ბოშათა ტრეფიკინგი­
ბოშათა ტრეფიკინგი­
"მშობ­ლები არაერთხელ გვყავს გაფრთხილებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრეფიკინგი­ კანონით ისჯება. ოჯახებიდან ბავშვის წამოყვანა ურთულესი ამბავია, ვინაიდან ქუჩის ბავშვები შემოსავლის წყაროდ მიაჩნიათ და დაკარგვა არაფრით არ უნდათ. ამიტომაც აგრესიას გვიპირისპირებენ. იქ პატრულის გარეშე მისვლა არ შეიძლება, შესაძლოა უბედურება მოხდეს. სოცმუშაკებისა და პოლიციის მისვლისთანავე ბოშათა მრავალრიცხოვანი ოჯახი გროვდება და გდარაჯობს, როდის გადმოვიდეს შეტევაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები სოცმუშაკს ფიზიკურად უსწორდებიან. მაგალითად, ჩვენს ერთ კოლეგას ქუჩაში თმაში სწვდნენ და რომ არა პოლიცია,
ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა. პოლიციაც დიდი სიფრთხილით შედის ბოშათა დასახლებაში"


ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა - ქუჩის ბავშვები, რომელთა დიდ ნაწილს ბოშები შეადგენენ. ვინაიდან ბოშებს იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ, არც მათი ზუსტი სტატისტიკაა ცნობილი. სავარაუდო 2500-მდე ბოშიდან ყველაზე
მეტი დედაქალაქში ცხოვრობს და საქართველოს ზოგიერთ რეგიონებთან შედარებით, ბევრად უარესადაც: თბილისელი ბოშები წვრილმანი ვაჭრობითაც­ ირჩენენ თავს, თუმცა, ძირითადად, მათხოვრობენ, ხალხმრავალ დედაქალაქში ამისთვის შესაფერისი პირობებია. ზოგიერთი ოჯახი ბავშვების მათხოვრობის წყალობით ფუფუნებაში ცხოვრებს. თუმცა ბოშათა უმეტესობა ღატაკია. ამის მიუხედავად, ბოშები ბავშვებისთვის ახერხებენ იმის ჩაგონებას, რომ სწორედ ასეთია მათი ცხოვრება.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ბავშვთა ტრეფიკინგისა და ზრუნვის სააგენტო, მათ შორის მობილური ჯგუფის უფროსი, სოციალური მუშაკი ეკა ევსტაფიშვილი­, ­დიდი შრომის ფასად ცდილობს ქუჩის ბავშვებსა და საზოგადოებას შორის გავლებული ზღვრის გადალახვასა და ნდობის მოპოვებას, რათა მათი დახმარება შეძლონ.


- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მონდომების მიუხედავად, ბოშათა თემი საზოგადოებისაგან გამიჯნულად და წარმოუდგენელ სიღატაკეში ცხოვრობს. თუმცა ხშირად ისიც კი გვეჩვენება, რომ მათ ამ ცხოვრების შეცვლა არც უნდათ. რასაკვირველია, არსებობენ გამონაკლისებიც - ფუფუნებაში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც, სავარაუდოდ, შემოსავალი თემის დანარჩენი წევრების ექსპლუატაციით აქვთ. შესაბამისად, ძნელია იმის ახსნა, ამ სიტუაციიდან რატომ უნდა გამოიყვანო, რატომ უნდა მიიღონ განათლება... როდესაც­ 3-4 წლის ბავშვები ქუჩაში დარსა თუ ავდარში იმ შეგნებით გადიან სამუშაოდ, რომ ასეა სწორი, ასე უნდა იცხოვროს, ძნელია გადარწმუნება. დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გვნახავთ იმ ადგილებში, სადაც ეს ბავშვები ტრიალებენ, და საიდანაც თავშესაფრებში ან დღის ცენტრებში გადაგვყავს. არაერთი ბავშვი გადაგვყავს ბოშათა დასახლებებიდანაც. ოჯახებიდან ბავშვის წამოყვანა ურთულესია, ვინაიდან ნებისმიერ ოჯახში, ბოშურში­ თუ ქართულში, ქუჩის ბავშვები შემოსავლის წყაროდ მიაჩნიათ და დაკარგვა არაფრით არ უნდათ. ამიტომაც აგრესიას გვიპირისპირებენ.­ განსაკუთრებულად აგრესიული მაინც ბოშები არიან. იქ პატრულის გარეშე მისვლა არ შეიძლება, შესაძლოა უბედურება მოხდეს. სოცმუშაკებისა და პოლიციის მისვლისთანავე ბოშათა მრავალრიცხოვანი ოჯახი გროვდება და გდარაჯობს, როდის გადმოვიდეს შეტევაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები სოცმუშაკს­ ფიზიკურად უსწორდებიან. მაგალითად, ჩვენს ერთ კოლეგას ქუჩაში თმაში სწვდნენ და რომ არა პოლიცია, ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა. პოლიციაც დიდი სიფრთხილით შედის ბოშათა დასახლებაში.

ყოველ ბავშვს ოჯახში ყოველდღიურად, სულ მცირე, 30 ლარი შეაქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოშები მრავლდებიან და ოჯახში 6-7 ან მეტი ბავშვია, წარმოიდგინეთ, რამხელა თანხა უგროვდებათ. ყოფილა შემთხვევა, ბავშვებს დღის ცენტრში სადილობაზე უარი უთქვამთ, თქვენი სუპი არ გვჭირდება, ფული გვაქვს და თავად ვიყიდით, რაც გვინდაო. მართალია, ამ ცენტრებში არა მხოლოდ სუპი, ბავშვთა სრული რაციონი გვაქვს, მაგრამ არ უნდათ, ურჩევნიათ ძვირად ღირებული ნუგბარი შეიძინონ. ბავშვებს სამათხოვროდ მდიდარი ბოშებიც გზავნიან. ჩემს კოლეგებს უამბიათ, სამათხოვროდ გამოსულ გოგონას უკან გავყევით და ისეთ ფუფუნებაში მოვხვდით, რომლის წარმოდგენა სიზმარშიც კი გაგვიჭირდებოდაო.


ბოშებში ბავშვების ექსპლუატაცია ტრადიციაა. ზოგიერთი ოჯახიდან ბავშვები კვირაობით იკარგებიან და მათ ასავალ-და­სავალს არავინ კითხულობს.
გაგიკვირდებათ და, ზოგჯერ ბოშა მამაკაცს უჭირს თქმა, რამდენი შვილი ჰყავს, რისი მიზეზიც, ალბათ, ნაადრევი ქორწინებაც არის, რომელიც ხშირად განქორწინებებით და ახალი ოჯახის შექმნით მთავრდება. ბოშათა ოჯახში დომინანტი მამაკაცია. ისინი გზავნიან ქუჩაში სამუშაოდ ქალებს და ბავშვებს. ქალებს ხშირად ვთავაზობ მატერიალურ დახმარებას, რისთვისაც ისინი საკონტაქტო ნომერს მაძლევენ, მაგრამ დარეკვისას მამაკაცი პასუხობს.

- არადა, არის ქვეყნები, სადაც ბოშები თავიანთი საინტერესო კულტურით არიან სახელგანთქმული და არა ბავშვთა ტრეფიკინგით.
- სამწუხაროდ, ჩვენთან არა. ცხადია, რომ ბავშვების უმეტესობას არ სურს ნებისმიერ ამინდში ქუჩაში მანამ იდგეს, სანამ მშობლისთვის სასურველ თანხას არ იშოვის, მაგრამ მათ აიძულებენ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობით.

არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ქუჩაში მუშაობის შემდეგ მისულ ბავშვს საჭმელსაც არ აჭმევს, თუ სასურველი თანხა არ ჩააბარა. ტრეფიკინგისთვის ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სასჯელია დაწესებული. იყო შემთხვევები, როდესაც ამ მიზეზით ადამიანები დააპატიმრეს.

- ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მოხდა - დადგინდა, რომ დედა არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით გზავნიდა სამუშაოდ.
- დიახ, ასე იყო. სხვათა შორის, იმ ქალის დაც ეწეოდა თავისი არასრულწლოვანი შვილის ტრეფიკინგს. თუმცა ჩვენ ის პატიმრობაში აყვანას იმით გადავარჩინეთ, რომ ბავშვი თავშესაფარში გადავიყვანეთ.

როდესაც ჩათვლიან, რომ ბავშვებს თავშესაფრიდან აღარავინ გაატანთ, ზოგიერთი ბოშა შვილებს არც ნახულობს. იმ თავშესაფარში, სადაც მე ვმუშაობ, ერთი ოჯახიდან გადმოყვანილ 5 ბავშვს დედა არ ნახულობდა. როდესაც გამოჩნდა, ბავშვებს მოსთხოვა, რომ მოვედი, რას მიყიდითო.
თავშესაფრებში არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთაც ოჯახებში დაბრუნების გაგონებაც არ უნდათ და მადლიერები არიან, რომ მათზე არავინ ძალადობს. რასაკვირველია, ბევრი ამას არც აცხადებს, რადგან ბოშები ბავშვებს ისე ზრდიან,­ რომ ძალადობაზე კრინტი არ დაძრან. სამაგიეროდ, ბავშვი უცებ გამოქანდება, ჩაგვეხუტება და გვაკოცებს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან თავს კარგად გრძნობს. ასეთი შემთხვევები ამართლებს იმ შრომას, რასაც ჩვენ ამ ბავშვებზე ვხარჯავთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები