"ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა, გეკუთვნის შენ" - კვირის პალიტრა

"ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა, გეკუთვნის შენ"

"იმ ვიწრო კედლებს-შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს დედა-კაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას"

ვის არ გაუვლია გაბაშვილებისეულ მამულებში - ყოფილ მამულებში, ცხადია! ვაკე, საბურთალო, ვერა, ოქროყანა, სოფელი თხინვალა, სადაც გაბაშვილების საგვარეულო ეკლესიაა და სასახლის ნაწილიც იყო დარჩენილი, სულ მათ ეკუთვნოდათ. რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ადგილას იდგა გაბაშვილების სახლი... აივნები მოსკოვის ქუჩას და გაბაშვილის შესახვევს გადაჰყურებდა.

მამულები, ცხადია, ჩამოართვეს... რეზო გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა... დედამისი - ეკატერინე, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, არ დაუპატიმრებიათ - მაინც პოპულარული პიროვნება იყო, "მაგდანას ლურჯას" ავტორი, ხალხს უყვარდა და მისი სამაგალითოდ დასჯა კარგს არაფერს მოუტანდა მთავრობას. ეგეც რომ არ ყოფილიყო, უკვე მოხუცი გახლდათ. მართალია, მთავრობის სახლის წინ გამოსული, ძველებურ ტანსაცმელში გამოწყობილი გვარიანად "ამკობდა" საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ ავადმყოფობითა და სიბერით მოსდისო, - თვალს არიდებდნენ, 86 წლის მოხუცისათვის თავს არ იწუხებდნენ.

ეკატერინე გაბაშვილს მოხუცებულობაში სმენამ უღალატა. იდგა თავის სიჩუმეში ჩაძირული და თავის თავზე გამოცდილი სიმართლით ლაპარაკობდა.

სახლი გაუსხვისეს და ოჯახი მეორე სართულზე ერთ ოთახში შეყუჟეს. პირველზე ერთი მუშა ცხოვრობდა. გაბაშვილების 2-3 წლის შვილიშვილს ეზოში ჩასვლისა ეშინოდა, ის კაცი "გველის წიწილს" და "არგასაზრდელს" ეძახდა. თვითონ ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო და თავი დიდ მოღვაწედ მოჰქონდა. თავის სახლში ეკატერინე გაბაშვილს სკოლა ჰქონდა გახსნილი, ჭრა-კერვის სკოლა ერქვა, ქალები სწავლობდნენ. ჭრა-კერვის გარდა ფრანგულს და გერმანულს ასწავლიდნენ. სიკეთის მეტს არაფერს აკეთებდნენ... ეს მაინც ხალხის მტრობად ითვლებოდა... ახალქალაქში ახლაცაა ეკატერინე გაბაშვილის სახლი. ღრმად მოხუცებული იქ იყო გადასული, იქაც ბევრს ეხმარებოდა.

ეკატერინე გაბაშვილი 1937 წელს გარდაიცვალა. სანამ ცოცხლი იყო, შვილიშვილსა და რძალს არ ეხებოდნენ, მოკვდა თუ არა, ამათაც შორეულ აღმოსავლეთში უკრეს თავი.

ეკატერინე გაბაშვილი (ქალიშვილობაში  თარხნიშვილი) უაღრესად განათლებული ქალი იყო, ფავრის კერძო პანსიონი ჰქონდა დამთავრებული.

1871 წელს, წერეთლის ოჯახში, "კაცია-ადამიანის" საჯარო კითხვაზე, რომელსაც ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ესწრებოდა, გაიცნო ილია ჭავჭავაძე და მომავალი მეუღლე ალექსანდრე გაბაშვილი. ალექსანდრეს საქმიანმა კილომ  მოხიბლა ყმაწვილი ქალი. დაახლოვდნენ.

მათი სიყვარული ქორწინებით დამთავრდა. თბილისში დასახლდნენ. იმ იდეებსა და მისწრაფებებს, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გათხოვებამდე შესტრფოდა, ცივი წყალი გადაესხა. "დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა", - ჩიოდა მწერალი.

11 შვილი გაზარდა. საქმე ბევრი ჰქონდა, მაგრამ მოგეხსენებათ, სული ხორცზე ძლიერია. ეკატერინე გაბაშვილი ძლიერმა სულმა საზოგადო საქმის "მუშაკად" აქცია. "მუშაკნი ცოტანი იყვნენ, საქმე კი მრავალი. ვხედავდი, რომ საზოგადო აზრის, საზოგადო საქმის ასაშენებლად საჭირო იყო რაც შეიძლებოდა მომეტებული ხელი და ჩემი სუსტი მარჯვენაც მივაშველე... მე იმ ვიწრო კედლებს-შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხშირად დედა-კაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას".

ეკატერინე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, აწყობდა საქველმოქმედო ბაზრობებს, მონაწილეობდა ბიბლიოთეკების გახსნაში. წერდა მოთხრობებს...

1911 წლის პირველ მაისს მას სალიტერატურო და საზოგადო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს. საზოგადოების წინაშე ეკატერინე აკაკის გაუყვანია და ხელზეც ეამბორა თურმე... ეკატერინე გაბაშვილს ამ საღამოზე უთქვამს სიტყვა, სამშობლოსადმი მიმართული: "ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა, გეკუთვნის შენ და შენი გაუმჯობესების სურვილს. და თუ ჩემი ნაბიჯი მკრთალი და უფერულია, ნუ დამსჯი, ის ხომ რაც არის, შენია და შენ გეკუთვნის!"

წინ ბევრი სირთულე იყო... უგულობა უკვე ნანახი ჰქონდა, ეს მაშინ, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, სიღარიბის გამო ბიბლიოთეკის შენობის ქირა ვერ გადაიხადა და თავისი თვალით ნახა ბინის მეპატრონისაგან ქუჩაში გამოყრილი წიგნები...

მერე საბჭოთა დრო დადგა და მამულები ჩამოართვეს, სწყევლიდნენ, ამცირებდნენ მის შთამომავლებს. დანაშაული - "თავადობა" იყო... შეურაცხყვეს საფლავები.

ამ დროს მისი ვაჟი, რევაზი, პარიზში წერდა მოგონებების წიგნს "რაც მახსოვს". იქ უკვე მას მტრობდნენ ემიგრაციაში წასული ქართველები და მტრობდნენ სიმართლის გამო.

გაბაშვილების ოჯახის წინაშე ვალშია ქართველი ხალხი.

ეკატერინე გაბაშვილის "მაგდანას ლურჯასა" და მოთხრობებს ახლა კიდევ ერთხელ შეხვდება მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად, ქართული პროზის საგანძურის სერიით. ბევრი რამ მოძველებულია ამ მოთხრობებში, მაგრამ დღევანდელობასაც ეხმიანება. მაშინაც არსებობდა სამართალი და უსამართლობა, მაშინაც ლხინი იყო ერთგან, როცა მეორეგან შიმშილით იხოცებოდნენ. ნამდვილი ლიტერატურის თვისებაა: დრო მისთვის არ გადის, - თანმდევია.

KvirisPalitra.Geგთავაზობთ ეკატერინე გაბაშვილის "თინას ლეკურის" ამონარიდს:

"დარბაზის გაღებულ კარებში მრავალი მოსამსახურენი იდგნენ და პირდაღებულნი უცქეროდნენ ბატონების ლხინს და ნადიმს; ამათში ორიოდე გლეხკაცის ჭუჭყიანი მაზარაც მოსჩანდა და მათ შორის დედაკაცებიც მორცხვად გამოიყურებოდნენ. უცებ ამ კარებიდგან წამოვიდა ბებერი თინათინა, ოთახის კუთხეში მიაყუდა თავისი ბერკეტი, იქვე ფლოსტები წაიძრო და მარტო წინდების ამარა ყმაწვილ მოთამაშეს გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს, დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო, სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა, გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი და აღტაცებული ყიჟინი.

თინა კი ამასობაში, ხელებგაშლილი, თავაღებული, ტუჩებმოკუმული, სერიოზულად, ციბრუტივით ტრიალებდა, ძველებურად ბუქნით უვლიდა დავლურს. თავმომწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე გადააწყო და მოღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით, დამჭკნარ, მკვდრისფერად ქცეულ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდის მიაღწია.

ქალებს მეტი სიცილით თვალებიდგან ცრემლები სდიოდათ, კაცების ტაშისკვრით და "ვაშას" ძახილით სახლი ზანზარებდა. მოსამსახურეები შეუნიშნავად ბატონებში აირივნენ და მათთან ერთად ჟივილ-ხიოდნენ.

დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა, ჰაერში დაწყვეტილივით მკლავები გადაიქნია, ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა.

საკრავის ხმა შესწყდა. მოკიჟინე ქალ-ვაჟთ ულმობელი სურათის წინ ბაგე შეეკრათ. მხიარული სახლის პატრონი მთლად დაიბნა.

წამის წინათ ცამდის აწვდილი ბედნიერთა მხიარულება უკიდურეს მდუმარებით შეიცვალა.

იატაკზე გაშეშებული ეგდო სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარის ტანჯვით ჯვარცმული თინათინა და თავის საზარელის შეხედულებით იქ მყოფთა გულში რაღაც სინდისის ქეჯნას იწვევდა.

არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს, რომელსაც სიკვდილი და მხოლოდ სიკვდილი წარმოუდგენს ხოლმე ცოცხლებს და გაახსენებს სოფლის ამაოებას.

- ბები, ბები! მართლა მოკვდი?! პურს ვინღა გვაჭმევს?! - გაისმა ამ საოცარ სიჩუმეში და ბებიის მოლოდინით გაბეზრებული ორი მშიერი ტიტლიკანა, სიცივისაგან გალურჯებული ბალღი შემოვარდა ოთახში და ღრიალით დაეკონა გაცივებულ გვამს."