"ბურჯანაძის ქონებაზე იმდენი მითი დადიოდა, ამაზე კიდევ ერთხელ საუბარი ღირს?"
"ბურჯანაძის ქონებაზე იმდენი მითი დადიოდა, ამაზე კიდევ ერთხელ საუბარი ღირს?"
"როცა ხალხი ეკრანზე კარგად ჩაცმულსა და მოწესრიგებულს გხედავს, ყველაფერს ადვილად იჯერებს"

მინიდოსიე:
ნინო ბურჯანაძე დაიბადა 1964 წლის 16 ივლისს ქუთაისში, თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1995 წელს პირველად
გახდა პარლამენტის წევრი "მოქალაქეთა კავშირის" სიით და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. ბურჯანაძის დეკლარირებულ ოჯახის წევრებს შორის მოხვდნენ მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე და უმცროსი შვილი, რეზო ბიწაძე.


ნინო ბურჯანაძემ ბოლო დეკლარაცია ჯერ კიდევ მაშინ შეავსო, როდესაც თვითონ­ საქართველოს პარლამენტის, ხოლო მეუღლე ბადრი ბიწაძე საზღვრის
დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ - 2008 წლის 29 აპრილს, ანუ რამდენიმე დღით ადრე, სანამ საკუთრებაში გადაეცემოდა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორ­იაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 კვმ) 31 696 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად­ სულ რაღაც 1 ლარად. ეს ქონება პრეზიდენტის განკარგულებით, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე, ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ერგო, თუმცა მოგვიანებით საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით ჩამოართვეს... ნინო ბურჯანაძის სახელზეა 350.000 ლარად შეფასებული ბინა თბილისში და სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში (მისი ღირებულება 30.000 ლარია), მეუღლის - ბადრი ბიწაძის საკუთრებაშია ბორჯომში 55.000 ლარად ღირებული აგარაკი, ჭიათურაში, სოფელ ცხრუკვეთში, 15.000 ლარად შეფასებული სახლი, 10.000-ლარიანი მიწის ნაკვეთი საგურამოში და 20.000-ლარიანი ავტომანქანა. იმხანად ქალბატონ ნინოს ანგარიშზე ჰქონია 48.560 დოლარი, საიდანაც 1.389 დოლარი შემოსავალი მიუღია. ოჯახის დეკლარირებულ წევრთა საკუთრებაში არსებული ნაღდი თანხის მაშინდელი ოდენობა სულ 10.000 ლარი ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარეობიდან მიღებული შემოსავალი 49.179 ლარს, ხოლო მეუღლის შემოსავალი - 47.483 ლარს შეადგენდა...


- გამიმართლა, რადგან თბილ და მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი; მშობლებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთანაც და ერთმანეთის ნათესავებთანაც. მამასგან არასდროს გამიგია ხმამაღალი საუბარი და შეურაცხმყოფელი სიტყვები ვინმეს მისამართით. როგორც ქართველი მამაკაცების უმეტესობა, ისიც ემოციური იყო, დედა - დიპლომატი და საქმე კონფლიქტამდე არ მიდიოდა. მამა ისტორიკოსია და ბევრმა არ იცის, რომ ერთი წელი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ჯემალ ღაღანიძე, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გურამ ფანჯიკიძე, ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ჭაბუა ამირეჯიბი­, ნოდარ დუმბაძე ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ, ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე. ვიზრდებოდი იმ ადამიანთა გარემოცვაში, ვინც მაშინდელ სახელმწიფოში სპორტის, თეატრის, მეცნიერების სფეროში ყველაფერს საინტერესოს ქმნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვიჭირდა, ჩვენთვის გაფეტიშებული არ ყოფილა მატერიალური ფასეულობები. ფულს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამას ლამის 40 წელს გადაცილებული მივხვდი, როცა დავინახე, თურმე რამდენ რამეს აკეთებინებს ადამიანებს.

- ალბათ, მშობლები ძალიან განებივრებდნენ.
- მამა კი, დედა - არა, იმის მიუხედ­ავად, რომ ნანატრი შვილი ვიყავი - ჩემა­მდე 3 ახალშობილი დაეღუპათ, 7-თვიანები­ ჩნდებოდნენ. დედა მკაცრი და მომთხოვნი იყო, თუმცა არ მახსოვს, ოდესმე ხმისთვის აეწიოს, წარბის აწევაც საკმარისი იყო. ტყუილი რომ არ უნდა თქვა, მეგობარს რომ არ უნდა უღალატო და ა.შ., ამას მათი ცხოვრების მაგალითზე ვსწავლობდი.

- თქვენ თვითონ მკაცრი დედა ხართ?
- არ ვთვლი, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემი შვილები ფიქრობენ ასე. შეიძლება ეს სიმკაცრე იმის კომპენსაცია იყო, რომ მათ ხშირად ვერ ვხედავდი და სულ მქონდა იმის განცდა, რამე არ გამომპაროდა. ახლახან ჩემმა უმცროსმა შვილმა მითხრა, ახალი წასული რომ ვიყავი ინგლისში სასწავლებლად, თავისუფლება ვიგრძენი და პირველი­ 2-3 კვირა ვიზარმაცე. მერე უცებ რომ წარმოვიდგინე, რას იზამდი, კარგად რომ არ მესწავლა, დაფეთებული შევვარდი კოლეჯშიო. მგონი, კარგი შვილები გავზარდე, კარგი მოქალაქეები, უღალატოები, პასუხისმგებლიანები.

- მათ ჰქონდათ ყველაფერი, რასაც მოითხოვდნენ?
- მეც თითქმის ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარი. რამდენი ფულიც უნდა გქონდეს, იმაზე მეტად არ უნდა გაანებივრო შვილები, რომ ზომიერებისა და გონიერების ფარგლებს გასცდნენ.
არაგულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ცუდია, როცა შეძლებულად ცხოვრობ, კარგი მანქანა გყავს, კარგად გაცვია, კარგ ადგილზე შეგიძლია დაისვენო, მაგრამ ეს არ არის უზენაესი, ფულს არ უნდა ანაცვალო ყველაფერი. სხვისი შრომის ფასი უნდა ასწავლო შვილებს.
ბაბუა მეღვინე იყო და 80 წლის ასაკშიც კი ფიზიკურად შრომობდა. ერთხელ მამამ უსაყვედურა, ამდენს რატომ მუშაობო და ასე უპასუხა, ჯერ ერთი, ამით თავს ვირთობ და მეორეც, ტყუილად რა გამაჩერებს მთელი დღეო? ასე ვარ მეც, უსაქმურობას და უსაქმურებს ვერ ვიტან.



- პირველი სამსახურის შესახებ მიამბეთ.
- მუშაობა გვიან, 1991 წელს დავიწყე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრაზე. ძალიან მწყდება­ გული, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტისთვის თავის დანებება მომიხდა.
სხვათა შორის, ჩემი სტუდენტები­ იყვნენ კობა დავითაშვილი, თინა ხიდაშელი, ირაკლი ოქრუაშვილი, დათო პატარაია­, ვიქტორ ყიფიანი,­ არჩილ კბილაშვილი, თეა წულუკიანი,­ მათი უმრავლესობა დღეს პოლიტიკაშია.

- თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გკითხავთ. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, იმ წლებში თბილისში მხოლოდ ერთადერთი სახლი გქონდათ, ბოლქვაძეზე?
- კი, და ახლაც მაქვს, მაგრამ ბურჯანაძის ქონებაზე იმდენი მითი დადიოდა,­ ამაზე კიდევ ერთხელ საუბარი ღირს?
ხან ტყუპ სახლებს ვაშენებდი, ხან ბაზრობების მეპატრონე ვიყავი... 1996 წლამდე ჩემს ოჯახზე, მამაჩემზე, მეუღლეზე არც ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დაწერილა, შემდეგ წამოვიდა ნიაღვარი, რადგან პოლიტიკურ არენაზე გამოვჩნდი. ერთ ფაქტს გეტყვით: მამა პურპროდუქტების­ კორპორაციაში 1993 წელს დაინიშნა, დეკემბერში. 1995 წელს კორპორაცია გაუქმდა, მამას წინააღმდეგ წერილების წერა კი 1996 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა აღარც თვითონ მუშაობდა და კორპორაციაც აღარ არსებობდა. ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს.

არ ეკუთვნოდა, მაგრამ ეს იყო ფასი, რომელიც ჩემი პოლიტიკური კარიერის გამო გადაიხადა. მახსოვს, თბილისის ცენტრში 2 ერთნაირი სახლი შენდებოდა და ერთ-ერთ გაზეთში დაიდო ფოტოები წარწერით, ბურჯანაძე თავისი ბიჭებისთვის ტყუპ სახლს აშენებსო. გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით და გაერკვიათ, ვისი სახლები იყო. გაიკითხეს, გამოიკითხეს და იპოვეს სახლის პატრონი, რომელმაც თქვა, 2 ბიჭი მყავს და ამ ორივე სახლს მე ვაშენებ, ბურჯანაძე რა შუაშიაო? ამის მიუხედავად, მაინც რამდენჯერ ითქვა ამ სახლების შესახებ. ერთ-ერთ ბაზრობაზე ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი იყო, მაგრამ დღემდე არავითარი კავშირი არა გვაქვს.

სიმართლეში ვერავის დაარწმუნებ, როცა შენს წინააღმდეგ სახელისუფლებო სტრუქტურები მიზანმიმართულად მუშაობენ. 90%, რაც იწერებოდა და ითქმებოდა, ტყუილი და მოგონილი იყო.

- ახლა უკვე თქვენი უფროსი შვილის, ანზორის ქონებაზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ ის ფლობს მიწის ნაკვეთებს გურჯაანში, მცხეთაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ოზურგეთში, ბინას თბილისში, მსუბუქ ავტომანქანას...
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, დიდი ჩამონათვალია... ის არის ჩემი შვილი, მამაჩემის შვილიშვილი და ბაბუაჩემის შვილთაშვილი. ასე რომ, ჩვენ რაც გვაქვს, ბუნებრივია, ჩემს შვილებზე გადანაწილდება და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ზუსტად ვიცი, ფულისა და კარიერისთვის არც ერთი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ღირსეული ადამიანისთვის სამარცხვინოა.

- რაში არ გენანებათ ფულის ხარჯვა?
- წიგნებში, საჩუქრებში, რადგან მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვჩუქნი, ყვავილებში, კარგი სპექტაკლისა და კონცერტის ბილეთში და რაც უნდა გაგიკვირდეთ, სამზარეულოს აქსესუარებში. ხშირად არ მიწევს სამზარეულოში ყოფნა, მაგრამ მიყვარს. მაგალითად, ახლახან ჩემს დაბადების დღეზე ბევრი რამ თვითონ მოვამზადე.

- ქველმოქმედებაზეც უნდა გკითხოთ, ხშირად მოგმართავენ დახმარების თხოვნით?
- პირდაპირ გეტყვით, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ვისაც ვიცნობ, ანზორ ბურჯანაძეა. ივანიშვ­ი­ლისგან განსხვავებით, უწყისებზე ხელს არ აწერინებდა იმ ადამიან­ებს, ვისაც ეხმარებოდა. ისე, ასე რომ გაეკეთებინა, ზოგიერთების შვილები ენას ჩაიგდებდნენ. ყველას ეხმარებოდა, ვისაც სჭირდებ­ოდა და გარწმუნებთ, პროცენტულად­ რომ შეადაროთ ივანიშვილის ქონ­ება ჩვენს ქონებას, გაცილებით დიდი ქველმოქმედი აღმოჩნდება ანზორ­ ბურჯანაძე. ეს ზოგმა დაინახა და ზოგმა ვერა, მთავარია, ღმერთი ხედავს.

ნინო ჯავახიშვილი

ალექს
01 აგვისტო 2020 19:43
დიოფალი მოქკავშირისა, ნაცთ რკინა და პრინცესა კომკავშირისა !
369
01 აგვისტო 2020 15:44
მაგ სიმართლით გევლოთ.
zurab
01 აგვისტო 2020 11:28
გოორგი (გივი) გელაძე. გეტყობა, ახლობელი რომ ხარ მათი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები