"ანი ყოჩაღი გოგოა. დავესწარი მის მშობიარობას... ქალებს ისეთი ტკივილი გადააქვთ, გამორიცხულია, ეს კაცმა გადაიტანოს" - კვირის პალიტრა

"ანი ყოჩაღი გოგოა. დავესწარი მის მშობიარობას... ქალებს ისეთი ტკივილი გადააქვთ, გამორიცხულია, ეს კაცმა გადაიტანოს"

"მე ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ვცდილობ, ყველა მინუსი პლუსად ვაქციო და ჩემი შეცდომები ჩემს შვილებს გავუზიარო, რომ იგივე არ დაემართოთ..."

ცნობილ ტელეწამყვანებსა და მსახიობებს, ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ვაჟი შეეძინათ. ჩვენი ინტერვიუ ახალშობილის მამასთან ამ სიახლით დავიწყეთ.

- ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი გაქვთ. მიამბობთ მიზეზზე?

- მიზეზი არის ჩემი შვილი, ჯერი ბეროშვილი, რომელიც სამი კვირის გახდა... ძალიან მაგარი ბიჭია. მისი ყურადღების მიქცევას სტვენით ვახერხებ - ამაზე შტერდება და გაკვირვებული მიყურებს. შინიდან რომ გავდივარ, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები და ვნახავ. მართალია, რთული ღამეები გვაქვს, მაგრამ მისი ერთი შემოხედვა და გაცინება მთელ დაღლილობას აქრობს. აი, დღეს უკვე ორჯერ გავასეირნეთ ეტლით... უკვე ეკრანზეც გამოჩნდა და მგონია, რომ კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება, იმიტომ, რომ ანი დილის გადაცემაში მუშაობს, მე - ჩემს შოუში და არ არის გამორიცხული, შოუ-შოუ აქეთ-იქით ვიაროთ. ძიძა არ გვყავს და აყვანას არც ვაპირებთ ჯერჯერობით. ანი ძალიან ყოჩაღი გოგოა. დავესწარი მის მშობიარობას... სულ ვამბობ, რანაირად არიან ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები, ისეთი ტკივილი გადააქვთ, გამორიცხულია, ეს კაცმა გადაიტანოს ან ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად-მეთქი. ჰოდა, უფრო უნდა დავაფასოთ ქალები.

- ანისთვის პირველი მშობიარობა იყო?

- დიახ. ორსულობა ხომ რთული პერიოდია, არა მარტო ქალისთვის, მამაკაცისთვისაც - ნერვიულობ, ღელავ, მარტო დატოვება არ გინდა... სხვათა შორის, ანი არ იყო პრეტენზიული ორსული და ხანდახან ეგ პერიოდიც მენატრება. ორსული ქალი თითქოს დაუცველია - ვერ მოძრაობს, ადგომაში უნდა მიეხმარო, რაღაც მიაწოდო...

ჯერის მომავალზე ბევრს ვფიქრობთ. რადგან ყოფილი სპორტსმენი ვარ, მინდა ბავშვობაში სპორტის რომელიმე სახეობაში ივარჯიშოს, ვიმეგობროთ, ვიძმაკაცოთ, შეეძლოს ჩვენთან გულახდილად საუბარი, მშობლებს ყველაფერი გაგვიზიაროს, არ იყოს ჩაკეტილი... მინდა, ბევრი იმოგზაუროს და თავისი თავი თვითონ იპოვოს, ჩვენ კი ხელს შევუწყობთ. ანი ყურადღებიანი და კარგი დედაა, ყველაფერს მალე ითვისებს. მეც ვეხმარები რაღაცებში. ჯერიმდე ორი შვილის გაზრდაში ვიყავი ჩართული და რაღაცები ვიცი.

- როგორ შეხვდნენ დაიკოები?

- სესილი და ევა ძალიან ელოდებოდნენ. ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიცნობდნენ. ძალიან კარგად აღიქვამენ, რომ მათი ძმაა, ეფერებიან, ფოტოებს იღებენ...

- როგორ შეარჩიეთ ბავშვის სახელი?

- ჯერი ანის შერჩეული სახელია. წელს ხომ ვარდისფერი თაგვის წელიწადი იყო. ანი მოდიოდა და უცბად დაინახა მაღაზიის ვიტრინაში ჩამოკიდებული ჯერის სურათი "ტომი და ჯერიდან" (დისნეის ეს გმირი ორივეს გვიყვარს ბავშვობიდან). ისეთი სახე ჰქონდა, მერე რომ ვილაპარაკეთ, დაახლოებით ასეთი ხასიათის წარმოგვედგინა ჩვენი შვილი, იმიტომ, რომ მეც ცანცარა ვარ, ანიც ლაღია. ჰოდა, გადავწყვიტეთ, რომ ჯერის ხასიათი ექნებოდა ჩვენს პატარას და დავარქვით ჯერი. როცა გაიზრდება, თვითონ თუ გადაწყვეტს, რომ სხვა სახელი უნდა, არც ეგ არის პრობლემა. სახელი მთავარი არ არის, მთავარია, როგორ გაზრდი. შვილის გაზრდა ხელოვნებაა, ძალიან რთულია. სამ წლამდე სხვანაირად ყალიბდება ბავშვის აზროვნება. კარგია ოჯახში ჰარმონია, სიმშვიდე იყოს, რადგან ადამიანში მერეც სულ არის გარდატეხის პერიოდები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, სიყვარულით იზრდებოდეს.

ახლა მართლაც ლამაზი პერიოდი გვაქვს. მე და ანი ვუყურებთ ხოლმე და ვმსჯელობთ, როდის ატლიკინდება, როდის იტყვის დედას, მამას. შვილი არის ბუნების სასწაული.

რაღაცნაირი შტამპი არსებობდა, რომ თითქოს ბავშვი ამ ასაკში ამას გაიგებს, იმას - ვერა, მაგრამ ჩემი აზრით, უზარმაზარი ინფორმაციის დატევა შეუძლიათ, თუ ემოციურად სწორად და გულწრფელად მიაწვდი. ყოველდღიურ რუტინაში ჩართულმაც კი დრო და ნებისყოფა არ უნდა დაინანო, მოუსმინო და უპასუხო მის ყველა რატომ-ს.

- აღზრდის გარდა, ალბათ, მნიშვნელოვანია ის გარემოც, სადაც გაიზრდება, ის სოციალური ფონი, მენტალიტეტი, რომელიც კლასში, სამეგობროში, უბანში ტრიალებს. ბოლო დროს ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის შემდეგ... - როდესაც ჯერი დაიბადა, შაქარაშვილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და დავფიქრდი, ის ბავშვიც სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას, მისი მშობლებიც, ალბათ, ჩემსავით ბედნიერები იყვნენ... ეს რომ წარმოვიდგინე, უდიდესი, უსაზღვრო ტკივილი ვიგრძენი.

ვიცი, რომ შაქარაშვილს ფეხბურთი ძალიან უყვარდა, ამით ცხოვრობდა. მეც სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს შრომისმოყვარეობა სპორტსმენისთვის. კარგი მომავალი ჰქონდა. ფოტო რომ ვნახე, ვიგრძენი, როგორი სიკეთე მოდიოდა მისგან. მრცხვენია, რომ ქვეყანაში ასეთი სუფთა ადამიანის სიკვდილს ასეთი ბინძური გამოძიება მოჰყვება ამდენი კითხვით, გაუგებრობით, თვალთმაქცობით, სისტემური პრობლებით...

ერთი უბედურებაა, რაც მოხდა და მეორე - რა შედეგი მოჰყვება ამას.

იქნებ ამ ბავშვის სიკვდილის შემდეგ მაინც მოვეგოთ გონს, შევახსენოთ იმ ხალხს, ვინც ხელგადახვეულია კრიმინალებთან, ძმაკაცობს, ქეიფობს და "არასკლადებს", გამოიძიოს, ვინ არის მკვლელი, ვინ - ხელის დამფარებელი და სადამდეც უნდა მიდიოდეს ეს, ბოლომდე მიჰყვნენ. შვილები არ ჰყავთ?!

- მთავარი რა არის ცხოვრებაში? - ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, არაფერი სჯობს იმ განცდას, როცა ღამე დაწოლილს გული არაფერზე გეთანაღრება და შენს თავთან, ფიქრებთან, საქციელთან პირნათელი ხარო...

შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად ვიქცევით, მაგრამ ჩვენზე უკეთ არავინ იცის, სად ვიტყუებთ თავს, სად ვდგამთ მცდარ ნაბიჯს, სად გვამოძრავებს მერკანტილური მიზნები...

ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ვქადაგებ, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც საკუთარ თავსაც ვეუბნები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ვცდილობ, ყველა მინუსი პლუსად ვაქციო და ჩემი შეცდომები ჩემს შვილებს გავუზიარო, რომ იგივე არ დაემართოთ. თუ არ ჩაეფლობი პრობლემებში და შეძლებ, რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ წამოდგე, ეს გაგაძლიერებს და სწორედ ამას ვუსურვებ ყველას. არ დაკარგოთ იმედი, მიუხედავად პრობლემებისა და დაბრკოლებებისა. რასაც ახლა გეუბნებით, ჩემი ყოველდღიური ფიქრია. არ ნიშნავს ეს, რომ ამ ფიქრებს ყოველთვის ხორცს ვასხამ, მაგრამ ამას გულწრფელად გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც.