"მშობლები ბაზარში ვაჭრობდნენ და ნაქირავებში ცხოვრობდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მოზარდებზე, რომლებიც თბილისის ზღვაში დაიხრჩვნენ
"მშობლები ბაზარში ვაჭრობდნენ და ნაქირავებში ცხოვრობდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მოზარდებზე, რომლებიც თბილისის ზღვაში დაიხრჩვნენ
21 ივლისს უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე, წყალსაცავთან დატრიალდა. საცურაოდ წყალში შესული ორი მოზარდი დაიხრჩო. მაშველები დიდხანს ცდილობდნენ ზღვიდან ცხედრების ამოყვანას. შემთხვევის ადგილზე 5 მყვინთავი ეძებდა დაკარგულებს, ჯერ 14 წლის მოზარდის ცხედარი ამოასვენეს, მოგვიანებით, საღამო ხანს, კი მეორე მოზარდსაც მიაგნეს. როგორც იქ შეკრებილი ახლობლები ამბობდნენ, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ. დამოუკიდებლად მოხდა მათი დახრჩობა, თუ ერთი მოზარდი მეორეს მიეხმარა და შეეცადა მის გადარჩენას, ეს გამოძიებით უნდა გაირკვეს. ფაქტია, ორი მოზარდი წყალში თითქმის
ერთდროულად დაიხრჩო. შემთხვევა ვარკეთილის სანაპიროს მხარეს მოხდა.

სავარაუდოდ, მათთან ერთად თანატოლებიც იყვნენ და სწორედ მათ დარეკეს დასახმარებლად 112-ში.

შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გაგვერკვია და სამაშველო სამსახურსაც დავუკავშირდით, თუმცა ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან უწყებაში თავი შეიკავეს. "ეს იყო უბედური შემთხვევა, შემოსული იყო შეტყობინება, რომ წყალში დაკარგულები იყვნენ
მოზარდები, ჩვენი სამსახურის თანამშრომლები სანაპიროს მონიტორინგს აწარმოებდნენ და მაშინვე ჩაერთვნენ ძებნის სამუშაოებში. 5 მყვინთავი მუშაობდა, ორივე არასრულწლოვნის ცხედარს მიაგნეს",- ამბობს ჩვენთან საუბარში სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელი რატი მუჯირი.

ფაქტზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.
როგორც შევიტყვეთ, 14 წლის გარდაცვლილი ბიჭი ლაგოდეხის სოფელ კაბლის მაცხოვრებელი იყო. ის ადრე კაბლის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დირექტორი შაისმაილ ისმაილოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვს დიდი ხანია მათ სკოლაში არ უვლია, რადგან ოჯახმა ის თბილისში წაიყვანა.

"ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია ეს ბავშვი, ოჯახი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. რანსიკა ჰაჯიევის უმცროსი შვილია. ჩვენს სკოლაში დადიოდა, მაგრამ დიდი ხანია ბავშვს სკოლაში არ უვლია. როგორც ვიცი, ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, იქ წაიყვანეს შვილები. ბავშვის მშობლები ბაზარში ვაჭრობდნენ, ბინა ნაქირავები ჰქონდათ. არც ის ვიცი დადიოდა თუ არა ეს ბავშვი თბილისის რომელიმე სკოლაში. ახლა გავიგე ეს სამწუხარო ამბავი. მომხდარზე ვერაფერს გეტყვით, მშრომელ ოჯახში გაზრდილი ბავშვი იყო. ოჯახი ვაჭრობით ირჩენდა თავს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოზარდების ცხედრები ჯერ ექსპერტიზაზე, შემდეგ კი მათ საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს.

(სპეციალურად საიტისთვის)

გიგას
23 ივლისი 2020 15:36
თავდაპირველად ყველა ასეთი შემთხვევა ასე კვალიფიცირდება, შემდეგ ხდება გადაკვალიფიცირება, როცა თვითმკვლელობის ვერანაირ ნიშანს ვერ მიაგნებენ.
მაია
23 ივლისი 2020 09:27
საწყალი ბავშვი
giga
23 ივლისი 2020 02:40
რა საშინელი მუხლია. რამეთი უნდა შეიცვალოს როცა სიკვდილის მიზეზი უცნობია. მაგ. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები