"საკუთარი თვალით ვხედავდით, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა..." - კვირის პალიტრა

"საკუთარი თვალით ვხედავდით, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა..."

ყოველთვის, როდესაც ზაფხული მოდის, მეხსიერებაში განსაკუთრებული სიმძაფრით ამომიტივტივდება ხოლმე 1992-1993 წლების აფხაზეთის ომი, ბრძოლები ტამიშთან, ადამიანური თუ არაადამიანური ამბები, ტკივილი, რომელიც არასდროს ნელდება...

ქალბატონ ასმათ გვაძაბიას შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, აღფრთოვანებით მიყვებოდა, თუ რა გამორჩეული ადამიანია, როგორ სწავლობდა შვეიცარიაში, თავად როგორი მასწავლებელია და როგორ მეგობრობს ახალგაზრდებთან. მასთან გასაუბრება მართლაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა, საინტერესო და იმავდროულად, სევდიანიც...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემმა ახლობელმა შვეიცარიელებმა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ საქართველო, თურმე იცოდნენ თბილისის ომის შესახებ და მიმალავდნენ, - ინერვიულებსო. მე კი გავიგე, მაგრამ დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან მაშინ ჩვენს ქვეყნებს შორის სატელეფონო კავშირიც შეზღუდული იყო და წერილებსაც ვერ ვიღებდით. ასე რომ, ჩემი ოჯახის შესახებაც არაფერი ვიცოდი..."

"ტომას ჰოიზერმანმა საქართველოსა და ქართველების სიყვარულით ულვაში მოუშვა და ჩოხაც შეიკერა. 1991 წელს ერთად ჩამოვფრინდით საქართველოში და ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რუსთაველის პროსპექტთან არ გაგვატაროთ, სხვა გზით წავიდეთო. ესეც იმიტომ გააკეთა, რომ ჩამოსვლისთანავე გადამწვარი თბილისი არ გვენახა. თბილისის ამბები დაწვრილებით, ფაქტობრივად, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიგე. თბილისში ცოტა ხნით დავრჩი და მერე გალში გავემგზავრე..."

"სამი დედმამიშვილი მყავს - ორი ძმა და ერთი და. ომი რომ დაიწყო, ჩემი ძმები სტუდენტები იყვნენ, თბილისში სწავლობდნენ, და გათხოვილი გახლდათ. გალში შემაღლებულ ადგილას ვცხოვრობდით და ჩვენი აივნიდან შესანიშნავად ჩანდა სოხუმიდან მომავალი გზა. საკუთარი თვალით ვხედავდით, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა..."

"იქ ჩემი ბებო ცხოვრობდა, დედის დედა, არც მას დაუტოვებია სოფელი, თუმცა წამოსვლა უნდოდა. ბაბუას უთქვამს, რას გვიზამენ მოხუცებს, დავრჩეთო. ოქტომბერში, ომი დამთავრებული რომ იყო, აფხაზები შესულან სოფელში და ბებო მოუკლავთ. ბაბუას იგი ღამით იქვე, ბოსტანში დაუკრძალავს. მამას ამბავი გვიან გავიგეთ: მეზობლის მანქანით უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ ის მანქანა სხვას წაუყვანია..."

"7 ბიჭი თურმე ცოცხლად დამარხეს. სოფელში დარჩენილებს ესმოდათ მათი გმინვა, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდნენ, რადგან ავტომატიანი აფხაზები და მათთან ერთად მებრძოლი მთიელები დარაჯობდნენ იქაურობას. ომის პერიოდში, ბრძოლისას რომ მომხდარიყო ეს საშინელება, კიდევ იტყოდი, გახელებულები არიანო, მაგრამ ომი დასრულებული იყო, არავინ იბრძოდა და ასეთი საშინელება ჩაიდინეს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 23 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ირმა ხარშილაძე