"ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის... ჩვენი უბედურება ის არის, რომ..."
"ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის... ჩვენი უბედურება ის არის, რომ..."
"შეიძლება ადამიანი ყვიროდეს, იხვეწებოდეს, მიშველეთო და არავინ უშველოს?!"

მკვლელობა და ძალადობა - სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას საქართველოში არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. მოსახლეობა გაოგნებულია და პასუხი ვერ უპოვია კითხვაზე, რა ხდება ჩვენს თავს?! ამ შეკითხვას ვერც ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანები პასუხობენ, მათ შორის, ვერც საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი მაკა მახარაძე­ - მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილი:

- ქალბატონო მაკა, რას განიცდით, რას გრძნობთ, როცა ამ საშინელ
ამბებს ისმენთ?

- აბა, რა გითხრათ? გაოგნებული ვარ! ვცდილობ დავმშვიდდე და ეს საშინელი ნეგატივი როგორღაც ავისხლიტო, მაგრამ არ გამომდის! არ მინდა ვინმეს ტრაგედიაზე დედის პოზიციიდან ვიფიქრო, ამის წარმოდგენა კი არა, თავში გაელვებაც მაშინებს.­ არ ვიცი, როგორ უნდა აიტანოს ამხელა დარდი და ტკივილი დედამ, რომელსაც შვილი
ხელიდან გამოეცალა.

- როგორ ფიქრობთ, 21-ე საუკუნის ქართველებმა ბევრი კარგი თვისება ხომ არ დაკარგეს, თუნდაც ის, რომ მეგობარი, ახლობელი, მეზობელი გასაჭირში არ უნდა მიატოვო?
- გეთანხმებით, ჩვენ ეს თვისებები თანდათან დავკარგეთ: ჩვენი მშობლების თაობამ იცოდა, რომ მარტო მეგობარი კი არა, არც ერთი ადამიანი არ უნდა მიატოვო, როცა უჭირს. ყველანი საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტეთ, კარი მიკეტილი გვაქვს და დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, გარეთ რა ხდება. შაქარაშვილზე არანაკლებ შემძრა ქუთაისში მომხდარმა მკვლელობამ: როგორ შეიძლება ადამიანი ყვიროდეს, იხვეწებოდეს, მომეშველეთო და არავინ უშველოს? როცა იტყოდნენ, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში­ ადამიანი ქუჩაში რომ წაიქცეს, გვერდს აუვ­ლიანო, გვიკვირდა, ახლა კი, მგონი, ჩვენც ასე ვართ. რა არის ამის მიზეზი? - ბანალური რამ უნდა ვთქვა: ალბათ, არასწორი აღზრდა. ჩემი აზრით, მშობელმა "ოქროს შუალედი" უნდა მოძებნოს, რომ შვილი არც ძალიან დათრგუნოს და არც გაათავხედოს. ამ შუალედის პოვნა ძნელია, მით უმეტეს, როცა ადამიანი სიყვარულისგან არის დაბრმავებული.



- შვილის სიყვარულს გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა. მესმის, რომ ყველა დედა "დაბრმავებული და დაყრუებულია", ბებია - კიდევ მეტად, რადგან საქართველოში ბებია და ბაბუა განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. სიმართლე გითხრათ, არც მე გავზრდილვარ სიმკაცრეში, არც ჩემი შვილები და შვილიშვილები. არც კი ვიცოდით, სიმკაცრე რა იყო, მაგრამ ვიცოდით, რა არის ნდობა. მამა ძალიან ლმობიერი იყო, დედაც სულ მეუბნებოდა, ბავშვს უნდა ენდო, სულ რომ აკონტროლებ, უარესია, თუ ხედავს, რომ ენდობი, ცუდად არ მოიქცევაო. ყველაზე დიდი დასჯა ჩვენთვის კუთხეში დგომა იყო. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ დამსაჯა, როცა თამაშის დროს ჩემს ნაცნობ გოგონას "დეფექტური" ვუწოდე. იმ ბავშვს მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და დედამ მაშინ ყველაზე მკაცრად დამსაჯა: მუხლებზე დამაყენა და ამით მაგრძნობინა, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაამცირო. ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო...

- ფაქტია, ამ თაობაში უფრო მეტი აგრესია იგრძნობა და მიზეზის პოვნა რთულია...
- ასეთი ფაქტები ჩემს ბავშვობაშიც ხდებოდა, მაგრამ ახლა აგრესია უფრო მოძლიერდა. წამით დავფიქრდეთ:
ჩვენი ახალგაზრდები პატარაობიდანვე აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან. ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანიდან პირდაპირ ასწავლიან, ადამიანი როგორ უნდა მოკლა, სცემო, დაასახიჩრო...

კომპიუტერის წინააღმდეგი როდი ვარ, მეც აქტიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას უყურებენ და რას სწავლობენ იქიდან ბავშვები?­ ოჯახებშიც არ არის სიმშვიდე: გაუთავებელი კამათი, ჭიდაობა, დაპირისპირება, უპატიებლობა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ყველაფერს რაც არ მოგვწონს, სხვას ვაბრალებთ.

- რას გულისხმობთ?
- ვინმეს ხომ უნდა დაჰბრალდეს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ და ყველა მხრიდან ნეგატივი მოდის? - ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის, უფრო ადრე კი - ზვიად გამსახურდიასი.­ შეცდომა რომ მოგივა, ხომ უნდა დაფიქრდე? "ფეისბუკია" და, ერთმანეთს ვჭამთ, ქუჩაა და, ერთმანეთს ვჭამთ, მეზობელი მეზობელს ერჩის, თანამშრომელი - თანამშრომელს და ვერ ვხვდებით, რომ ყველაფრის გამოსწორება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ.

19 წლის ბიჭის მკვლელობაზე ვიღაც წერდა, თუ დამნაშავე არ იყო, ასე სასტიკად რატომ მოექცეოდნ­ენო?! თუ კარგს ვერაფერს ამბობ, გაჩუმდი მაინც, მაგრამ არა - ყველას უნდა გადაუარონ!

- ყველა შეძრა ქუთაისში მომხდარმა მკვლელობამ: ახალგაზრდა ქალი ყვიროდა,­ შველას ითხოვდა და პოლიციაში არავინ დარეკა.­ ამგვარი გულგრილობა რას დავაბრალოთ?
- არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ! რომ დაერეკათ, პოლიცია ვინმეს ხომ არ შეჭამდა? როგორ შეიძლება ადამიანი იხვეწებოდეს, მომეშველეთო და არავინ უშველოს?! იქნებ ის საბრალო გადარჩენილიყო? იქნებ გიორგი შაქარაშვილიც გადარჩენილიყო, ვინმეს დროულად რომ ემოქმედა?! ჩხუბის დროს პოლიცია მეც გამომიძახია, რადგან პირველ სართულზე ვცხოვრობ და ლამის ყველაფერი ჩემს სახლში ხდება. მოსულან, გაუშველებიათ ახალგაზრდები და სიტუაცია განმუხტულა - ამით ვინმეს თვალში რამე მაკლდება?!

როგორ უნდა იცხოვრონ ასეთი საშინელების მერე?! - ახლა შეიძლება ვიღაც სასჯელს გადაურჩეს, რაღაც ჩაიფარცხოს და დაიმალოს, მაგრამ მერე როგორ აპირებენ ცხოვრებას?! პესიმისტი არა ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის შემხედვარე, მგონი, მეც პესიმისტი გავხდი.

ხათუნა ჩიგოგიძე
თამაზი
13 აგვისტო 2020 22:16
ყურადსაღები შეხედულება. სხვანაირად ვერც იქნებოდა- ღირსეული მშობლების შვილის აზრი ყოველთვის საინტერესოა.
tazo
13 აგვისტო 2020 13:50
100 % ით ვეთანხმები ქალბატონ მაკას ჩვენი თავის გარდა ყველას ვადანაშაულებთ, რომ წესრიგი ჯერ ჩვენ თავს უნდა მოვთხოვოთ და არა მთავრობას. როგორი გაჭირვება იყო და სოფლელებს მაინც დოვლათი ჰქონდათ, ეხლა ყველა ითხოვს. და თუ ხელი არ გავანძრიეთ არაფერი არ გვეშველება
12 აგვისტო 2020 19:55
ძალიან ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით, ქალბატონო მაკა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები