"გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი" - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ? - კვირის პალიტრა

"გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი" - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესი გარდაბნის რაიონზე მოდის და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ს შეადგენს.

გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი 14 შემთხვევა, სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა.

"ბოლო შემთხვევათა რაოდენობიდან, უმეტესი, 24 შემთხვევა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე, აქედან 6 თვითონ ქალაქ გარდაბანში დაფიქსირდა, გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქიდან 4 შემთხვევა გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალაში. ყველაზე მეტი შემთხვევის რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალაში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის და მოსახლეობის რაოდენობა ამ სოფელში დაახლოებით 4 000-ია, ამ სამ სოფელში კი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 7 000 კაცს შეადგენს. დღეისათვის ამ სოფლებში ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 2% მოდის. ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც.

"გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო