ჯანო იზორია: "ამას არც უბნური ჰქვია, არც - ძველბიჭური, არც - ადამიანური. ამისთანებს სახელი არა აქვთ" - კვირის პალიტრა

ჯანო იზორია: "ამას არც უბნური ჰქვია, არც - ძველბიჭური, არც - ადამიანური. ამისთანებს სახელი არა აქვთ"

"ალბათ, წარსულმა რაღაც კვალი დატოვა, არადა, ასეთი საშინელება როგორ უნდა ჩაიდინო ადამიანმა?! აფხაზეთი ვახსენეთ... მტერს დაუნდვია ჩვენიანი და ჩვენებსაც - მოწინააღმდეგე... საოცარი ისტორიები არსებობს... აქ რა გვემართება?!"

ფოთში გატარებული პანდემიის დღეების შემდეგ ჯანო იზორია რამდენიმე დღეა თბილისშია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "კვირის პალიტრისთვის" დრო არ დანანებია. ამჯერად მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს შევეხეთ და ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა.

- პანდემიამ ბევრის გეგმები შეცვალა. თქვენ როგორ ეგუებით ახალ ვითარებას?

- მომავალი გეგმები ყველას გვქონდა და შეგვეცვალა... ჩემი გეგმები ისევ რჩება პერსპექტივაში. მჯერა, რომ ცოტა ხანში ყველაფერი დამთავრდება და ის ჩვენი გეგმებიც განხორციელდება...

14 ივლისს სოხუმის თეატრმა ვაკის პარკში თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლი "იაკიში და პუპჩე" ვითამაშეთ, 5 აგვისტოს კი ამავე სცენაზე წარვდგებით ფოთის თეატრის სპექტაკლით "ხრამუნა". მომენატრა სცენა და ამ ორი სპექტაკლის ამბავი ძალიან მახარებს. კიდევ ერთ კინოროლზე ვარ დამტკიცებული, თუმცა წინასწარ ლაპარაკისგან თავს შევიკავებ.

- ეკონომიკური მდგომარეობა როგორი გაქვთ მსახიობებს?

- სახელმწიფო თეატრში ჯამაგირზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ცოტა არ იყოს, უხერხულია, როცა ჯამაგირი გეძლევა და შენს საქმეს ვერ აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის ჯამაგირი ორი კაპიკია. ამ ქვეყანაში მსახიობები ბოლოს ახსოვთ ხოლმე... ზოგჯერ ჯამაგირს რაღაც პროექტები ემატებოდა და შედეგად - კაპიკიც კაპიკს, თუმცა ესეც ზღვაში წვეთია. გულისტკივილით ვამბობ - დამოუკიდებელ თეატრებს, სადაც ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, სახელმწიფო დაფინანსება არა აქვთ და მათ ჯამაგირიც არ ერიცხებოდათ. ჩვენი პროფესია მონადირის ცხოვრებასავითაა. წინასწარ ვერ დაგეგმავ - რაღაც უნდა მოხდეს, გაგიმართლოს, ვიღაცამ დაგიძახოს პროექტში...

- ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს, მიწას, პანდემიამ ისიც დაგვანახა, რომ სოფლის მეურნეობაში ბევრია გასაკეთებელი... - ქვეყანაში რომ რაღაცები ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა, სამწუხაროა.

ღმერთმა დაგვიფაროს, ძველი დრო, კომუნიზმი არავის სჭირდება, მაგრამ მეურნეობა განვითარებული იყო. მე 80-იანელი ვარ და მახსოვს, ჩაის პლანტაციები იყო, აფხაზეთში ციტრუსებიც მახსოვს, ფეიხოაც, საოცარი ტროპიკული ხილის პლანტაციებიც... პანდემიამ თითქოს ქართველებს ხელმეორედ აღმოგვაჩენინა მიწა და სოფელი. მაინცდამაინც პანდემია უნდა იყოს და რაღაც უნდა დაგვემართოს, ეს ყველაფერი რომ აღმოვაჩინოთ?!

რატომ უნდა შემოიტანო მეზობელი სახელმწიფოებიდან "პლასტმასის" კიტრი, როცა შეიძლება შენს ქვეყანაში უკეთესი მოიყვანო?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა გორში სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი "ნაკლეიკიანი" ვაშლი იყიდება. როგორ შეიძლება ქართლში სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ ხილს ან ბოსტნეულს ყიდდე?!

პანდემიამ ადამიანებს რაღაც გზები დაანახა, მაგრამ მანამდე სად იყავი, შე ოჯახაშენებულო, ახლა რომ აღმოაჩინე, წინაპრების ნასახლარზე რა კარგი საბოსტნე მქონიაო...

ნეტავ სოფელი მქონდეს, ის, რომელიც ომმა და უბედურებამ წამართვა და მე ვიცი, რასაც ვიზამდი და სადაც ვიქნებოდი... აAმას წინათ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ქართულ ოჯახზე, რომელსაც მოჰყავს ქისი და ღვინოს აწარმოებს. დავინახე საოცარი ურთიერთობა ღმერთს, ადამიანსა და მიწას შორის. მთელი ფილოსოფიაა ეს. ნეტავ იმას, ვისაც ამის შეგრძნების ბედნიერება აქვს...

- იმ სოფელზე მიამბეთ, რომელსაც ნატრობთ...

- ეს აფხაზეთის განაპირა სოფელია, გალის რაიონი, ოტობაია... ილიკო სუხიშვილმა და ლეგენდარულმა ანსამბლმა "სუხიშვილებმა" ცეკვა დადგეს სახელწოდებით "ოტობაია". ჩემი სოფლის ადამიანებმა რომ გაიგეს, ალბათ, 50 წლის სიცოცხლე მოემატათ სიხარულისგან. ეს ვიცი, რადგან ჩემი მშობლები ახლა იქ არიან. აფხაზეთში სოფლებს სახელები გადაერქვა, ოტობაიას ხაშთა დაარქვეს, მაგრამ იქაურები ისევ ოტობაიას ეძახიან. "სუხიშვილებმა" ამ ცეკვით ამ სოფლის სახელი სამარადჟამოდ შემოუნახეს ისტორიას.

- ოტობაიაში გატარებულ დღეებზე მომიყევით... - დედაც და მამაც აფხაზეთიდან არიან. გალში დავიბადე. ფოთიდან ზაფხულობით, არდადეგებზე მივდიოდით აფხაზეთში. დედა ოტობაიის გვერდით, ზღვისპირა სოფელ ფიჩორიდან არის. მამიდებიც, ბებიაჩემის დებიც ფოთში იყვნენ გათხოვილი, ამიტომ ჩვენთვის ეს ორი მხარე განურჩეველია. დაბადების დღეები, აკვანი, მილოცვა - ყველაფერი იქ აღინიშნა, ოტობაიაში, იმ სახლში, სადაც ახლა დედაჩემი და მამაჩემი არიან. ეს სოფელი არის ქართული საზღვრის პირას, იქ, სადაც ენგურის პირას ზურაბ სოტკილავას სოფელია, მეორე ოტობაია. იქაურია ნატო მესხია, ცნობილი ნეიროქირურგი... ომის მერე ბებიები დარჩნენ, არც წამოსულან. ბაბუები ადრე გარდაიცვალნენ - ერთი მშვიდობის დროს, 62 წლისა, დედის მამა კი დარდმა მოკლა. ისე უვლიდა თავის ეზოს, ისეთი ოაზისი ჰქონდა გაშენებული და როცა დაინახა, რომ ეზოს უდიერად ექცეოდნენ, ყველაფერს სპობდნენ, გულმა ვერ გაუძლო, ლოგინად ჩავარდა... ბებიები კი შერჩნენ იქაურობას. მათზე შეიძლება წიგნი დაწერო ადამიანმა...

თავიდან რომ შემოვიდნენ სოფლებში, საშინელება ხდებოდა - ყველას ხოცავდნენ, სახლებს ძარცვავდნენ, მერე ცეცხლს უკიდებდნენ და მიდიოდნენ. ცეცხლის გაღვივებას დრო ხომ უნდოდა! ისინი გადიოდნენ თუ არა ეზოდან, იქვე ჩამალული ბებიაჩემი და სხვა ბებიები გამოდიოდნენ ცეცხლის ჩასაქრობად და ერთმანეთის მიყოლებით მდგარ სახლებს გადაწვისგან იხსნიდნენ. გარდა ამისა, ტყვეობაში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებოდნენ.

- როგორ? - შეეძლოთ დამტყვევებლისთვის არაყი და საჭმელი გაეტანათ, ხან მოჰფერებოდნენ, დაეყვავებინათ... მოხუცები ტყეში იკრიბებოდნენ და მალულად გეგმავდნენ, რა შეიძლებოდა ეღონათ. არ დამავიწყდება, როცა ბებო გარდამეცვალა, მაშინ გადავედით ენგურს გაღმა მე და ჩემი ძმა. სულ სველები ვიყავით. პირდაპირ პანაშვიდზე მივედით და მთელი კვირა დავრჩით. პანაშვიდზე მოვიდა ბებიას, გოგოლა ქობალიას მეგობარი ქალი, მისი თანატოლი, რომელმაც საოცრად დაიტირა... მეორე ბებია ლუარა კორკელია, მამის დედა, ომის პერიოდში ოტობაიაში მარტო იყო. აფხაზეთი შემოდგომაზე დაიკარგა, არადა, ის წელი უხვმოსავლიანი იყო და ყველაფერი იქ ჩარჩა. მამაჩემმა მე და ჩემს ძმას მოგვკიდა ხელი და ენგურით გადავედით.

ბBინდდებოდა, სოფელში რომ შევედით. ბინდი უფრო ამკვეთრებდა დამწვარი სახლების ჩონჩხებს. კვამლი ასდიოდა ყველაფერს... გაწვიმდა... არ დამავიწყდება, ერთ ჭიშკართან ძროხა იდგა, ამონაცრულ ნასახლარს მისჩერებოდა უზარმაზარი სევდიანი თვალებით და უპატრონოდ დარჩენილ ეზო-კარში პატრონს ეძახდა ბღავილით...

ცენტრალური გზით ვერ ვივლიდით, ყანებით მივდიოდით. შორიახლოს მესმოდა ხელის "კაჭკის" ხმა, ჭრიჭინი... ჩუმ-ჩუმად მიმოდიოდა ხალხი... როგორც იქნა, მივედით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში უკნიდან შევიპარებოდი, მალულად. შინ რომ შევედით, ბებო ცეცხლს ანთებდა, რომ რძე აედუღებინა, ყველი ამოეყვანა და სოფელში დარჩენილ მოხუცებთან წასულიყო, რომლებიც ერთ სახლში, ხანაც ტყეში იკრიბებოდნენ ღამის გასათევად. ჩვენ რომ დაგვინახა, გაგიჟდა სიხარულით. ბებიის ლოცვა და ჩახუტება ყველაზე თბილია... რომ ვბრუნდებოდით, ვეხვეწეთ, წამოდიო, მაგრამ არ ქნა - მოხუცებს არ გვერჩიანო, არადა, ერჩოდნენ. ესეც გამართლებაზე იყო... ომიც იქ გადაიტანა და მერეც იქაურობის ერთგული იყო. ბოლოს ფეხი მოიტეხა და მეზობელმა კაცმა მოიყვანა ენგურის ხიდამდე. ფოთში რომ მივიყვანეთ, ერთი ღამე გაათენა სახლში და გარდაიცვალა. ფოთში გვყავდა რამდენიმე დღე, მერე გადავიყვანეთ იქით, ოტობაიაში (2008 წლამდე მისვლა-მოსვლა იყო) და თავის ეზო-კარში დავასვენეთ.

"ფესვები" ხომ გინახავთ, ქართული ფილმი, ისე დაგვხვდა მთელი სოფელი. რომ მოვკვდები, ბევრი ყვავილები ხომ მექნებაო, სულ გვეუბნებოდა და მართლაც, ბებიას რომ მივასვენებდით, უკან სამი დროგით ყვავილები მიგვქონდა.

დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ, რომ სხვანაირი ვითარებაა. მხოლოდ მშობლები გადადიან იქით მარტში და ოქტომბერ-ნოემბერში ბრუნდებიან. შეუდარებელი ეზო გვაქვს. იმხელა ბზები და პალმებია, ბებოს დარგული. ახლაც იქ არიან ჩემები. პანდემიის დროს ერთი დღით გაიხსნა საზღვარი, გაასწრეს და იმ ღამესვე ჩაკეტეს, მაგრამ ძალიან ბედნიერები იყვნენ, კიდევ კარგი, მოვასწარითო.

ჩვენს სოფელში ბევრი აფხაზი არ იყო. თუ იყვნენ, ძირითადად, რძლები. ახლაც არ ცხოვრობს ბევრი აფხაზი, მაგრამ სოფელში როცა შედიან, ქართველებსა და აფხაზებს ნორმალური ურთიერთობა აქვთ.

- დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბევრი მიმართულებით განვითარდა ქვეყანა, ევროპისკენ ავიღეთ გეზი, თუმცა ვერაფრით დავივიწყეთ უბნურ-ძველბიჭური გარჩევები. უკვე მერამდენე ათწლეულია, თითქოს წრეზე ვტრიალებთ. შაქარაშვილის ტრაგედიამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა. სად ვუშვებთ შეცდომას? - მაგას არც უბნური ჰქვია, არც - ძველბიჭური, არც - ადამიანური. ამისთანებს სახელი არა აქვთ... ალბათ, წარსულმა რაღაც კვალი დატოვა, არადა, ასეთი საშინელება როგორ უნდა ჩაიდინო ადამიანმა?! აფხაზეთი ვახსენეთ... მტერს დაუნდვია ჩვენიანი და ჩვენებსაც - მოწინააღმდეგე... საოცარი ისტორიები არსებობს... აქ რა გვემართება?!

გელა ჩარკვიანს მოვუსმინე, ჩემი სკოლის გვერდით იყო დასარტყმელი ადგილიო, უთანხმოება რომ მოგვივიდოდა ბიჭებთან, ვამბობდით, წამო, დავარტყათო. მუშტი-კრივი იმართებოდა, რომელიც ახლაც არავის უკვირს, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ნორმალურად შორდებოდნენ, ზოგჯერ მეგობრობდნენ კიდეც. მეც მომსვლია ასე, მაგრამ რა რკინა, რა დანა, რა იარაღი!..

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მთავარი ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთის გატანაა - ომშიც, პანდემიისასაც და ჩვეულებრივ დროსაც.

ჩვენ როცა გვიჭირს, ვერთიანდებით - გავიხსენოთ 13 ივნისი, პანდემია... მერე რა მოგვდის?... თითქოს შაჰ-აბასს უთქვამს, ღმერთმა ნუ ქნას, ქართველებმა პირი შეკრან, ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ და ერთმანეთი შეუყვარდეთო... ეს არის ჩვენი პრობლემა! უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად პირი შევკრათ!