"საბავშვო კარუსელმა" პატარებს მართლაც გაზაფხული მოუყვანა - კვირის პალიტრა

"საბავშვო კარუსელმა" პატარებს მართლაც გაზაფხული მოუყვანა

მალე ზღაპარიც ახდება - ისინი ფეხზე დადგებიან

ზამთრის ნაცრისფერი დღეა, სუსხიანი, ჩამობურული. ისეთი დღეა, როცა საღამოობით ბავშვები თოვლს ელოდებიან ხოლმე. ბავშვობაში მეც ასე ველოდებოდი, თოვლი კი არ მოდიოდა. დავიძინებდი და ვფიქრობდი, - არა უშავს, გავიღვიძებ და დილით თოვლიც დამხვდება-მეთქი... ის კი არც მეორე დილას მხვდებოდა და გული მწყდებოდა.

ავჭალაში სველ გზას მივუყვები იმ სახლისკენ, სადაც 10 ბავშვი სანატორიუმ "გაზაფხულის" ერთ პალატაში ცხოვრობს და ვფიქრობ, - იქნებ თოვლი იმიტომაც არ მოდის, რომ ლუკას, გაგას, რემის, მამუკას, ოთოს, ანის, მარის, ქეთის, გიორგისა და ბექას წელს თოვლში საკუთარი ფეხით გასვლა და თამაში არ შეუძლიათ-მეთქი.

მათ დაავადებას პერტესი ჰქვია: ეს იმას ნიშნავს, როცა სახსრის თავის ძვალი იშლება და ბავშვები ძალიან დიდხანს, ზოგჯერ წლობითაც, უნდა იწვნენ, რომ ძვალი გამრთელდეს და გამო ჯანმრთელდნენ.

KvirisPalitra.Geამ ბავშვებს ძალიან კარგი ექიმები და მომვლელები ჰყავთ, - მათ საწოლთან ღამეებს რომ ათენებენ, როცა სჭირდებათ, ყავარჯნად შეუდგებიან ხოლმე.

აი მივედი. ფეხდაფეხ მომყვა ჟურნალი "საბავშვო კარუსელიც". ეს ჟურნალი პატარებს განსაკუთრებით უყვართ. სანატორიუმში "საბავშვო კარუსელი" ადრეც სტუმრობდა და სწორედ მაშინ შეიტყვეს, ლუკას, გაგას, რემის, მამუკას, ოთოს, ანის... რა წიგნების წაკითხვა უნდოდათ.. შემეშალა - ანის მხოლოდ "საბავშვო კარუსელი" უნდოდა, რადგან სულ ხუთი წლის არის და ხატვა უფრო ეხერხება. მოკლედ, მივედით: ღუმელი გიზგიზებს, ფანჯრებს ყინვა ჭირხლად მოსდებია. ჯერ ლუკა გვიღიმის, მერე გაგა, რემი, მამუკა, ოთო, ანი, მარი, ქეთი, გიორგი და ბექა. ყველას ღიმილი ერთ სითბოდ იკვრება და გულს გვითბობს...

- შენ ეს წიგნი გინდოდა, ლუკა?

- ჰო! - თავს აქნევს პატარა.

- გაგიხარდა, რომ მოგიტანეს?

- ძალიან!

- ახლა რას იზამ?

- წავიკითხავ! - აღტაცებით ამბობს, - "საბავშვო კარუსელსაც" წავიკითხავ, ნახატებს გავაფერადებ.

- დიდი ხანია, "საბავშვო კარუსელს" კითხულობ?

- ჰო, "საბავშვო კარუსელში" ჩვენი ნახატებიც დაიბეჭდა. არ იცოდით?! - უკვირთ გულწრფელად. ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, მაგრამ ხომ უნდა გამეკვირვებინა! ხატვით კი მართლაც კარგად ხატავენ, თანაც ხატვაში დღეც სწრაფად გადის.

KvirisPalitra.Ge- იცით, "საბავშვო კარუსელმა" რომ დაბეჭდა ჩვენი ბავშვების ნახატები, მერე კიდევ უფრო მოინდომეს, რომ კარგად ეხატათ, - ამბობს ქალბატონი რუსიკო, ის ერთ-ერთის დედაა: - ალბათ "საბავშვო კარუსელმა" არც იცის, როგორი მადლობელი ვართ მისი. როცა რედაქციაში მივედით, მაშინვე წამოგვყვნენ ბავშვებთან.

ჟურნალებიც გვაჩუქეს, ახლა კიდევ "პალიტრა ლ"-ის წიგნები და ახალი ჟურნალები მოგვიტანეს. ჩვენს ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერს ჩაჰკირკიტებენ - ზღაპრებს, რებუსებს, ტესტებს.

ნამდვილად ვიცი, ბავშვობიდან ყოველთვის კარგი უფრო გახსენდება, ვიდრე ცუდი. ისიც ვიცი, როცა გავა დრო და ლუკა, გაგა, რემი, მამუკა, ოთო, ანი, მარი, ქეთი, გიორგი და ბექა ფეხზე დადგებიან, ყოველთვის ტკბილად გაიხსენებენ იმას, რომ "საბავშვო კარუსელმა" მათ მშვენიერი დღე აჩუქა.

...მეც ხომ ბავშვობიდან უფრო ტკბილი მახსოვს, ვიდრე მწარე - წამოსვლისას კიდევ ერთხელ ვიმეორებ გულში და ბავშვობის დროინდელი წიგნების სურნელი ცხვირზე "მედება". ახლა კი უკვე დიდი ვარ, მაგრამ მაშინ ასეთი კარგი წიგნები რომ ეჩუქებინათ, ძალიან გამიხარდებოდა!

მათაც უხარიათ. ყველაზე პატარა ანიც კი თვალებგაბრწყინებული ფურცლავს "საბავშვო კარუსელის" ზღაპარს - ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო და... ზღაპარში ყველაფერი კეთილად მთავრდება...

ახლაც ასე დამთავრდება...