მხოლოდ თქვენი თანადგომის იმედად... - კვირის პალიტრა

მხოლოდ თქვენი თანადგომის იმედად...

თვალები, რომლისაც გეშინია

ჩვენგან შორს თუ ახლოს არიან პატარები, რომლებიც ავადმყოფობით იტანჯებიან. სტკივათ დღეც, სტკივათ ღამეც, მაშინაც კი, როცა იცინიან. ეს სიცილნარევი ტკივილი სამსალაზე მწარეა.  ტკივილი ამ ბავშვების თვალებში ლოდივითაა ჩაძირული. ამ თვალებს ერთხელ თუ ჩახედე, სულს შეგიხუთავს, მასზე ფიქრს თავიდან ვერ მოიცილებ.

ალბათ ესეც უფლის ნებაა, - ბავშვების სატკივარი გადამდები უნდა იყოს, სულ თან უნდა გდევდეს და რამეს გაკეთებინებდეს ისეთს, რომ ამ ბავშვებს (და მათ მშობლებსაც) უშველო. მე კი ხელი ყოველთვის მიკანკალებს, როცა ასეთი ბავშვების კარზე ვრეკავ. მეშინია! ჯერ მათი "ლოდებიანი" თვალების, მერე იმისა, რომ მათი გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა ჩანს, - გზა ხალხის გულამდე. ვაითუ, ეს გზაც დაიკეტოს, მერე რაღა ვქნა?!

თიკო მოსიაშვილი სამზარეულოში იჯდა, - დიდ ბებიასთან და უმცროს დაიკოებთან ერთად სადილობდა. ღმერთო, რა ლამაზია - ანგელოზს ჰგავს-მეთქი, გავიფიქრე. დედამ წამოაყენა - ხელი წელსა და მხრებზე მოხვია. დავინახე ბავშვს სახე როგორ შეეცვალა, თუმცა ხმა არ ამოუღია.

- სტკივა, არა, - ვკითხე დედამისს.

- კი. ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ამბობს, მუხლები მტკივაო, განსაკუთრებით ღამით. ნელ-ნელა უფრო იკეცება მუხლებში. დაგვიანება აღარ შეიძლება, უკვე მორიგი ოპერაცია სჭირდება, მაგრამ... ტკივილთან გამკლავება ისწავლა. რაც უნდა ძლიერ სტკიოდეს, ცდილობს არ გამოხატოს.

- როგორ დაიწყო ეს უბედურება?

- სწორედ ეგ გვჭირს, - უბედურება. თიკო თერთმეტი წლის არის, მაგრამ სულ ის წამი მიდგას თვალწინ, როცა დაიბადა... დღენაკლული გაჩნდა, მაგრამ ასე უამრავი ბავშვი იბადება და ჯანმრთელი იზრდება, თუკი დაეხმარებიან. თიკოზე ასე არ გამოვიდა. ექიმმა თქვა, - რა უჭირს, დღენაკლული რომ არის, დედას მიუყვანეთ, ძუძუ მოაწოვოსო. მე კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემი შვილისთანა დღენაკლულ ბავშვებს, სანამ არ მოძლიერდება, საჭმელს ზონდით აძლევენ, მაგრამ...

ორჯერ ღონივრად მომქაჩა და... უცებ ისე მწარედ იკივლა, აღარ მახსოვს, ექიმი როგორ შემოვიდა... არაფერია, წავიყვანთ და დამშვიდდებაო. მერე შემოვიდნენ და, - წოვის რეფლექსი დაკარგაო. მერე - ეს რეფლექსი აღუდგა და ყველაფერი რიგზეაო. მეც ცოტა დავმშვიდდი... ექვსი თვის ბავშვი რომ ვეღარ დაჯდა, მივხვდი, რაც მჭირდა. სწორედ ის ექვსი თვე იყო ბედნიერი, როცა არ ვიტანჯებოდით.

თავადაც ექიმი ვარ და ვაანალიზებ, - ბავშვი უკვე მოძლიერებული უნდა მოეყვანათ ძუძუზე. ნაადრევად რძის მოქაჩვამ თავის ტვინში ისეთი პროცესები გამოიწვია, ბავშვი ფეხზე ვეღარ დადგა,  სიარული ვერ დაიწყო. იმ დღიდან მარტო ერთი გზა ვიცით, - სახლიდან ექიმამდე, ექიმიდან - სამკურნალო დაწესებულებამდე. ერთი დიდი შოკი მაშინ მივიღე, როცა ცნობილ ექიმთან მივიყვანე და მისი კაბინეტიდან ყავარჯნებზე დაყრდნობილი ბიჭი გამოიყვანეს, ექიმმა, - საავადმყოფოში უნდა დააწვინოთ, თქვენს შვილს იმ ყავარჯნიანი ბიჭის ბედი ელისო.

ამის შეეგუება ვის შეუძლია?! თიკოს გამოჯანმრთელების გარდა აღარაფერზე ვფიქრობდით. ექვსი წელიწადი სხვა შვილის გაჩენაც კი არ მომსვლია აზრად. არადა, თიკოს საოცარი სმენა და ხმა აქვს. ორი წლისა ავტობუსში რომ ამღერდა, ვიღაც ქალმა მკითხა, - სიმღერის შესასწავლად თუ დაგყავთო. არა-მეთქი. დამეტაკა, - შენ რა დედა ხარ, ჯერ არ შემხვედრია ბავშვი, ასე კარგად მღეროდესო.

სამი წელი ახტალის ტალახებზე ვატარეთ. მერე ტარება რომ ვეღარ შევძელით, მამამისს ბიდონებით ჩამოჰქონდა ტალახი, ახლაც მამას დაჰყავს ხელში აყვანილი ექიმებთან... ყველაზე შედეგიანი მაინც ოპერაცია გამოდგა - ერევანში გავუკეთეთ... მართალია ძალიან დაიტანჯა, - ხომ ტკივილის ამტანია, თუმცა იმ დღიდან ექიმის დანახვაზე ისტერიკა ემართება, მაგრამ ოპერაციის გარდა ახლაც არაფერი უშველის.

მაშინ ქუსლებიდან მუხლებამდე მყესები დაუგრძელეს. ექიმმა, - როცა გაიზრდება, მეორე ოპერაციაც დასჭირდებაო. მაგრამ თიკომ უკვე იმდენად მოიმატა სიმაღლეში, ექიმმა, - ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდესო. მუხლების ძვლები უნდა დაუმტვრიონ და თავიდან ააწყონ. ძველი ნაოპერაციებიც უნდა გაიჭრას - შიგ კრისტალებია ჩალაგებული.

- ისევ ერევანში?

- კი. უცხოეთში უსახსრობის გამო ვერ წავალთ, თორემ ოპერაციას იქ ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა. ის კი არა, ვერც ერევანში მივდივართ - იქაც საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო... ექვსი ათასი დოლარი!

- ძალიან ლამაზი შვილი გყავთ. შვებას რა გაძლევთ?..

- როცა თიკო მშვიდად არის.  სულ გვეუბნება, - ჩამეხუტეთო... მამამისი რა გვიანაც უნდა მოვიდეს, მის მოსვლამდე არ დაიძინებს. გაიგებს თუ არა მოვიდაო, საწოლიდან დაუძახებს, - მამიკო, ჩამეხუტეო... სასოწარკვეთაში ჩავარდნა არ მინდა, მაგრამ მაინც აქამდე მივდივარ, - მე და მამამისი რომ არ ვიქნებით, დანარჩენი შვილებიც უნდა დაიტანჯონ. გაუჭირდებათ მოვლა...

P.S. ადამიანის დანიშნულებაში თვისტომის გვერდით დგომაზე მეტი ფასი არაფერს აქვს. ამაში სულ უფრო ვრწმუნდები, - როცა განსაცდელი ვინმეს კარზე მიუკაკუნებს,  თანაგრძნობისა და სიყვარულის გარდა, აზრი ყველაფერს ეკარგება. ამიტომაც, თიკოს ანგარიშს ვბეჭდავთ. მხოლოდ თქვენს თანადგომასა და სიყვარულს შეუძლია სევდიანი ანგელოზის ფეხზე დაყენება....

ტაოპრივატბანკი

ანგარიშის ნომერი:

GE48TP0036080040000819

ბანკის კოდი:

CAVOGE22

სატელეფონო ზარი:

მაგთი, ჯეოსელი,

ბილაინი - 700 580