"დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული პირები, მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - რას აცხადებს შაქარაშვილის ბიძა? - კვირის პალიტრა

"დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული პირები, მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - რას აცხადებს შაქარაშვილის ბიძა?

გიორგი შაქარაშვილს დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან"გადმოსული პირები, მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მან "ინტერპრესნიუსთან"ისაუბრა ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიდება, ოჯახი კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს აღნიშნული პირების განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით.

"ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც სახალხოდ არ ლანძღავდა ზოგიერთებივით ამ მოწმეებს. პირიქით, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, განხორციელდა. ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების ურთიერთთანხვედრით არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს. აქ უკვე გამოიკვეთა სურათი, თუ რა მოხდა რეალურად, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მტკიცებულებების დონეზე ეს აქამდე არ იყო განხორციელებული. კერძოდ ეს არის ის ფაქტი, რომ გიორგის და მასთან თანმხლებ პირებს დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან"გადმოსული პირები, აქედან 3 მათგანი გადმოყვათ ხიდზე და გადმოკვეთეს მაგისტრალი, ხოლო 2-მა მათგანმა ჩაუხვია იმავე მხრიდან მდინარე არაგვის ხიდების მიმართულებით ქვემოთ, სადაც ხიდის ბურჯებია განთავსებული და როდესაც გიორგიმ ჩაირბინა, მას წინ დახვდნენ იქითა მხრიდან ჩამოსული 2 პირი, მოაქციეს ალყაში და ბავშვი იძულებული იყო გაქცეულიყო უკვე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. შესაბამისად ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩვეს მდინარეში. აი ეს არის რეალობა, რომელიც უკვე მტკიცებულებებით არის დადასტურებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა და კიდევ სხვა დასკვნები შემოვა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ხალხის განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"