"ყოველთვის მეგონა, თუ მერილინ მონროსავით მოვუვლიდი თავს, ამ შესანიშნავ ქალს დავემსგავსებოდი. თითქმის გამომივიდა..."
"ყოველთვის მეგონა, თუ მერილინ მონროსავით მოვუვლიდი თავს, ამ შესანიშნავ ქალს დავემსგავსებოდი. თითქმის გამომივიდა..."
"მე და ბარბრა სტრეიზანდს წინდის საყიდ­ელი ფულიც კი არ გვქონდა და ერთ წყვილს რიგრიგობით ვიცვამდით. კულისებში ერთად ვჭამდით..."

კომედიური ჟანრის ლეგენდარული მსახიობი, 86 წლის რენე ტეილორი­ 2019 წელს ბროდვეიზე დაბრუნდა ავტობიოგრაფიული დადგმით - LIFE ON A DIET ("ჩემი ცხოვრება დიეტის დროს"). ამერიკელების საყვარელი კომიკოსი მაყურებელს უყვება პირად ცხოვრებასა და თავის, ასევე მერილინ მონროს, ბარბრა სტრეიზანდისა და სხვა ლეგენდარული მსახიობების დიეტებზე. "ოსკარზე" ნომინირებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი მსახიობი ეპიდემიის პერიოდში ისვენებს,
თუმცა "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ძველი ჰოლივუდური ამბები გაიხსენა.

- ჩემი დაბადებისთანავე დედამ გადაწყვიტა, რომ ვარსკვლავი გავხდებოდი. ამიტომაც თავისი საყვარელი მსახიობის, მუნჯი კინოს ვარსკვლავის, რენე ადორეს სახელი დამ
არქვა. პირველი როლები სკოლის პიესებში ვითამაშე და აპლოდისმენტები მაშინვე შემიყვარდა. მოზარდობის პერიოდში როგორც ყველა, მეც საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. არ მქონდა როლები, მაგრამ მყავდნენ კერპები.

დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს კომედიური ჟანრის მსახიობად ვერ აღვიქვამდი. მოგვიანებით რამდენიმე კომედიური როლის შესრულებამ მომიწია, ისიც იმიტომ, რომ ქალისთვის კომედიურ ფილმებში უფრო იყო სამუშაო...

- თქვენ ბრონქსში დაიბადეთ...
- დიახ, მე ბრონქსელი ვარ.
ჩემი ოჯახი ისეთი გაჭირვებული იყო, რომ როცა ქირის გადახდის დრო დგებოდა,­ სხვა სახლს ვქირაობდით. მამაჩემი ჩაგვსხამდა თავის სატვირთო მანქანაში მე, ჩემს ძმას, დედას და შტატიდან შტატში დავდიოდით.

როცა დავოჯახდი და მუშაობა დავიწყე, საცხოვრებლად კალიფორნიაში წავედი. 40 წელი იქ ვიცხოვრე, მეუღლის სიკვდილის შემდეგ კი ნიუ-იორკში დავბრუნდი. ბროდვეიზე მაქვს ჩემი შოუ - My Life On A Diet. ახლა აქ ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი.

- თქვენი კარიერიდან ბევრი რამ გაქვთ გასახსენებელი. ახლა რას გაიხსენებთ?
- მე და ჩემი მეუღლე ჯო ბოლონა­ "ოსკარზე" ვიყავით ნომინირებული სცენარისთვის Lovers and Other Strangers. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ იოლად მივუდექი ამ ამბავს - მივალთ, დავსხდებით, თუ გამოგვაცხადებენ, რომ გავიმარჯვეთ, ჯილდოს გადმოგვცემენ და სცენაზე მიგვიხმობენ. ისეთი დაბნეული და გაოგნებული ვიყავი ამდენი ვარსკვლავის დანახვით, რომ სულ დამავიწყდა, სად და რისთვის ვიყავი იქ.

ჩემთვის ასევე დასამახსოვრებელი იყო ევა ბრაუნის როლი მელ ბრუკის 1967 წელს გადაღებულ ფილმში The Producers­ ­(მეორე­ სახელწოდებაა "ჰიტლერის გაზაფხული". ეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმი შეაფასეს­, როგორც კომედიური სატირა. კომედიური ჟანრის მეფედ წოდებულმა მელ ბრუკმა ფილმის ორიგინალური სცენარისთვის "ოსკარი"­ მიიღო. - ავტ.).

მახსენდება ჩემი და ელიზაბეტ ტეილორის შეხვედრაც. ჩვენ შევხვდით სატელევიზიო შოუს, Nanny-ს გადაღებებზე. მასთან ფოტოს გადაღება მინდოდა, მაგრამ მისმა მენეჯერმა მითხრა, 125 დოლარი ღირს, რადგან ფოტო უნდა დამუშავდეს, რომ ლიზა უფრო ახალგაზრდა და გამხდარი გამოჩნდესო. დავთანხმდი, ოღონდ რასაც მას გაუკეთებთ, მეც ისევე დამამუშავეთ-მეთქი. ასეც მოიქცნენ და დღემდე ჩემს საძინებელში მაქვს ეს ფოტო, რომელზეც მე ვერავინ მცნობს.

- პარტნიორობას ბევრი კინოვარსკვლავი გიწევდათ, მაგრამ მერილინ მონროზე გკითხავთ... თქვენ მას იცნობდით...
- მერილინ მონრო სამსახიობო ოსტატობის მასწავლებლისა და რეჟისორის, ლი სტრასბერგის კლასში გავიცანი (სტრასბერგი მეთოდის სახელად იქცა, რომელიც ასოცირდება ლეგენდარულ მსახიობებთან: მარლონ ბრანდოსთან, მერილინ მონროსთან, ჯეიმს დინთან, პოლ ნიუმენთან, ჯოან ვუდუორდთან, დასტინ ჰოფმანთან, ალ პაჩინოსთან, რობერტ დე ნიროსა და სხვებთან. - ავტ.). მერილინი უკვე ვარსკვლავი იყო. გაოცებული ვიყავი მუშაობის პროცესში მისი თავგანწირვით. ერთხელ ლი სტრასბერგთან ერთად შემოვიდა კლასში. კანი უბზინავდა, ასეთი კანი სხვას არავის ჰქონდა. ვკითხე, როგორ უვლი თავს-მეთქი. მთელ ტანზე ვაზელინს ვისვამ, მერე კი სამი საათის განმავლობაში ცხელ აბაზანაში ვწევარო, მიპასუხა. მეორე დღეს მეც ვცადე და აბაზანაში კინაღამ დავიხრჩვე. ყოველთვის მეგონა, თუ მასავით მოვუვლიდი თავს, ამ შესანიშნავ ქალს დავემსგავსებოდი. თითქმის გამომივიდა (იცინის).

- რენე, თქვენ დიდი ხანია, ამერიკელების და არა მარტო მათი საყვარელი მსახიობი ხართ. ეს თქვენი იუმორის დამსახურებაა?
- ეს ჩემი შოუს დამსახურებაცაა - ხალხს უყვარს სიცილი და თუ შენ ხარ ამის მიზეზი, მათ მუდამ ემახსოვრები.

- ბარბრა სტრეიზანდმა, როდესაც ის დამწყები მომღერალი იყო, თქვენი შოუ გახსნა. მაშინ თქვენ მას შეხედეთ და თქვით: "ეს გოგო ვარსკვლავი იქნება!"
- ბარბრა სტრეიზანდი მღეროდა იმ კლუბში, სადაც მე უნდა გამოვსულიყავი. 1-ლ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, კომედიური ნომერი მქონდა. მე და ბარბრა მაშინ დავმეგობრდით.

წინდის საყიდ­ელი ფულიც კი არ გვქონდა და ერთ წყვილს რიგრიგობით ვიცვამდით. კულისებში ერთად ვჭამდით... წლების შემდეგ თეთრ სახლში ერთ-ერთი გამოსვლის წინ დამირეკა და მკითხა, პირველად რომ­ელი სიმღერა ვიმღეროო. ათი წლის წინ რომ გირჩიე, პირველად რა უნდა გემღერა, არ დამიჯერე, ახლა კი, ხედავ, ისევ მე გაგახსენდი-მეთქი, ვეხუმრე.

- ჩვენი საუბრის ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს, ადამიანებს, ვინც ამდენი წელია, თვალს ადევნებს თქვენს შოუს და მოუთმენლად ელის თქვენს გამოჩენას?
- ახლა, რადგან ეპიდემიის პერიოდია, ყველას ვეტყოდი, რომ მოთმინება მოიკრიბონ. იარონ პირბადით, გაითვალისწინონ მედიკოსთა რჩევები და, რაც მთავარია, არ დაკარგონ ბედნიერების შეგრძნება. ეს პერიოდი გამოიყენეთ იმისთვის, რომ თქვენი განვლილი ცხოვრება გააანალიზოთ და დაფიქრდეთ, როგორ განაგრძობთ­ ცხოვრებას პანდემიის შემდეგ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

მერილინ მონროს წერილი ლი სტრასბერგს



გარდაცვალების წინ მერილინ მონრომ თავისი წერილები მეგობარსა და მასწავლებელს, ლი სტრასბერგს უსახსოვრა. 2014 წელს მერილინ მონროს სასიყვარულო წერილები 121 ათას დოლარად გაიყიდა. ამერიკელი ბეისბოლისტის, ჯო დიმაჯიოს სასიყვარულო წერილში, რომელიც მან მსახიობ მერილინ მონროს მისწერა, ახალმა მფლობელმა 78 ათას 125 დოლარი გადაიხადა. ჯო დიმაჯიო მერილინის მეორე ქმარი იყო. წერილი მათი განქორწინების შემდეგ არის დაწერილი. აუქციონზე გაიყიდა ასევე ლი სტრასბერგისადმი მიწერილი წერილიც, რომელშიც მსახიობი თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.

"ცხოვრების სურვილს ვკარგავ. ამის ატანა აღარ შემიძლია. ვიცი, შეშლილს ვგავარ. ვფიქრობ, მართლა ჭკუიდან ვიშლები. მეჩვენება, რომ როგორც კი კამერის წინ ვდგები, ყურადღება მეფანტება, რაც მისწავლია, ყველაფერი მავიწყდება და მგონია, რომ არ ვარსებობ," - წერს მერილინ მონრო.

რენე ტეილორის ეგზოტიკური სახლი



ბევერლი ჰილზზე მდებარე ლეგენდარული სახლი 1975 წელს რენე ტეილორმა მეუღლესთან ერთად იყიდა. სახლი ლეგენდარულ მსახიობ შირლი ტემპლს ეკუთვნოდა. რენე ტეილორმა ორი წელი მოანდომა სახლის რეკონსტრუქციას.


4 600 კვმ ფართობის ორსართულიანი, ვიტრაჟებიანი სახლი საიდუმლო გასასვლელებით და შვიდი საძინებლით რენემ თავისი საყვარელი ადგილების მიხედვით მოაწყო. ეზოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ბამბუკის ხეები და ეგზოტიკური მცენარეები ამშვენებს. 2018 წელს სახლი 8.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები