სანუკვარ ოცნებაში ბრუნდებოდა საქართველოში - კვირის პალიტრა

სანუკვარ ოცნებაში ბრუნდებოდა საქართველოში

როცა საქართველოდან მიდიოდა, არ სჯეროდა, რომ ცოცხალი ვეღარასოდეს დაადგამდა ფეხს თავის სათაყვანებელ საქართველოში... უბრალოდ, გააფრთხილეს, - დროებით წადი, თორემ დაგაპატიმრებენო... დროებით წავიდა.

პირველად ევროპაში მაშინ მოხვდა, როცა 1901 წელს ტარტუს უნივერსიტეტში ჩაირიცხა... იქიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხეს და შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა...

როცა ათეული წლების მერე პირით ისევ  ევროპისკენ დადგა, მიხვდა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ზურგს უკან დატოვა.

ისიც გაახსენდა, როგორი ანთებული გულით მოდიოდა ევროპიდან საქართველოში - მოჰქონდა თავისი სათქმელი, რომელსაც სხვა ვერ იტყოდა... სხვა გრიგოლ რობაქიძე ხომ არ არსებობდა! ამ დროს უკვე ჩანდა ჰორიზონტზე "პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი" ძალა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში მოღონიერებულიყო და ახლა ცხელ ლავასავით თუხთუხებდა და ფართოვდებოდა.

რობაქიძეს სჯეროდა, რომ ინტელექტი და ჯიში ყველაფერს დაამარცხებდა.

1908 წელს, დაბრუნდა თუ არა საქართველოში, დაიწყო ლექციების კითხვა ქართულ და რუსულ ენებზე. სხვათა შორის, პირველად მან გაბედა საჯაროდ ქართულ ენაზე ლექციების წაკითხვა...

მასზე თქვა სწორედ აკაკი წერეთელმა ცნობილი სიტყვები, - ვხედავ ქართველ ინტელიგენტს, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდიო... გრიგოლ რობაქიძემ მტვერწაყრილი ისტორიიდან ამოამზეურა საქართველო, რომელსაც აღარ ცნობდნენ...

ცხოვრება აწეწილი ჰქონდა, ცოლად შეირთო ნინა დომენსკაია, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მეუღლის დაუდევრობის გამო ორივე დაეღუპა... ცოლს გაეყარა. რამდენიმე წლის მერე დაქორწინდა ლენა ფიალკინაზე, მაგრამ მემკვიდრე აღარ შესძენია... კაცი, რომლისთვისაც ქართული გენის განსაკუთრებულობა აქსიომა იყო, ცხადია, ძალიან განიცდიდა უშვილძიროდ გადაგებასაც, თავისი შვილების მძიმე ხვედრსაც, მაგრამ იყო რაღაც, რაც სრულიად ანადგურებდა და ყველა პირად სატკივარს ავიწყებდა - საქართველოს ნელი სულიერი გადაგვარება.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით "თმაგაწეწილსა და პირდაუბანელ" მომავალს, მით უფრო მკვეთრად გამოხატავდა პროტესტს: იცვამდა ისე, როგორც არავინ, იკეთებდა თეთრ ხელთათმანებს... რუსთაველზე ისე გამოდიოდა, თითქოს უბრალოდ კი არ მიდის, აქციას ატარებსო...

ის დრო იყო, ზოგი ქართველი მწერალი უკან რომ მისდევდა უხამსი ხუმრობებით და ზურგზეც კი ახტებოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაგრამ მაინც ის დრო ერჩია, ის უთანასწორო ბრძოლა, თავგანწირვა.

მიდიოდა ევროპაში და ფიქრობდა იმ წუთზე, როცა დაბრუნდებოდა, როცა კიდევ მეტ  სათქმელს ჩამოიტანდა.

გერმანიაში ჩავიდა, მერე კი შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, დასახლდა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი, მისივე თქმით, ბოლშევიკური დიქტატურა იყო. ერთ-ერთ რადიოგამოსვლაში მწერალმა განაცხადა: "ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. საბჭოეთში კაცს შიშით მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია, სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე".

ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა  "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", 1937 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი". ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.

საბჭოთა ხელისუფლებამ ლაფის სროლა საქართველოდან დაუწყო ევროპაში გადახვეწილ მწერალს. გაზეთ "კომუნისტსა" და "მნათობში" გამოქვეყნდა მწერალთა მიმართვა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმისადმი - "არავითარი დანდობა კლასობრივ მტრებს", რომელიც მიმართული იყო გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო, რომ "რობაქიძე თვალთმაქცობდა, ატყუებდა ხელისუფლებას, მწერლობას, საზოგადოებას", ფაშისტთა ბანაკში გადავიდა, იყო სოციალისტური სამშობლოს მოღალატე...

მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს. მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი.

ლადო გუდიაშვილს ერთხელ გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი დაუხატავს. ტიციან ტაბიძის სიტყვით, ,,ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს. გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქო მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი".

რობაქიძის წინააღმდეგ პამფლეტი, ,,გველის პერანგოსანი",-დაწერა კომუნისტმა პუბლიცისტმა  გრიგოლ მუშიშვილმა. ეს წიგნი მხატვრულად ლადო გუდიაშვილმა გააფორმა. მხატვარმა გრიგოლ რობაქიძის თავს ქვეწარმავლის ტანი გამოაბა და მწერალი გველად გამოიყვანა.

როდის იყო გულწრფელი გუდიაშვილი? როცა არწივისთავიანი რობაქიძე დახატა, თუ მაშინ, როცა გველისტანიანი გამოსახა?!

"რა თქმა უნდა, მხატვარმა თავისი გულისნადები მაშინ გამოთქვა, როცა არწივისთავიანი მწერალი დახატა, ხოლო როცა გველისტანიანი გრიგოლ რობაქიძე გამოსახა, მაშინ კომპარტიის განკარგულებას ასრულებდა - სხვა გამოსავალი იმ დროს არ ჰქონდა. მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. როგორმე თავი უნდა გადაერჩინა", - წერდა აკაკი ბაქრაძე.

ვიღაცისათვის თუ გველი ღალატის - ლუციფერის სიმბოლო იყო მხოლოდ, ლადო გუდიაშვილისთვის სიბრძნის სიმბოლოც გახლდათ. სწორედ ამიტომ დახატა გველის ტანით და, სხვათა შორის, არა კარიკატურის ენაზე, არამედ დახვეწილად - სერიოზული გრაფიკული ენით.

გრიგოლ რობაქიძე კი ევროპაში იყო და მისი ფიქრი ისევ ფილოსოფიური წიაღსვლებით ბრუნდებოდა საქართველოში...

ბევრი რამ გაუგებარიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ბევრი რამ შოკის მომგვრელიც საბჭოთა საქართველოსათვის. ამაზე ნაკლებად ფიქრობდა.

ლაშა ბაქრაძე: "რობაქიძესთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან უცნაური არის ის, რომ ადამიანს, რომელიც საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმისადმი უაღრესად კრიტიკულად იყო განწყობილი, აქვს მთელი თავი დაწერილი სტალინზე "ჩაკლულ სულში", რომელიც შემდეგში ცალკეც დაიბეჭდა მისი ესეების ტომში, სახელწოდებით "დემონი და მითოსი", სადაც სტალინი წარმოდგენილია, როგორც აჰრიმანული სული... აქ რობაქიძე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს სწორედ ამ პერსონის კულტს, პიროვნების კულტს და ამბობს, რომ ამაში არის რაღაც დამანგრეველი სული და როდესაც სტალინისადმი კაცი ასე კრიტიკულად არის განწყობილი, ცხადია, გიკვირს, რატომ მოსწონდა ჰიტლერი და მუსოლინი".

ლეგენდად ჩამოდიოდა საქართველოში, როგორ აჩუქა გრიგოლ რობაქიძემ ჰიტლერს გერმანიაში "ვეფხისტყაოსანი"...

ფაშისტების მეხოტბე - ასე აფასებდნენ საბჭოეთში გრიგოლ რობაქიძეს, რომელსაც არც ფაშიზმის ხოტბა ან ძაგება ჰქონია მთავარ სათქმელად, არც კომუნიზმისა. მთავარი იქ იყო - შორეული საქართველოს ისტორიულ წიაღში, იმ სიძველეებში, რომელსაც ვეღარ ხედავდნენ მისი თვალდაშრეტილი თანასამშობლოელები...

სანუკვარ ოცნებაში მოდიოდა საქართველოში, მცხეთაში - რომელიც "წმინდა საშო იყო ჩვენი მიწისა". ანდერძადაც ეს დაწერა: "ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა, იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კარდჰუსი. მცხეთის მიდამო აირჩიეს ძველმა მოგვებმა, ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ მზესა და ცეცხლს, მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს რჯული, აქ გამოსჭრა ნინომ ჯვარი ვაზისა ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები, იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოსი.

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს!"

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც დადიან მცხეთაში 1-ელ ნოემბერს, მისი გარდაცვალების დღეს. ასე იქნება მუდამ, ვიდრე მისი მკითხველი იარსებებს და მკითხველი კი სულ ეყოლება, ვიდრე ვიქნებით.