"სუდანი" ტექნიკური საღებავია და არა საკვები დანიშნულების!" - კვირის პალიტრა

"სუდანი" ტექნიკური საღებავია და არა საკვები დანიშნულების!"

"41 დასახელების წითელი შეფერილობის პროდუქტიდან 5-ში "სუდანის" ჯგუფის საღებავი აღმოჩნდა!"

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული 41 დასახელების პროდუქცია - წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა და კეტჩუპი შეამოწმა. რომელ საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება "სუდან 1" გვესაუბრება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.

- ავიღეთ სასურსათო პროდუქტის 41 სხვადასხვა ნიმუში, რომელთაგან ხუთში აღმოჩნდა სუდანის ჯგუფის საღებავი "სუდან 1". მსგავსი ტიპის კვლევები რამდენიმე თვის წინ და გასულ წელსაც გვქონდა.

- საწებლებში ზუსტად სუდანის ჯგუფის შემცველი საღებავის შესახებ შარშანდელი აჟიოტაჟის შემდეგ რატომ შეგეპარათ ეჭვი და ხელმეორედ გაგიჩნდათ სურვილი, წითელი ფერის სხვადასხვა საკვები პროდუქტი სუდანის ტიპის საღებავის შემცველობაზე შეგემოწმებინათ?

- ეჭვის გამო არ შეგვიმოწმებია. ჩვენ პერიოდულად ვამოწმებთ სხვადასხვა პროდუქციას იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც არის ქვეყანაში. "სუდანი" გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი საფრთხე და ამიტომ სანამ დარღვევები არსებობს, თუკი გვაქვს შესაძლებლობა, პერიოდულად ვამოწმებთ. გარდა ამისა, ეს არ არის მხოლოდ კერძო მეწარმეებთან დაკავშირებული, ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ დავიწყეთ "სუდანის" ჯგუფის საღებავების კვლევა იმიტომ, რომ ლაბორატორიას არა აქვს დანერგილი ამ საღებავების შემოწმების მეთოდები და სურსათის ეროვნული სააგენტოც ამის გამო თითქმის არ ამოწმებდა.

- თქვენ როგორ შეამოწმეთ? - გერმანიის ლაბორატორიაში გავგზავნეთ, ჩვენი შემოწმების შემდეგ კი გაგზავნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც, რომელიც პასუხისმგებელია სურსათის კონტროლზე. სააგენტოს შარშან მხოლოდ 10 ნიმუშის შემოწმება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ძალიან ცოტაა. აი, ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც გადავწყვიტეთ სურსათის ამ პარამეტრზე შემოწმება.

2009-19 წლებში ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებულ 11 პროდუქტში ევროკავშირის სხვადასხვა შესაბამისმა მაკონტროლებელმა უწყებამ "სუდანის" ჯგუფის საღებავები აღმოაჩინა.

- გაირკვა, როგორც ხვდება "სუდანი" საკვებ პროდუქტში?

- ჩვენ "სუდანის" შემცველობა მზა პროდუქტში შევამოწმეთ. სააგენტოს ჰქონდა ეჭვი წითელ წიწაკაზე, ამიტომ დაუკავშირდა მომწოდებლებს, მერე კი მწარმოებლებს, რომელთა პროდუქტში 10-დან 9 შემთხვევაში აღმოჩნდა "სუდანი".

- ვინმე ისჯება ამის გამო? - დასჯის უფლებამოსილება აქვს სურსათის სააგენტოს. მან ჩვენი კვლევის საფუძველზე დაავალა მეწარმეებს, ბაზრიდან გამოეთხოვათ პროდუქციის ის პარტიები, რომლებშიც აღმოჩნდა "სუდანი" და აუკრძალა მათი რეალიზაცია. მას შემდეგ კი, რაც გაარკვია მომწოდებლების ვინაობა, მათაც აუკრძალა ამ პარტიების რეალიზაცია.

- დაემორჩილნენ?

- სააგენტოს ინფორმაციით, დაემორჩილნენ. პროდუქცია ნადგურდება ან საწყობებში ინახება და ილუქება. დალუქულ საქონელს სააგენტო პერიოდულად ამოწმებს. რეალიზაცია აკრძალულია.

- გაირკვა, ვინ არის ამ წითელი წიწაკის მწარმოებელი?

- სააგენტომ გამოიკვლია და 9-დან შვიდ შემთხვევაში წიწაკა აღმოჩნდა თურქმენეთიდან იმპორტირებული, ორ შემთხვევაში კი მწარმოებელი ვერ დადგინდა.

- დაფასოებული დაფქული წიწაკაც ხომ არ გამოიკვლიეთ? - შევამოწმეთ, თუმცა საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.

- არსებობს მექანიზმი, რომ პროდუქტი, რომელშიც "სუდანი" აღმოჩნდება, ქვეყანაში ვერ შემოვიდეს? - საბაჟოს აქვს შემოწმების სისტემა, ოღონდ ყველაფერს ვერ ამოწმებს, მათ შორის - ვერც ამ "სუდანს", რადგან, როგორც გითხარით, საქართველოში ის არ მოწმდება, უცხოეთში გაგზავნისგან კი, როგორც ჩანს, თავს იკავებენ, იმიტომ, რომ ძვირია.

- ანუ თუ რომელიმე ორგანიზაციამ თქვენსავით თავისი ინიციატივით არ დაიწყო შემოწმება, შეიძლება "სუდანიანი" ან სხვა ნივთიერებით დაბინძურებული საკვები ვიყიდოთ? - 100%-იანი გარანტია არ არსებობს არც ჩვენთან და არც სხვაგან. საქმე მეტ-ნაკლებ საფრთხეს ეხება. სურსათის სააგენტო ქვეყანაში იღებს ნიმუშებს და თვითონ ამოწმებს. მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევის შედეგები და სააგენტომ გაარკვია, რომ წითელი წიწაკა თურქმენეთიდან იყო იმპორტირებული, გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომ დაფქული და გამხმარ-დატეხილი წითელი წიწაკის ყველა პარტიას, რომელიც საზღვარზე შემოვა, უნდა ახლდეს მესამე, განვითარებადი ქვეყნის ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომ არ შეიცავს "სუდანს". საბაჟო სწორედ ამას ამოწმებს.

- ამის მიუხედავად, წელს თქვენს საკვლევ ზოგიერთ პროდუქტში "სუდანი" ისევ აღმოჩნდა... - დიახ.

- როგორ?

- ეს მეც მაინტერესებს... ალბათ, იმიტომ, რომ მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტია გასაკეთებელი. წელს სურსათის სააგენტოს "სუდანის" შემცველობაზე 30 ნიმუშის შემოწმება აქვს დაგეგმილი. ნიმუშებს ქვეყანაში აიღებს.

- კიდევ რომელ პროდუქტში შეიძლება აღმოჩნდეს "სუდანი"?

- მას, ძირითადად, წითელი შეფერილობის პროდუქტში იყენებენ.

- ისე, რა დანიშნულება აქვს "სუდანს"?

- ეს ტექნიკური საღებავია და არა - საკვები დანიშნულების! მისი სისტემატური გამოყენება იწვევს სიმსივნეს, გენების გადაგვარებას. ეს არის სასურსათო ბაზარზე არსებული ერთ-ერთი დიდი საფრთხე, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება. უპირველესად, თვითონ მეწარმეებმა უნდა გააკონტროლონ თავიანთი პროდუქცია და ინგრედიენტები. უნდა იყვნენ ფრთხილად, მომწოდებლებს მოსთხოვონ კვლევის ოქმები, თვითონაც აწარმოონ კვლევები... სურსათის სააგენტომაც უფრო ინტენსიურად უნდა გააკონტროლოს ეს პრობლემა. თუ ქვეყანაში იარსებებს ლაბორატორია, რომელიც ნიმუშებს შეამოწმებს, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას და საზღვარგარეთ ძვირად ღირებული კვლევების ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

- ასეთი დარღვევა რომ ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში აღმოეჩინათ, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას? - ისინიც მიაკვლევდნენ მომწოდებლებს და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. ჩვენს შემთხვევაში მომწოდებელი იყო უცხო ქვეყნის მეწარმე, ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მის წინააღმდეგ ზომებს ვერ მიიღებდა.

- და აქაური რომ ყოფილიყო მეწარმე, როგორ დაისჯებოდა?

- თუკი პროდუქტში წითელი საღებავი ნებაყოფლობით, გაცნობიერებულად ერევა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. 2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში აღმოაჩინა კუსტარული საწარმო, რომელიც "სუდანის" საღებავებს იყენებდა და მფლობელი სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

"სუდანი" გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე - საპოხი მასალებისა და ქსოვილების შესაღებავად"

რამაზ გახოკიძე, თსუ-ის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი:

- ეკოლოგია არის ისეთი სფერო, რომელშიც საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს - და ხელისუფლების მოვალეობაცაა მათი ინფორმირება - რას ჭამს, რას სვამს... "სუდანი" მიეკუთვნება ე.წ. აზოსაღებავების ჯგუფს, რომელიც საკვები საღებავი არ არის. მისი სხვადასხვა ვარიაცია იძლევა ყვითელ, წითელ და ფორთოხლისფერ შეფერილობას. ძირითადად, გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე - საპოხი მასალებისა და ქსოვილების შესაღებავად. "სუდანი" ძლიერტოქსიკური ნივთიერებაა. მისი კანცეროგენური მოქმედება ჯერ კიდევ 1945 წელს დაადგინეს. განსაკუთრებით საშიშია იმიტომ, რომ ცხიმში ხსნადია და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმოვან უჯრედებში ჯდება, სადაც გროვდება კიდეც. კანცეროგენური ნივთიერება მოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რაც იწყებს დეფორმაციას და ხდება მუტაცია, რამაც ადვილად შეიძლება საფუძველი დაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.