"როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ნახატში ფასი შევთავაზეთ, გაოცებულმა შემოგვხედა და..." - დიდი მხატვრის ტილო სასადილოში სუფრად ჰქონდათ გადაფარებული(?!) - კვირის პალიტრა

"როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ნახატში ფასი შევთავაზეთ, გაოცებულმა შემოგვხედა და..." - დიდი მხატვრის ტილო სასადილოში სუფრად ჰქონდათ გადაფარებული(?!)

"ქეთევან იაშვილის კოლექციაში მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნახატებია, მათი ფასი შესაძლოა 400 მილიონი ლარიც იყოს, კოლექციონერების აზრით კი ფასი ბევრად დიდია"

ასეთი ამბავი ხშირად არ ხდება, მაგრამ როდესაც მაინც გამოჩნდება ხოლმე, ისტორია მის შემოქმედს, წესით, უდიდეს პატივს უნდა მიაგებდეს. ასეა ყველგან და ასე უნდა იყოს საქართველოშიც, სადაც რიგითმა თელაველმა დერმატოლოგმა ქეთევან იაშვილმა, ჩემი აზრით, უმაგალითო გმირობა ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, რომ მას შთამომავლობა ჰყავდა და შეეძლო მთელი სიცოცხლე ნაგროვები ნახატებისა და ანტიკური ნივთების კოლექცია მათთვის დაეტოვებინა. თუმცა მან ყველაფერი - 200-მდე შეუფასებელი ფერწერული ტილო თელავის მუზეუმს დაუტოვა. ამ მუზეუმის ფონდის მცველი ქეთევან ხუციშვილი ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო სტუმრად ერთ-ერთ პირველ თბილისელ კოსმეტოლოგ ქეთევან იაშვილთან. მაშინ ამ პროფესიას დიდად არავინ აფასებდა, ქეთევან იაშვილმა კი ამ დროს თბილისში ერთ-ერთი პირველი კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა. ის ასევე პირველი კოლექციონერი ქალი იყო საქართველოში და სიკვდილის წინ, 95 წლის ასაკში, მოითხოვა იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ნაგროვები განძი იყო - თელავის მუზეუმის ეზოში, რათა მის სულს ეგრძნო ის სიმშვიდე, რასაც სიცოცხლეში გრძნობდა ნახატების ცქერისას.

ქეთევან ხუციშვილი: - უსაზღვროდ ვაფასებ ქეთევან იაშვილის ხსოვნას. მან უდიდესი საქმე გაუკეთა მთელ საქართველოს. ის ტრაგიკული პიროვნება იყო. 1883 წელს დაიბადა, ისეთ დროს, როდესაც მისმა წრემ, თავადაზნაურობამ პრივილეგიები დაკარგა. თავადაც შესაძლოა ემიგრაციაში წასვლა ან გადასახლებაც ელოდა, რომ არა შეგუების ნიჭი, რამაც ბევრი ხიფათი ააშორა. მისი პირველი ქორწინება ტრაგედიით დამთავრდა - სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ცოლად გაჰყვა თავად მიხეილ თარხნიშვილს, რომელიც უბედურმა შემთხვევამ სულ ექვს წელიწადში გამოაცალა ხელიდან. თუმცა ქალბატონი ქეთევანი ამ ტრაგედიამ ვერ გატეხა, პირიქით. მას ფარმაცევტის განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქმრის დაღუპვის შემდეგ უკვე პეტერბურგში წავიდა დერმატოლოგიის შესასწავლად და არა მარტო შეისწავლა, ერთ-ერთი პირველი კოსმეტოლოგიური კაბინეტიც გახსნა თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და ბევრი პაციენტიც ჰყავდა. ქეთევანის მეორე მეუღლე ცირკის მსახიობი მიხეილ კაზიევი გახლდათ, რომელსაც ქალი ნახვისთანავე შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა. ქეთევანიც გაჰყვა, თუმცა გამუდმებული დავა ჰქონდა, რადგანაც კაზიევი ლამაზი ქალების მოყვარული იყო.

- თუმცა ასეთ გონიერ ქალს ასე ადვილად ვერ მიატოვებდა.

- ვერც მიატოვა, მაგრამ შვილი არც მასთან შესძენია. ამიტომ გოგონა იშვილეს და სიყვარულით ზრდიდნენ, მაგრამ ისევ ტრაგედია დაატყდა ქალბატონ ქეთევანს - გოგონა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გარდაიცვალა. მას შემდეგ ქეთევანს შვილზე აღარ უფიქრია. მისი "შვილი" ხელოვნება გახდა, მხატვრობა, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ სადაც უნდა ყოფილიყო, ეძებდა მსოფლიო კლასიკოსების ნახატებს და ყიდულობდა. ძირითადად, იმ არეალში, სადაც საბჭოთა კავშირი ცოლ-ქმარს მოგზაურობის ნებას აძლევდა. ნახატებს აღმოსავლეთ ევროპაშიც ყიდულობდნენ, ნაწილს კი ქართველი მხატვრებისგან. ეს უძვირფასესი ნახატებია. თავად ქეთევანს უთქვამს, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, ამ ნახატებს ვერ შევიძენდიო. ასე შეძლო მან თავისი კოლექციის გამდიდრება ფინელი, ჰოლანდიელი, ესპანელი თუ სხვა მხატვრების შედევრებით. მაგალითად, გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის ნახატის ("ლუდოვიკო XVII იაკობინელების ტყვეობაში") შესახებ ქალბატონი ქეთევანი ძალიან საინტერესო ამბავს ჰყვებოდა - ეს ნახატი ოდესაში მოგზაურობის დროს შევიძინე, სადაც მოგვშივდა და ერთ-ერთ რიგით სასადილოში შევედით, იქ კი მზარეულს პილოტის ტილო მაგიდაზე უკუღმა ჰქონდა გადაფარებულიო.

- ცხადია, მეორე მსოფლიო ომის ნაძარცვი გახლდათ, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი მხატვრის ტილო სუფრის გადასაფარებლად ქცეულიყო! - რა თქმა უნდა. ქეთევანი წერს, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ მზარეულს ამ ნახატში ნებისმიერი ფასი შევთავაზეთ, გაოცებული თვალები მოგვაპყრო და ტილო მიზერულ ფასად მოგვყიდაო. დაახლოებით იგივე ისტორიები ჰქონდა სხვა ტილოების შეძენისასაც. მის კოლექციაში მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნახატებია, მათი ფასი შესაძლოა 400 მილიონი ლარიც იყოს, კოლექციონერების აზრით კი ფასი ბევრად დიდია. აი, ამხელა ქონება უანდერძა ერთმა ჩვეულებრივმა ქალმა თავის თელავს და საერთოდ, საქართველოს. ამ ამბავში ის თავგანწირული სიყვარული ჩანს, რომლითაც ადამიანს თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს. თორემ შეეძლო ეს ქონება შთამომავლობისთვისაც გადაეცა.

- ჰყავდა შთამომავლები?

- დიახ, დისშვილები, რომლებიც ძალიან უყვარდა და ეხმარებოდა...

- ნაწყენი არ დარჩნენ, დეიდამ ამხელა ქონება მუზეუმს რომ გადასცა? - ვიცი, რომ პირველად გაიბუტნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც თელავის მუზეუმში გამოფენილი ეს ბრწყინვალე კოლექცია ნახეს, თქვეს, დეიდა სწორად მოიქცა, ჩვენ ასე ერთიანად ვერ შევუნახავდით მომავალ თაობებს ამ განძსო!

ქეთევან იაშვილი თელავის მუზეუმის ეზოში ერთ მოკრძალებულ ადგილას არის დასაფლავებული. მსგავს სახელებსა და საფლავებს ყველგან დიდ პატივს მიაგებენ და ჩვენც სულით და გულით უნდა ვისურვოთ, რომ ქეთევან იაშვილის სახელი არასოდეს დაივიწყოს საქართველომ.