"ვერავინ დამაჯერებს, რომ თამომ თავი მოიკლა" - კვირის პალიტრა

"ვერავინ დამაჯერებს, რომ თამომ თავი მოიკლა"

"არ ვიცოდი ფსიქოლოგი თუ ჰყავდა"

ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი. 22 ივლისს 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარი მწყემსმა აღმოაჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარზე პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება, ასევე ბაჩალიაშვილის ავტომობილიდან ამოღებულია გარკვეული ტიპის მედიკამენტები და გოგონას გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად თვითმკვლელობაც დასახელდა. ამ ვერსიის არ სჯერა თამარ ბაჩალიიშვილის ოჯახსა და მეგობრებს.

kvirispalitra.ge თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრებს ესაუბრა.

სალომე თაბაგარი:

- თამო ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო. სკოლიდან მოყოლებული კარგად სწავლობდა, უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალი ქულებით მოეწყო, 70%-იანი დაფინანსება აიღო, 0.1 ქულა დააკლდა 100%- სთვის და იმავე ზაფხულს აიმაღლა გრანტი 100%-მდე. უნივერსიტეტში წარმატებული იყო, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვიან რომ თბილი და უანგარო იყო, უარყოფით თვისებას ვერ ვუძებნი.

თამოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან. თუ სადმე მიდიოდა, ოჯახის წევრებს საქმის კურსში აყენებდა, ამიტომ ძალიან უცნაურია ჩემთვისაც მისი მხრიდან თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი. არ ვიცი, ამ ყველაფერს ფონად რა უდევს, იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ბოლო პერიოდი, რაც საფრანგეთში იყო, არ მყავდა ნანახი, მერეც აღარ შევხვედრილვართ ამიტომ ზუსტად არ ვიცი რამეს თუ განიცდიდა.

ის, თუ სად მუშაობდა თამო, მეც ტელევიზიიდან გავიგე. კარანტინის დროს მომწერა, მასწავლებელი ვარ და რჩევა აინტერესებდა, სამსახურში პროგრამას წერდნენ, რაც მასწავლებელს ონლაინ სწავლებისას დაეხმარებოდა. სხვა არაფერი ვიცი, რა ტიპის სამსახური ჰქონდა.

ლედი ოთარაშვილი:

- ყველამ ვიცით, როგორი განათლებული და კარგი მეგობარი იყო თამო. მოგისმენდა, გვერდში დაგიდგებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო. მახსოვს მისი სიცილის ხმა და გაბრწყინებული თვალები, ეს ერთ-ერთია, რაც არასდროს დამავიწყდება.

თამო არასდროს მოიკლავდა თავს, არასდროს, ვერავინ დამაჯერებს ამას. იმედია ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თამარს ფსიქოლოგი ჰყავდა... - ბოდიში, მაგრამ ვერ გეტყვით ვერაფერს.

მარიამ ვარდიაშვილი:

- ყველას გვიკვირდა, როგორ იყო ასეთი იდეალური ადამიანი. უჭკვიანესი, ყოველთვის მაღალ ქულებზე სწავლობდა, ოლიმპიადებზე იმარჯვებდა. ასევე პოზიტიური, კომუნიკაბელური, თამო რომ გვხვდებოდა ენერგიით გვავსებდა. თამარ ბაჩალიაშვილი და მარიამ ვარდიაშვილი

ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი და გარდაცვალების ვერცერთ ვერსიას განვიხილავ, არც პრობლემებზე უთქვამს რამე. საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შემდეგ, ისეთი ხშირი ურთიერთობა აღარ გვქონდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პროგრამისტად მუშაობდა ორ სამსახურში, სხვა არაფერი.

არ ვიცოდი ფსიქოლოგი თუ ჰყავდა".

იხილეთ ასევე: გიდი თუ ექსპერტი? - ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

(სპეციალურად საიტისთვის)