"ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რთული პერიოდი დამეწყო, მეგობრებიც დავკარგე" - კვირის პალიტრა

"ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რთული პერიოდი დამეწყო, მეგობრებიც დავკარგე"

"14 წლის ვიყავი პირველად რომ მომიტაცეს... მანქანაში ძალით რომ ჩამსვეს, ფეხიც კი მოვიტეხე"

"დღეს მე რომ ცოცხალი ვარ, ეს დედაჩემის, ჩემი შვილის და კულინარიის დამსახურებაა", - ამბობს "მასტერშეფის" მონაწილე ნინიკო ღამბაშიძე. ის ჟიურის გაოცებას ხშირად ახერხებს, მე კი გაოცებული დავრჩი მისი მონათხრობით. ადამიანი, რომელიც არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი, დღეს ამ თემაზე ღიად პირველად ლაპარაკობს, რათა იქცეს სტიმულად მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა ახლა აქვს. დღეს თავად ზრუნავს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე და მათ "გემრიელობებითაც" ხშირად ანებივრებს.

- როგორც ვიცი, კულინარიით თქვენს დაინტერესებაში, ყველაზე დიდი წვლილი ბებიას მიუძღვის.

- ნამდვილად ასეა. კულინარიით ჩემი გატაცება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. მშობლები დროის დიდ ნაწილს სამსახურებში ატარებდნენ. ბებიამ გამზარდა. 4 წლის ვიყავი, პატარა წინასაფარი რომ შემიკერა. იმ წინასფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას დღემდე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს. ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევამაც კი საოცრად დამაინტერესა. მაშინ პროდუქტებს ვხატავდი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს. ეს ჩანაწერებიც დღემდე შემონახული მაქვს.

- ასეთი ინტერესის მიუხედავად, ეს საქმე პროფესიად რატომ არ აქციეთ?

- ჯანმრთელობამ და პირადმა ცხოვრებამ ხელი არ შემიწყო, რომ მესწავლა, არადა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ჩემი კულინარიული შესაძლებლობები მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ. ჩემს ცხოვრებაში, რთული პერიოდი 14 წლის ასაკიდან დაიწყო.

- რას გულისხმობთ? - 90-იან წლებში, ძალადობის მსხვერპლი 4-ჯერ ვიყავი. არის რაღაც სიტყვები, რომელიც არ მინდა ვთქვა. დღემდე შიშები მაქვს.

- 4-ჯერ ერთმა და იმავე ადამიანმა მოგიტაცათ? - არა. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. სკოლაც ვერ დავასრულე, ღამის სკოლაში გადავედი, გარეთ გასვლის მეშინოდა, ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ გავთხოვდი და მალე ქმარი გარდამეცვალა.

- თუ შეიძლება გკითხავთ, პირველად რომ გაგიტაცეს, რამდენი წლის იყავით? მესმის, რთული იქნება გასახსენებლად, მაგრამ იქნებ შეძლოთ. - 14 წლის ვიყავი, ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია. არც ერთ ინტერვიუში ყურადღება არ გამიმახვილებია. მერე წლების განმავლობაში ვმკურნალობდი, წამლებზე ვიყავი დამოკიდებული, გარეთ ვერ გავდიოდი. ისეთ დონეზე ვიყავი, ლამის ფსიქიატრიულში მოვხვდი. პირველად ქუჩიდან გამიტაცეს, სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, დიდი შოკი იყო, მანქანაში ძალით რომ ჩამსვეს, ფეხიც კი მოვიტეხე.

- იმ ადამიანს იცნობდით? - მას ვიცნობდი, მაგრამ ვინც ახლდნენ, მათ - არა. მშობლები მეძებდნენ, მიპოვეს და უკან დამაბრუნეს. განსაკუთრებით მძიმე ჩემი მეორე გატაცება იყო - სახლიდან გამიტაცეს.

- სახლიდან როგორ?

- დილა იყო, მოვიდნენ და ბებია მოატყუეს, თითქოს მამაჩემს რაღაც ჰქონდა გამოტანებული და უნდა დაეტოვებინათ. კარი გაუღო. შემოვარდნენ ჩემს საძინებელში, ხელში ამიყვანეს, პიჟამო და წინდები მეცვა. მანქანაში ჩამსვეს და გამიტაცეს. შიშისგან ხმა საერთოდ ვერ ამოვიღე; ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. ერთი კადრი დღემდე მახსოვს და მზარავს, მანქანაში რომ ჩამტენეს, ამ მანქანას ბებია და ჩემი ძმა როგორ მოსდევდნენ. ჩემი ძმა მაშინ 6-7 წლის იყო. ვერც ვყვიროდი, შოკი მქონდა. 2 დღე ჩაკეტილი ვყავდი, დღემდე არ ვიცი, სად ვიყავი. 17 დეკემბერი გახლდათ, ბარბარობა დღე.

- ქუჩაში რომ გაგიყვანეს, თქვენი დახმარება არავის უცდია?

- არა, მაშინ ქუჩაში ხალხი იარაღით დარბოდა, ყველა საკუთარ თავს უფრთხილდებოდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, ეშინოდათ.

- 2 დღის შემდეგ რა მოხდა? - ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში მშობლები მეძებდნენ. მივხვდი, ჩემი საშველი აღარ იყო, ვერ მიპოვეს. ამ ბიჭს მოვატყუე, ცოლად გამოგყვები-მეთქი. თავის სახლში მიმიყვანა, მის ბებიას ტელეფონის ნომერი მივეცი და ვთხოვე, ჩემებთან დაერეკა, ეს ამბავი ეთქვა. ის ქალბატონი დამეხმარა, მან გადამარჩინა.

ამის შემდეგ მესამედაც გამიტაცეს, ისევ ზამთარი იყო, ლენინგორის მხარეს წამიყვანეს, იქაც 2 დღე ჩაკეტილი ვიყავი. როდესაც მიხვდნენ, ასე ვერაფერს მიაღწევდნენ, დამაბრუნეს. მეოთხედაც ქუჩიდან გამიტაცეს. უკვე რამდენი წელი გავიდა და შიშები ვერ მოვიშორე. როცა უკნიდან ვიღაც მიახლოვდება, სულ მგონია, რომ მოძალადეა. სადარბაზოში შესვლისას, შიშის განცდა მეუფლება.

- საქმეში სამართალდამცავების ჩარევა არასდროს გიცდიათ?

- აზრი არ ჰქონდა, ყველა ერთმანეთს ხელს აფარებდა. ისეთი გავლენიანი არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა. მამა საქართველოში აღარ იმყოფებოდა. დედა და ბებია მარტო ვერაფერს გახდებოდნენ.

- ახლა თქვენს სიყვარულზე მიამბეთ - ბიჭზე, რომელიც თქვენი მეუღლე გახდა. - ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა. ქართულ ცეკვებს ვასრულებდი, ირაკლი "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო. საერთო ინტერესმა ჩვენ ძალიან მარტივად დაგვამეგობრა. პატარა ვიყავი და შეიძლება ასაკმაც შემიწყო ხელი, დაოჯახების გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე მალე გარდაიცვალა, მაშინ ჩვენი ნიკუშა პირველ კლასში იყო. მე 27 წლის ვიყავი, ირაკლი 5 წლით უფროსი გახლდათ.

- მისი გარდაცვალების მიზეზი რა იყო? - ავტოკატასტროფა. საჭეს თავად მართავდა, მარტო იყო, ხეს შეეჯახა. ამ ამბიდან მალე ბებიაც გარდამეცვალა - ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.

- და თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი თავიდან დაიწყო? - ასე მოხდა. 18 წლამდე ბებიასთან ვიწექი, სულ მისი სუნი მენატრებოდა. მეუღლესთან რომ ვიყავი, მაშინაც ბებოზე ვფიქრობდი და მივხვდი, ოჯახის შესაქმნელად ძალიან პატარა ვიყავი. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რთული პერიოდი დამეწყო, მეგობრებიც დავკარგე. ჩავიკეტე, ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა.

- მეგობრები რატომ დაკარგეთ?

- არ მინდოდა, ჩემი ცუდი განწყობა ვინმესთვის თავს მომეხვია; არ მინდოდა ვინმე შემეწუხებინა, ვინმესთვის დისკომფორტი შემექმნა, მე მათ ვუფრთხილდებოდი, მაგრამ გვერდიდან სხვაგვარად ჩანდა. ეგონათ, მათთან არ მინდოდა. ეს ჩაკეტილობა ძალიან ბევრი წელი გაგრძელდა. ისევ დამჭირდა ფსიქოლოგის ჩარევა, წამლები.

- მდგომარეობიდან გამოსვლაში ყველაზე მეტად, ვინ ან რა დაგეხმარათ?

- დღეს მე რომ ცოცხალი ვარ, ეს არის დედაჩემის, ჩემი შვილისა და კულინარიის დამსახურება. ორგანულად არაფერი მაწუხებდა, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. დედას სულ მოჰქონდა კულინარიული ჟურნალი ან წიგნი. კულინარია ერთგვარი თერაპია იყო... შვილთან ურთიერთობა მებედნიერებდა. ახლა იმ დღეებს რომ ვიხსენებ, მეტირება. დიდი ბედნიერებაა, როცა იპოვი საქმეს, რომელიც შენთვის განტვირთვაა.

- მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ თავად მუშაობთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან, მათი უმრავლესობა ძალადობის მსხვერპლია. - ვნატრობდი, ისეთი სამსახური მეშოვა, სხვების დახმარების შესაძლებლობა მქონოდა. 13 წელია, "სოს ბავშვთა სოფელი საქართველოში" ვარ დასაქმებული. ძალიან ბევრი ბავშვი ისევ ძალადობის მსხვერპლია, ზოგიერთის შემთხვევაში, მშობლები მათზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ. მე ამ ბავშვების ამბებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ვწერ. მათი ფსიქოლოგიც ვარ და მეგობარიც, მხარში ვუდგავარ. ბედნიერი ვარ, რომ სიკეთის კეთების შესაძლებლობა მაქვს. ბავშვების ამბებს ვერ გავთქვამ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ მერწმუნეთ, საოცარი ამბები მაქვს მოსმენილი.

- უმეტეს შემთხვევაში, პრობლემა რაში მდგომარეობს?

- მამა არის სასმელზე დამოკიდებული, დედა - ნარკოტიკზე. ზოგიერთზე მშობლები ფსიქოლოგიურად ძალადობენ, აიძულებენ ქუჩაში გავიდნენ და ფული იშოვონ, მერე იმ ფულით ალკოჰოლი რომ შეიძინონ. არიან მშობლები, რომლებიც ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ კვებით, ჩაცმით, განათლებით... დღეს ჩვენთან 45 მოზარდია. ადრე 80-მდე ბავშვი გვყავდა. ოჯახების გაძლიერების პროექტი გვაქვს. ოჯახების გაძლიერებას სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ. მშობლებს პროფესიული კურსები გავატარეთ, დავასაქმეთ და როცა წელში გაიმართნენ, ბავშვები ჩვენგან გაიყვანეს. ამ მეთოდმა, მიდგომამ გაამართლა.

- "მასტერშეფში" ამ ბავშვების რჩევით და თხოვნით მიხვედით. მათ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები კარგად იციან? - დიახ. კვირა არ გავა, რამე "გემრიელობა" არ მივართვა, უკვე შეკვეთებსაც მაძლევენ (იცინის) და მეც ვანებივრებ. ამ პროექტში ჩართვას ძალიან მთხოვდა ჩემი შვილიც. ვერ ვრისკავდი, რადგან ვიცოდი, დიდ სტრესთან იყო კავშირში. მეშინოდა, დაძაბულ რეჟიმს გავუძლებდი? ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. აღმოვაჩინე, იმაზე მეტი შემძლებია, ვიდრე მეგონა. ცამდე ბედნიერი გახლავართ.

- ნიკუშა, როცა მაყურებლის თვალით გიყურებთ, რას გეუბნებათ?

- ძალიან გახარებულია, უკვე 23 წლისაა, ერთად გავიზარდეთ. ის ჩემი კრიტიკოსი და საუკეთესო მრჩეველია. მეუბნება, რა ჩავიცვა და მეც ვითვალისწინებ. სახლიდან არ გავდივარ, რომ არ დავენახვო და არ ვკითხო, - "დე, ეს მოგწონს?"

- გამორჩეულად რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ? - ქართული. აზიური და ევროპული კერძების მომზადებაც ვიცი, მაგრამ მეგრული და იმერული სამზარეულო ჩემთვის ყველასგან გამორჩეულია. პატარა რომ ვიყავი, ბებიას სოფელში მივყავდი, კეცზე წვავდა წიწილას და აკეთებდა შქმერულს. მჭადს აცხობდა კაკლის ფოთოლით, ეს იყო საოცრება. მეგრული ხაჭაპური და ხარჩოც გამორჩეულად მიყვარს.

- დღეს ბებიას ამ შოუში რომ ენახეთ, რას გეტყოდათ?

- არ ვიცი, რას მეტყოდა, მაგრამ ვიცი, ძალიან გახარებული იქნებოდა. მისი სიყვარული ძალას მმატებდა და დღესაც მმატებს.

- "მასტერშეფის" ჟიურიზე რას გვეტყვით? - ყველაზე მეტად ლევან კობიაშვილის შეფასებას ველოდები. მან ქართული სამზარეულო კარგად იცის და როცა ჩემკენ მოდის, გული მიჩქარდება. ლუკასი მეშინია, საოცარი გაკრიტიკება იცის. ისინი პროფესიონალები არიან, მათთან ურთიერთობა განვითარებს, ბევრ რამეს სწავლობ. მართალია, სტრესიც ახლავს, მაგრამ აზარტი იმდენად დიდი დოზითაა, სტრესი გადაფარულია.

- გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი სამომავლო გეგმა როგორია? - ძალიან მინდა მქონდეს პატარა ვინტაჟური კაფე, სადაც გაიმართება სალონური შეხვედრები. იქნება ქართული სამზარეულო თანამედროვე ელემენტებით და ღვინის არაერთი სახეობა. ჩემს გამარჯვებას მეუღლის ხსოვნას მივუძღვნი. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. ისე მაქებდა და ისეთ მოტივაციას მაძლევდა, მისი ხმა ახლაც ჩამესმის.

- დიდი მადლობა გულახდილობისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

- მადლობა თქვენ! მინდა, ჩემი მაგალითით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც რთული ცხოვრება აქვს, ვისზეც შესაძლოა ახლაც ძალადობენ, იმედი მივცე და ვუთხრა, არ დანებდნენ. აუცილებელია, ჰქონდეთ ინტერესი. არაფერი გვიანი არ არის. მათ გავუზიარე ჩემი გამოცდილება, მთავარია შეძლონ და იპოვონ ძალა საკუთარ თავში, მერე ყველაფერი კარგად იქნება. (წყარო)

თამუნა კვინიკაძე