ზაზა პაპუაშვილი: "მე გეკითხებით - უდანაშაულობის პრეზუმფცია სად არის?!" - კვირის პალიტრა

ზაზა პაპუაშვილი: "მე გეკითხებით - უდანაშაულობის პრეზუმფცია სად არის?!"

"ჟურნალისტის მოვალეობა ის არის, პრობლემა არ მიიჩქმალოს და სიმართლე არ დაიმალოს, მაგრამ როცა ის თავის პროფესიას ტოვებს და ყველა ნორმას არღვევს, ეს საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს"

ქუჩური გარჩევები, დაუნდობლობა და აგრესია - ეს მახინჯი მოვლენები ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. რა ხდება საქართველოში? - ამის თაობაზე მსახიობსა და პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილს ვესაუბრეთ:

- ამ ყველაფერს მეც გულისტკივილით ვადევნებ თვალს. ის, რაც საქართველოში ხდება, საგანგაშოა. როგორ არ უნდა განიცადო, როცა გესმის, რომ ქმარმა ცოლი მოკლა, შვილმა დედას ნაჯახი ჩაარტყა, შვილიშვილმა ბებია ან ბაბუა დახოცა, ხოლო შვილმა მამა გამოასალმა სიცოცხლეს...

- რა არის ამ აგრესიის საფუძველი? - ბოლო წლებში ჩვენს საზოგადოებაში ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. ძალადობა და დაპირისპირება ჩემი თაობის ახალგაზრდებს შორისაც ხდებოდა, მაგრამ ამ დოზით, არა. სიტყვის თავისუფლებაც მომწონს და გამოხატვის თავისუფლებაც, მაგრამ ჩვენთან ამან სულ სხვა სახე მიიღო: თავისუფლება ბევრს უზრდელობა და თავხედობა ჰგონია. შეგახსენებთ უახლოეს წარსულს, როცა პარლამენტიდან დეპუტატები გამოდიოდნენ და ახალგაზრდები ყველას საშინელ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სასტვენებით მისდევდნენ და "მონებს" ეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების ბიოგრაფია და წარსული არ იცოდნენ. ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ხდებოდა.

ადამიანები, რომლებიც კრიმინალები არიან, პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს ეფარებიან. როგორ შეიძლება მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანას 50 მილიონი მოჰპარა, კვლავ პოლიტიკაში იყოს?! ამას ახალგაზრდები რომ ხედავენ, თვითონაც ძალადობისკენ უჩნდებათ მიდრეკილება.

მოდაში შემოვიდა ოჯახის დანგრევა, შვილების მარტო გაზრდა, მოვალეობებზე უარის თქმა. ბავშვმა პირველად ოჯახში უნდა ისწავლოს, რას ნიშნავს ერთგულება, ოჯახიშვილობა, წინაპრების პატივისცემა - მეშინია, რომ ჩვენ ამას ვკარგავთ.

- ბოლო თვეებში მომხდარ ფაქტებს შორის ყველაზე შემზარავი გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია იყო. როგორ ფიქრობთ, გამოიძიებენ ამ დანაშაულს? - ჩემი აზრით, ეს საქმე პროფესიონალებს უნდა მივანდოთ. არ მესმის იმ ფსევდოჟურნალისტებისა, რომლებიც სამართლიანობის ეგიდით ვითომ გამოძიებას აწარმოებენ.

არ მესმის, როგორ დასწამეს ცილი მირიან ნიკოლაძეს - შაქარაშვილის ბიძას, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მოთმინებით იტანს ყველაფერს.

როგორ შეიძლება ასეთ პიროვნებაზე თქვა, მხოლოდ კარიერული წინსვლა აინტერესებსო? ის ძალიან განათლებული, წესიერი, გაწონასწორებული კაცია. ბავშვის დედა, მამა და ოჯახი გვთხოვს, დაგვანებეთ თავიო და მაინც არ ასვენებენ! მომხდარი უბედურების გამო ყველა ძალიან ვნერვიულობთ, ყველა ეჭვის ქვეშაა და ძიება მიმდინარეობს. ამ საქმეში ისედაც ბევრი ბუნდოვანება და სირთულეა, ამიტომ სატელევიზიო "გამოძიებებს" კი არ უნდა დავეყრდნოთ, ოფიციალურ ვერსიას დაველოდოთ და ჭირისუფალთან ერთად ნამდვილი სურათი მივიღოთ. ჟურნალისტის მოვალეობა ის არის, პრობლემა არ მიიჩქმალოს და სიმართლე არ დაიმალოს, მაგრამ როცა ის თავის პროფესიას ტოვებს და ყველა ნორმას არღვევს, ეს საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს. ჟურნალისტს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის და ცდილობს არც ერთი ადამიანის ღირსება არ შეილახოს, ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ როცა ადამიანი არაკომპეტენტურია და ისეთ სფეროში ერევა, სადაც კრიმინალისტიკისა და გამოძიების წესების დაცვაა საჭირო, ეს არ მესმის. მგონია, რომ ეს ხალხი აჟიოტაჟს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ქმნის. ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა და პოლიტიკურ შეკვეთაზე ან რეიტინგზე გამოდევნება.

- თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ოფიციალურ სტრუქტურებს არ ენდობა და ჟურნალისტები კარგად მოიქცნენ, დამოუკიდებელი გამოძიება რომ დაიწყეს...

- კი მაგრამ, უდანაშაულობის პრეზუმფციას რა ვუყოთ? ასე შეიძლება სულ უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს!

ტელევიზიას დიდი ძალა აქვს, ის ყველა ოჯახში შედის და ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ თითოეული ბრალდებულის უკან მისი ოჯახი, შვილები, მშობლები და ნათესავები დგანან? მე გულისტკივილით ვაკვირდები, როგორ უვარდებიან ხალხს ოჯახში, მექორწილეს ქორწილს არ აცლიან, ჭირისუფალს - პანაშვიდს... ადამიანს ეკითხებიან, რატომ არის ბედნიერი, რატომაა სახლში ან რატომ ზის რესტორანში - ეს არის ჟურნალისტიკა? ბოლოს, ალბათ, საძინებლებშიც შეცვივდებიან და ცოლ-ქმარს ერთად დაწოლას აუკრძალავენ.

ახლა მოდაში თავხედობა შემოვიდა. როგორც კი მათი აზრი ვიღაცისას არ ემთხვევა, ლამის მიწასთან გაასწორონ - ეს არ არის ძალადობა? ამის გამო გაილანძღა ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოცხალი ლეგენდაა და თავის პროფესიაში სასწაულებს სჩადის. ახლა თორნიკე შენგელია გახდა ამ ვაიჟურნალისტების საკბილო იმის გამო, რომ კარიერის გაგრძელება მოსკოვში გადაწყვიტა. ის საუკეთესო სპორტსმენია, ღმერთმა გამორჩეული ნიჭი მისცა, ხომ უნდა განვითარდეს და უფრო მეტს მიაღწიოს?

გალანძღეს და დაამცირეს მეცნიერები, ხელოვანები, სპორტსმენები, წესიერი, ერთგული ადამიანები - ეს უბედურება ოდესმე ხომ უნდა გადავლახოთ? წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესია ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება და წონასწორობას ვეღარ დავიცავთ.

- საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ პირებს მაღალჩინოსნები მფარველობენ... - ჩემი მოსაზრება ასეთია: თუ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს, ეს ცილისწამებაა და სხვა არაფერი. ცილისწამებას რა შედეგი მოაქვს, ჩემზე უკეთ იცით. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი ტელეეთერიდან ისმის ტყუილი, დამცირება, ადამიანებს უგინებენ მეგობარს, მეუღლეს, ოჯახს... ეს ყველაფერი რაღაცით 1937 წელს, საბჭოთა რეპრესიებს მაგონებს. ამტკიცებენ, მამამ შვილი გაყიდა და მკვლელებს ხელს აფარებსო, როგორ, ეს არ არის ბულინგი და ძალადობა? ეს არ არის ფაშიზმი?! ასე ხომ შეიძლება ადამიანი მოკლა?! ანონიმკების ავტორები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ - წესიერ ხალხს სახელს უტეხდნენ, ჩირქს სცხებდნენ. უეცრად ტალახს გესვრიან და რამდენიმე დღეში მთელი ქვეყნისთვის მიუღებელი ხდები! მე კიდევ ერთხელ გეკითხებით - უდანაშაულობის პრეზუმფცია სად არის?

ხომ არ შეიძლება დილეტანტური "მეთოდებით" დაასკვნა, ვინ არის დამნაშავე? სატელევიზიო ეთერით აცხადებენ სახელს და გვარს, იმან ჩაიდინაო, მაშინ, როცა არც ერთ ექსპერტიზას ეს არ დაუმტკიცებია, არავის უხსენებია. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასე ვიღაც ოჯახს ბომბს ესვრიან?! არ ენდობიან უცხოელ ელჩებს, არ ენდობიან არავის, ვინც მათ ჭკუაზე არ გაივლის, ყველა რუსეთის აგენტი ჰგონიათ და თვითონ ვისი აგენტები არიან, კაცმა არ იცის. აბა, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია? ვინ აწვდის?

ძალიან მეშინია რაღაც გამოუსწორებელი არ მოხდეს და მკვლელის ნაცვლად უდანაშაულო კაცი არ დაისაჯოს! როგორც ნიკო გომელაური ამბობდა, "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა" - არ მინდა მისი სიტყვები კიდევ ერთხელ ასრულდეს.

ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტებიც ყოფილა. იყო დრო, როცა ქართველი თავადები ბავშვებს იტაცებდნენ და ყიდდნენ, მაგრამ სიმახინჯე ნორმად არასოდეს ქცეულა. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ცდილობდნენ შავისთვის თეთრი არ დაერქმიათ და ეს ტრადიცია 21-ე საუკუნის საქართველოშიც უნდა გავაგრძელოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე