"მათ ბოდიში მომიხადეს, როგორც რუსი, ისე რომ წარმადგინეს" - კვირის პალიტრა

"მათ ბოდიში მომიხადეს, როგორც რუსი, ისე რომ წარმადგინეს"

ქართველი მოცეკვავე ამერიკულ ბლოკბასტერში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს

ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავე, 33 წლის ლაშა მძინარაშვილი გადაიღეს ჰოლივუდის ბლოკბასტერში Kingsman, სადაც ის ცნობილი კინოვარსკვლავის, რიზ აიფენსის დუბლიორია. მსახიობი ფილმში რასპუტინს ასახიერებს, ქართველი მოცეკვავე კი სწორედ რასპუტინის საბრძოლო სცენებში მონაწილეობს. ფილმის პრემიერა 18 სექტემბერს არის დაგეგმილი, მანამდე კი ლაშა "კვირის პალიტრას" გადასაღებ მოედანზე მიღებულ შთაბეჭდილებებსა და მნიშვნელოვან ამბებზე ესაუბრება.

- Kingsman-ის პირველ ორ სერიაში ჯულიანა მური, ტეილორ ეჯერტონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, მესამე ნაწილში კი, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ხდება. გმირი აგენტი მამა-შვილი უარყოფით გმირებს უსწორდება. ერთ-ერთი მათ შორის არის რასპუტინი, რომლის ჩხუბის სცენები მე დავდგი და მევე ვითამაშე. რამდენიმე სცენაში გადაგვიღეს მე და ჩემი მეგობარი, "სუხიშვილების" მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურია. ფილმში "ოსკარის" ნომინანტი რალფ ფაინსი, გემა არტერტონი და "ნოტინგ ჰილის" ვარსკვლავი რიზ აიფენსი თამაშობენ. მე რიზ აიფენსის დუბლიორი ვარ. ვიმუშავე დაიმონ ჰანსოუსთანაც, რომელიც "გლადიატორში" მთავარი გმირის ფერადკანიან მეგობარს ასახიერებს. სწორედ მასთან გადავიღე ერთ-ერთი ბრძოლა. ფილმის სცენარისტი კარლ გაიდუსეკია, დირექტორი - მეთიუ ვონი, რომელიც სხვადასხვა მაღალბიუჯეტიანი ფილმის რეჟისორია. მეთიუ ვონის მეუღლეა კლაუდია შიფერი, რომელიც ფილმის შექმნაში მონაწილეობდა. გადაღებები ინგლისსა და იტალიაში მიმდინარეობდა. ფილმის ბიუჯეტი 414 მილიონია. წინა ფილმმა კომპანიას მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

- ამბობენ, შესაძლოა, წელს ეს ფილმი "ოსკარზე" აღმოჩნდესო...

- ჯერ პრემიერაც არ ყოფილა, თუმცა, ისეთი მასშტაბური ფილმია, ნამდვილად იმსახურებს "ოსკარზე" წარდგენას. თვითონაც ამბობდნენ, ამ ფილმს უყურადღებოდ არ დატოვებენო.

- როგორ მოხვდით ამ პროექტში?

- უცნაურად... 10 წლის წინ დამირეკა ახლობელმა, რომ მის მეგობარს კლიპში გადასაღებად მოცეკვავე სჭირდებოდა. ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა რეჟისორი, რომელიც 10 წლის შემდეგაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამჯერად სურდა მასშტაბურ პროექტზე მემუშავა. ეს ადამიანი არის დავით ხუბუა - რეჟისორი და საქართველოს კასკადიორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ასე მოვხვდი პროექტში, ჯეკი ჩანის ჯგუფში...

- ისეთ სახელებს ახსენებთ, მგონია, სიზმარს მიყვებით... - ახალჩასულს მეც ასე მეგონა... ერთი კვირა გამოსაცდელი პერიოდი მქონდა.

კლაუდია შიფერს ერთხელ შევხვდი, როდესაც მთელი გადამღები ჯგუფი მოვიდა ჩემს შესამოწმებლად. ასეთი სახეები რომ დავინახე, თვალზე ბინდი გადამეკრა. უნდა დამემტკიცებინა, რომ ღირსეული კანდიდატი ვიყავი და თავი არ დამიზოგავს.

ჯეკი ჩანის ჯგუფი ჰოლივუდურ ფილმებს კასკადიორებით ამარაგებს და ორთაბრძოლებს იღებს. Kingsman-ში მათი ჯგუფის წევრი გავხდი. ამ ჯგუფში ჩემი პედაგოგი და პირადი მწვრთნელი იყო ტომ კრუზის დუბლიორი "შეუსრულებელ მისიაში".

- არ იქნებოდა ადვილი ამ სახელებს შორის ადგილის დამკვიდრება...

- ძნელი იყო პირველი კვირა. მე მოცეკვავე ვარ, მაგრამ საბრძოლო ქორეოგრაფიაში არ მიმუშავია, ამიტომ ბრძოლების და კასკადიორობის სწავლა დამჭირდა. თან უნდა დამედგა ეს სცენები, თან - მევარჯიშა, თან გარდასახვაც საჭირო იყო... თავის შერცხვენა არ გამოვიდოდა...

- დღეში რამდენი საათი მუშაობდით? - დილის 8-დან 18-მდე... მქონდა შესვენება, რომელსაც ხშირად არ ვიყენებდი. ეს ყველაზე დატვირთული პერიოდი იყო. გადასაღებ მოედანზე გასვლამდე ტრავმაც მივიღე - კისრის მალები დავიზიანე და ერთი თვის წინ ოპერაცია გავიკეთე.

ძალიან თბილად მიმიღეს. მძიმე კვირის შემდეგ ჩემმა კოორდინატორმა ვიდეო ჩაწერა და ყველას აჩვენა. მთელი ჯგუფი მოდიოდა და აღტაცებას გამოხატავდა. მეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთთან ასე შერწყმული ცეკვა და ბრძოლა აქამდე არ უნახავთ, რომ ეს მათთვის აღმოჩენა იყო. იქ გამოყენებულია "ფარიკაობის" ელემენტები, მუხლზე ტრიალები... ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული ცეკვა, ყველას ეცნობა ჩემი საბრძოლო სცენები.

ერთ დღეს ტეილორის კინოსტუდიაში ოთხი ცეკვა ვიცეკვე. ეს იყო ერთგვარი პრეზენტაცია ქართული ცეკვების. ემოციებს ვერ მალავდნენ, ყველა აღტაცებული იყო. მთხოვდნენ, ამ ცეკვის ვიდეოები მათთვის ინდივიდუალურად მეჩვენებინა. მეც ყველას ვაჩვენებდი და ვუყვებოდი საქართველოს შესახებ.

- რა იცოდნენ ჩვენს ქვეყანაზე? - ბევრი არაფერი. ის კი არა, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემი თავი ასე გააცნეს: "ლაშა ფრომ რაშა", ანუ ლაშა რუსეთიდანო, რაზეც დიდი პროტესტი გამოვთქვი. მომიწია მტკიცებამ, რომ საქართველო არის სხვა ქვეყანა, სხვა ერი ვართ, ჩვენი კულტურა გვაქვს...

- ოკუპაციაზე ხომ არაფერი გითქვამთ? - ოკუპაციაზე ძალიან ბევრი ვთქვი, იმიტომ, რომ ჩემთვის რთული იყო რუსი პერსონაჟის განსახიერება. ვუთხარი, რომ არ ვიცეკვებდი რუსულ ცეკვებს, რომ მე ვარ ქართველი და ჩემთვის რთულია რუსი პერსონაჟის განსახიერება, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. ყველაფერი ვუამბე ჩვენი კონფლიქტის შესახებ. აღშფოთდნენ, ემოციები ვერ დამალეს, ერთ-ერთი პროდიუსერი კი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: "შენ ხარ ნამდვილი ჯენტლმენი". არ მინდოდა, ჩემი ქვეყანა რუსეთთან გაეიგივებინათ. მათ ეს გაიგეს და ბოდიშიც მომიხადეს, როგორც რუსი, ისე რომ წარმადგინეს. მერე მითხრეს, რომ ძალიან უნდოდათ ჩემი ილეთების ფილმში გამოყენება, ამიტომ მთხოვეს, მეცადა ემოციების მოთოკვა და იმის გაკეთება, რაც მათ სჭირდებოდათ.

- სხვა არაფერი შემოუთავაზებიათ? - არა, რადგან ეს პროექტი კინოწარმოებაში ჩაშვებული ჯერ არ არის. მხოლოდ ვიწრო წრემ, ასე ვთქვათ, შინაურებმა გამიცნეს, თუმცა კინოექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჩემი ბოლო ჰოლივუდური პროექტი არ იქნება. მიწინასწარმეტყველებენ, რომ ეს იქნება დიდი ნაბიჯი ჩემს ქართულ კარიერაში. ეს არა მარტო ჩემი, არამედ საქართველოს წარმატებაა. ყველაფერი საქართველოს მივუძღვენი და იმედი მაქვს, ეს სასიკეთოდ მოხმარდება ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს იყოს მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, რომ შრომა არასოდეს იკარგება და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფასდება.