"თოჯინის ნახვის შემდეგ მამას თვალები გაუბრწყინდა, აღტაცებას ვერ მალავდა... ჩემი მშობლები და მათ შორის მეც, ცხოვრებამ ძალიან დაგვჩაგრა" - კვირის პალიტრა

"თოჯინის ნახვის შემდეგ მამას თვალები გაუბრწყინდა, აღტაცებას ვერ მალავდა... ჩემი მშობლები და მათ შორის მეც, ცხოვრებამ ძალიან დაგვჩაგრა"

"ჩემი თოჯინები, ჩემი სულის ანარეკლია" - ამბობს პედაგოგი და მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილი, რომელიც უკვე 3 წელია გრძნობებითა და ემოციებით სავსე რეალისტურ თოჯინებს ქმნის. როგორც აღმოჩდა, უსულო საგანსა და სათამაშოსაც შეიძლება განცდები და ხასიათი შეატყო, მთავარია, როგორ შექმნი მათ.

სევდიანი თვალები, ჩაფიქრებული გამოხედვა და ბედნიერი იერი ეს სწორედ ის დეტალებია, რომლითაც მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილმა საზოგადოებას თავისი თოჯინები გააცნო და თითოეული მათგანი შეაყვარა. ხელოვნება მის ცხოვრებაში დაბადებიდანვე არსებობდა, თუმცა ირმამ თოჯინების სამყაროში სულ ცოტა ხნის წინ შეაბიჯა.

ირმა ფრანგიშვილი: - უკვე 23-ე წელია სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, ვასწავლი ხელოვნებას. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან უერთიერთობა და შემოქმედებითი გარემო. მეუღლე და ორი შვილი მყავს, მეუღლე იურისტია, მაგრამ ხელოვნებაში კარგად ერკვევა. უფროს ბიჭს, აკადემია აქვს დამთავრებული და უმცროსს თეატრალური უნივერსიტეტი, ორივე კარგად მღერის. რძალიც ხატმწერია. შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი ხელოვანთა ოჯახი ვართ.

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ქსოვა, კერვა. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი შეკერილი მცმოდა, რაღაც განსხვავებული შემექმნა და იმით მეამაყა. წლების შემდეგ, თექით დავინტერესდი და სამოსის, ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარების შექმნა დავიწყე, ხელოვნება დაბადებიდან თანმდევს.

- როდის დაიწყეთ, თოჯინების კეთება და როგორ ამზადებთ მას?

- 3 წლის წინ თოჯინების ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი. სკოლაში ხშირად ვამზადებდით რბილ თოჯინებს, მოსწავლეებს მოსწონდათ ეს საქმე. ერთხელ ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე მოვხვდი და იქ ვნახე სწორედ ისეთი რეალისტური თოჯინები, როგორსაც ახლა ვქმნი. დავინტერესდი და შევისწავლე. ამან, მართლა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველაფერი საინტერესო, მრავალფეროვანი, ფერადი და ზღაპრული გახადა.

თოჯინის შექმნას დაახლოებით 20 დღე სჭირდება და დიდ შრომას მოითხოვს. მასალისთვის პოლიმერულ თიხას ვიყენებ, პირველად ვძერწავ თავს, ხელებსა და ფეხებს. შემდეგ ვამზადებთ კარკასს, ვფუთავ სინთიპონით და ვაძლევ ტანის ფორმას. ტანზე ვამაგრებ თავს, ხელებსა და ფეხებს. ამის შემდეგ კი ვმოსავთ.

ამ ბოლო პერიოდში თოჯინების გაკეთებით ჩემი რძალი დაინტერესდა. მინდა გითხრათ, ძალიან ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა.

- თქვენი ნამუშევრები საკმაოდ ემოციურია, თითქოს ისინი გრძნობებს გამოხატავენ, რა არის მთავარი თოჯინის შექმნისას?

- შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თოჯინები ჩემი სულის ანარეკლია, მიყვარს თოჯინებში განწყობის ხასიათის ჩადება, რადგან მთავარია მნახველმა ჩემს თოჯინებში უთქმელად დაინახოს რისი თქმა მინდა მე რომელიმე კონკრეტული თოჯინით. ეს ყველაფერი უნდა იკითხებოდეს მის სახეზე, მის გამომეტყველებაში. თუ მნახველი იდეას მიხვდა, მაშინ ვხვდები, რომ მიზანს მივაღწიე და ბედნიერი ვარ.

- რაიმე წარმატება თუ მოუტანია თოჯინებს თქვენთვის?

- თოჯინებს ბევრი წარმატება მოაქვთ, 2018 წელს პრაღაში ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე 5 თოჯინა მქონდა წაღებული, მათგან 2 საუკეთესო შეარჩიეს და კატალოგში შეიტანეს "ვედრება" და "წითური გოგონა".

თბილისში, 2019 წელს ზურაბ წერეთლის მუზეუმში ჩატარდა ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფება, სადაც მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მეთოჯინეები. კონკურსის თემა "კოკო შანელი" იყო. 2 თვე ვიმუშავე "კოკო შანელის" კომპოზიციაზე და გამარჯვებაც დავიმსახურე. ასევე, 2019 წელს დევიდ გარეტისთვის შევქმენი მისი პროტოტიპის თოჯინა და გარეტის საქართველოში სტუმრობისასა, დავით ოქიტაშვილმა კონცერტის შემდეგ საჩუქრად გადასცა მას.

- სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც მამის მსგავსი თოჯინა შეგიქმნიათ, მოგვიყევით მამის რეაქციაზე... - დედა და მამა ორივე სოფელში ცხოვრობენ, მამას ავადმყოფობის გამო დიდი ხნით მომიწია ჩასვლა, იქ ყოფნისას კი ძველი სურვილი ავისრულე და მამის კომპოზიცია შევქმენი. მე და მამას განსაკუთრებულად ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. მინდოდა ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა გადმომეცა და ამით გამეხარებინა მისი გული.

მამას ძალიან უყვარს სოფელი. უკვე ეზოში უამრავი ხე დარგო და გაამწვანა იქაურობა. ჩემს კომპოზიციაშიც მოხუცი მამა ახალ ხეს რგავს და შემდეგ დაღლილი ჯდება ხის მორზე. თოჯინის ნახვის შემდეგ მამას თვალები გაუბრწყინდა, სახე გაებადრა, სიხარულს და აღტაცებას ვერ მალავდა, არ ელოდა, რომ ასე დაემსგავსებოდა თოჯინა.

მამაზე ბევრს ვსაუბრობ ხოლმე, რატომღაც მასზე ვარ გადართული, ჩემი მშობლები და მათ შორის მეც, ცხოვრებამ ძალიან დაგვჩაგრა, 1984-85 წლებში და ძმა გარდამეცვალა, არ იყო მარტივი.

- როგორ ფიქრობთ, როგორი პიროვნება ხართ და რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება ხელოვნების გარეშე? - ცოტა ძნელია საკუთარი თავის დახასიათება, მაგრამ მიყვარს ოჯახი, შვილები და თოჯინები. ხელოვნება კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

(სპეციალურად საიტისთვის)