მკვლელობა სიყვარულის სახელით - კვირის პალიტრა

მკვლელობა სიყვარულის სახელით

სიყვარულის სახელით არაერთი დანაშაული ჩაუდენიათ. რამდენიმე დღის წინ შემზარავი ამბავი მოხდა გორში. ეჭვით გონებადაკარგულმა ახალგაზრდა კაცმა საყვარელი ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. ვაჟი ქართული არმიის პოლკოვნიკი, ჯონი ქოჩქიანი გახლდათ, მისი შეყვარებული კი - კოჯრის ბატალიონის კაპრალი, ქეთი კახნიაშვილი.

ქეთი კახნიაშვილი სოფელ კარალეთიდან გახლდათ. შვიდი თვე ერაყში მსახურობდა. მერე გორში სახლი შეიძინა... იმ დღეს ნასვამი ყოფილა ჯონი ქოჩქიანი. მობილურზე დაურეკავს ქეთისთვის, მერე მესიჯიც გაუგზავნია, მაგრამ ქალმა არ უპასუხა. ჯონიმ - კარალეთში თუ წავიდაო და სოფელში ჩასულა. როცა დარწმუნებულა, სოფელში არ იყო, გორში გამობრუნებულა, ქეთის სახლის კარი ფეხით შეუმტვრევია  და ჰაერში  უსვრია. ამ დროს ქეთისთან  დეიდაშვილი იმყოფებოდა. მისთვისაც დაუმიზნებია, მაგრამ გოგონა სასწაულს გადაურჩენია, თუმცა ეჭვიანობით დაბრმავებულ კაცს ვერ გადაურჩა საბრალო ქეთი - გონებაარეულს ორჯერ უსვრია მისთვის... მერე კაცი ეზოში გამოვარდნილა.  ყელზე მიუბჯენია რევოლვერი, ჩახმახისთვის გამოუკრავს და თოვლში მოცელილივით პირქვე დაცემულა.  ყოველივეს ავტოფარეხში დამალული ქეთის დეიდაშვილი მაია კაკიაშვილი შეესწრო.

კარალეთამდე  არცთუ პატარა გზა გვქონდა გასავლელი. ტაქსის მძღოლმა, როდესაც შეიტყო სად მივდიოდით, აი, რა გვიამბო:

- რას აღარ ამბობენ ამ მკვლელობაზე...   ძალიან შეჰყვარებია ბიჭსა, მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყოო. ცოლად მოყვანა უნდოდა, ქალიც ჰპირდებოდა, - გამოგყვებიო, მარა ბოლოს უარი უთქვამს. უეჭვია ბიჭსა, სხვას ხომ არა ჰყვარობსო, ჩასაფრებია, მოუკლავს. აბა, რა გამოვიდა ამით? ანგელოზივით გოგო სიცოცხლეს გამოასალმა, თვითონ კიდევ, ისე მძიმედაა, არა მგონია, გადარჩეს!

კახნიაშვილების ეზოში შავოსანი მამაკაცები იდგნენ. ქეთის ძმასთან შევძელით გასაუბრება.

KvirisPalitra.Geგიორგი კახნიაშვილი: - ქეთი ორი წლით უფროსი იყო ჩემზე. ერაყში წასვლა რომ გადაწყვიტა, დედა ნერვიულობდა, მამას კი იმედი ჰქონდა, შინ მშვიდობიანად დაბრუნდებაო.  მამის ნებიერა იყო, არაფერს უშლიდა. იცოდა, ოჯახს არ შეარცხვენდა. ლამაზი გოგო იყო, ბევრს მოსწონდა, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობდა. ერაყიდან რომ ჩამოვიდა, მითხრა, - მორჩა, მეტს აღარ წავალ, დავიღალე, ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედოო. კოჯრის ბატალიონში მსახურობდა. ჯონის ვიცნობდი, როგორც მის თანამშრომელს. სხვებთან ერთად ისიც არაერთხელ მოსულა სტუმრად. არ ვიცოდი, მათ შორის თუ რამე ხდებოდა. ერთი სიტყვა მაინც რომ წამოსცდენოდა ჩემს დას მასზე, მაწუხებსო, ამ ამბავს სხვანაირად მოვუვლიდი და ეს უბედურებაც არ მოხდებოდა. ახლა გამოტყდა დედა, რომ რამდენიმე ხნის წინ ვიღაც ქალს დაურეკავს მისთვის და უთქვამს: - ჯონი ქოჩქიანი, თქვენს შვილს რომ ჰყვარობს, თუ იცით, რომ ცოლ-შვილიანიაო. გაგიჟებულა დედაჩემი, - ეგ ვინ გითხრათო? მე ვარ მისი ცოლიო.

დედას დაუბარებია ჯონი და - ქეთის თავი დაანებე, იმას თავისი გზა აქვს, შენ - შენი, მიხედე ცოლ-შვილსო. რას ბრძანებთ, ქალბატონო, მე და ქეთი კარგი მეგობრები ვართო, - უთქვამს ჯონის, მერე შევიტყვე, იმ საღამოსვე მივარდნია თურმე ცოლს და ისე უცემია, რომ კბილები ჩაუმტვრევია.   ორი თვეა, ქეთის ვერ ვცნობდი, გულჩათხრობილი და დარდიანი გახდა. რამეს რომ ვკითხავდი, - გადავიღალეო. თურმე, რა დღეში ყოფილა იმ არაკაცისგან. ჩემს დას ბავშვობიდან თანასოფლელი უყვარდა, გიორგი ხარიბეგაშვილი. მას უნდა გაჰყოლოდა ცოლად, როცა საჯარო კონტრაქტს დაასრულებდა. ეტყობა, საქმროს მოკვლითაც ემუქრებოდა, ბოლო დროს გიორგისაც გაურბოდა. იმ არაკაცის მშობლებმა შემოგვითვალეს - სამძიმარზე მოსვლა გვინდაო. აქ რა სინდისით უნდა შემოაბიჯონ, ამისთანა და მომიკლა მათმა შვილმა...

KvirisPalitra.Geგიორგი ხარიბეგიშვილი (ქეთის საქმრო): - ქეთი ბავშვობიდან მიყვარდა. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთი წლით ვარ მასზე უფროსი. იმდენად უნდოდა კარიერის მოწყობა, რომ დაოჯახებას არ ვაჩქარებდით. როცა საქართველოში იყო, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, სამეგობრო წრეც საერთო გვყავდა. არასოდეს დასცდენია სიტყვა იმ ბიჭზე. იმას კი სცოდნია ჩემს შესახებ და ემუქრებოდა თურმე, - იმასაც მოვკლავ, შენც, თავს არც მე ვიცოცხლებო. აასრულა მუქარა, ოღონდ ჩემამდე ვერ მოვიდა. იმ საღამოსაც ალბათ მე ვეგონე ქეთისთან  და გიჟივით შევარდნილა სახლში... ახლა ვხვდები, რატომაც მეუბნებოდა ქეთი უარს გორში შეხვედრაზე. მისი ეშინოდა, მე კი არაფერს მეუბნებოდა.

მაია კაკიაშვილი (ქეთი კახნიაშვილის დეიდაშვილი): -  კახეთში ვცხოვრობ, მაგრამ როგორც კი ქეთიმ შვებულება აიღო, მაშინვე მასთან გავჩნდი. ძალიან მიყვარდა მასთან ყოფნა. იმ საღამოს მისგან მესიჯი მიიღო, მაგრამ არ უპასუხია. ქეთი სამზარეულოში ფუსფუსებდა, მე კომპიუტერთან ვიჯექი. უცებ ხმაური მოგვესმა. სანამ გონს მოვეგებოდით, კარი ვიღაცამ შემოგლიჯა. ჯონი აღმოჩნდა. ნასვამი იყო. მე რომ დამინახა, არ ესიამოვნა,  ვიღაცას ეძებდა აშკარად, თვალებს აცეცებდა. ჰაერში რამდენჯერმე ისროლა, მერე ქეთის მიუბრუნდა , - თვალწინ მოგიკლავ დეიდაშვილს და მერე შენ მოგხედავო. დამიმიზნა იარაღი. დროზე რომ არ შემესწრო მეორე ოთახში, უსათუოდ მომკლავდა.

ისეთი შეშინებული ვიყავი, რას ელაპარაკებოდა ქეთის, ან ის რას ეუბნებოდა, - აღარაფერი მესმოდა. ორივე სამზარეულოში იყო, მე გარეთ გავვარდი და სარდაფში დავიმალე. ეზოში გასული რომ დამინახა, დამედევნა. სარდაფიდან თმით გამომათრია. ისეთი გამხეცებული იყო, ყველაფერს მოიმოქმედებდა. ქეთი უყვიროდა, - მაგას თავი დაანებე, რას ერჩიო, მაგრამ კაცს აღარაფერი ესმოდა.

კიბეზე ამათრია და შესასვლელში შემაგდო.  ოთახში შევვარდი და ფანჯრიდან გადავხტი.  ქუჩაში გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ტყვია ყველგან დამეწეოდა. ამიტომ ავტოფარეხში შევიყუჟე... მერე ორჯერ გაისმა სროლა. რამდენიმე წუთში ჯონი ეზოში გამოვიდა, ყელზე რევოლვერი მიიბჯინა და ისროლა. თოვლში რომ ჩაემხო, მეგონა, ალბათ ჩემი სამალავიდან გამოტყუება უნდა-მეთქი. კარგა ხანს ვიყავი ავტოფარეხში. მერე დავინახე, თოვლი წითლად როგორ შეიღება. გარეთ გავვარდი და მეზობლებს ვუხმე. ისინი ოთახში შეცვივდნენ და დამდუღრულებივით უცებ გამოცვივდნენ. მე აღარ შემიშვეს. ქეთი უსულოდ ეგდო იატაკზე და სისხლში ცურავდა...

მძიმე მოსასმენი იყო მკვლელობის შემსწრე ახლობლის მონათხრობი, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე - მეორე სართულიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოსული სასოწარკვეთილი დედის მოთქმა...

გულდამძიმებულები გამოვედით გარეთ. მიმსვლელ-მომსვლელს თოვლიანი გზა აეტალახებინა... თბილისისკენ გორის სამხედრო აკადემიის თანამშრომლები დაგვემგზავრნენ. ისინიც გაოგნებული იყვნენ მომხდარით. ქეთის შორიდან, ჯონის კი უფრო ახლოს იცნობდნენ, - საოცარია, ასე როგორ გააგიჟა სიყვარულმა, რომ მკვლელობა ჩაადენინა? არადა, წყნარი, ზრდილობიანი ყმაწვილი იყო, ორ სიტყვას ზედმეტად არ იტყოდა, ყველასგან გამოირჩეოდაო, - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდენ მომხდარით თავზარდაცემულნი...