ადამიანი იბადება ამქვეყნად. ადამიანმა თავის თავს უნდა მიაგნოს. ახალგაზრდობაშივე ამის მიღწევა წარმოუდგენლად მეჩვენება. საჭიროა დრო, რომ მიაგნო საკუთარ თავს, გაიგო, რისთვის ხარ დაბადებული...

- რომ გკითხონ, რისთვის ხართ დაბადებულიო, რას უპასუხებთ?

- ვერ დავიბრალებ და ვერ ვიტყვი, პასუხი ვიცი-მეთქი... ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს საკუთარ თავში შესაცნობი. უბრალოდ, ის ვიცი, რითიც ბედნიერი ვარ - მადლობა უფალს, რომ ფონდი "იავნანა" შეიქმნა. ფონდი "ივერიისა" ხომ მოულოდნელი დიდი სიხარული იყო ჩემთვის. არა მგონია, მარტო ეს იყოს ჩემი საქმე, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი...

- საქველმოქმედო ფონდებზე ყოველთვის ხალისით საუბრობთ... მგონი, ხშირად საკუთარი ხელოვნებაც კი გავიწყდებათ, ისე ხართ გადართული ამ დიდ საქმეებში...

- დედაჩემიც მეუბნება და ჩემი მეუღლეც: არ დაგავიწყდეს, რომ მომღერალი ხარო... ცხადია, არ მავიწყდება. ძალიან სერიოზულად ვემზადები გასტროლებისათვის კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში, პარიზის ოპერასა და მეტროპოლიტენში...

მეც ვიცი, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს სრულად გადართული ვარ "იავნანაზე"... ეს იმიტომ, რომ ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ადრე ასე ხშირად არ დავდიოდი... როცა ორი ან სამი დღე გაქვს თავისუფალი, შეიძლება იქვე არჩიო დასვენება, სადაც მუშაობ... მაგრამ რაკი ფონდ "იავნანას" საქმიანობას სჭირდება, იმ ორ-სამ დღესაც ვიყენებ თბილისში ჩამოსასვლელად. სიმღერას არ ვივიწყებ. ეს ჩემი ცხოვრებაა და უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია.

- როცა თქვენი ფონდი რომელიმე ოჯახს ჭერს აძლევს, ბავშვურად აღტაცებული ხართ ხოლმე... საერთოდ, თუ აღნიშნავენ, რომ "ბავშვური" თვისებები შემოგრჩათ?

- ჩემი მეუღლე მეუბნება, ახლაც ბავშვი ხარო... როცა გულწრფელი ხარ, ალბათ, ეს ნიშნავს ბავშვობას. პატრიარქი იმიტომაა ბავშვივით, რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა გულწრფელია, მთელი სიყვარულით გეუბნება, რასაც ფიქრობს. ასეთმა ადამიანმა რომ დაგტუქსოს, ესეც კი ლამაზად გეჩვენება.

- ჩვენს ეპოქაში ტყუილის გარეშე ცხოვრება ბევრს ვერც კი წარმოუდგენია...

- არადა, ძალიან ადვილია ტყუილის გარეშე ცხოვრება. არაფერი მაქვს მოსატყუებელი... ერთადერთი - ჩემს ახლობელ ქალბატონებს შეიძლება ვუთხრა, რა კარგად გამოიყურებით-მეთქი, მაშინ, როცა ასე არ არის... ეს თუ არ ჩამეთვლება დიდ ცოდვად, სხვა შემთხვევაში ტყუილს ნამდვილად არ ვამბობ. მადლობა ღმერთს ამისათვის.

- ამბობენ, ხელოვნების სფერო ინტრიგებითაა სავსეო... იმ სიმაღლეზე, სადაც ახლა თქვენ ხართ, ისევ არსებობს ინტრიგები?

- ინტრიგას თუ ეძებ, ყველგან იპოვი. ინტრიგის დამარცხების საუკეთესო ხერხია - არ მიაქციო ყურადღება. თუ ამას შეძლებ, გამარჯვებული დარჩები. ცილისწამებაც უნდა დაითმინო...

- ისე დაწვრილებით იცით ინტრიგებისა და მასთან ბრძოლის ამბები, ეტყობა, გამოცადეთ კიდეც....

- მართალია, ისეთი ცილისწამება მაქვს გადატანილი, დიდი გამოცდილება მივიღე...

მარტო ჩემს თავს კი არა, "იავნანასაც" გადახდომია მსგავსი ამბები... მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გვერდით უდგას ამ ფონდს, ზოგიერთს არ სიამოვნებს, ეს საქმე რომ კეთდება... მთავარია, იცოდე, რას ემსახურები. დანარჩენზე არ უნდა იღელვო. ყველაფერი მოგვარდება.

- როცა შორს ხართ და თბილისზე ფიქრობთ, რომელი სიმღერა ამოგიტივტივდებათ ხოლმე მეხსიერებაში?

- ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერაა ეთერ ჭელიძის "დავალ საყვარელ ქუჩებში"... "ჭაღარა თბილისო ჩემო", ლაღიძის "თბილისოზე" ხომ გავიზარდე...

P.S. "კვირის პალიტრა" დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პაატა! თქვენ მითხარით: ვიგრძენი, რომ საქართველოში დაობლებული ადამიანი არ არსებობს.

ყველას ჰყავს მამა - ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი. მეც გარდამეცვალა მამა, მაგრამ უმამობას არ ვგრძნობ, რადგან მისი მამობრივი სიყვარული ყველას გვწვდებაო...

მოკრძალებით დავძენ: საქართველოში მოკეთე და მოყვარე ყველას გვყავს, ყველაზე მიუსაფართაც კი - თქვენ ხომ ყველას ახლობელი და მეგობარი ბრძანდებით.