"ლამპრედუზო მედუზო!"- "პიკასოს ბიჭი" ქუთაისიდან - კვირის პალიტრა

"ლამპრედუზო მედუზო!"- "პიკასოს ბიჭი" ქუთაისიდან

"1850 წელს ქუთაისში ჯერ ხის ხიდი ააგეს, 1872 წელს კი იმავე ადგილზე უკვე საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ და დაუმონტაჟებიათ სპეციალურად დამზადებული ხიდის კონსტრუქცია, რომელიც თეთრად შეუღებავთ. სახელიც აქედან დაერქვა"

ლამპრედუზო მედუზო!" - "პიკასოს ბიჭის" ეს შეძახილი კინოფილმ "არაჩვეულებრივი გამოფენიდან" ყველას ქუთაისს ახსენებს, უფრო სწორად, ქუთაისის თეთრ ხიდს, რომლის მოაჯირიდანაც "პიკასოს ბიჭი" რიონში ეშვება. ქუთაისსა და თეთრ ხიდთან დაკავშირებულ ამბებს რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი ჯაოშვილი გვიამბობს.

- ქუთაისში დავიბადე, იქ გავატარე ბავშვობა და სტუდენტობის წლები. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ქალაქის ისტორია, ტრადიციები, კოლორიტულ ადამიანებთან ურთიერთობა. 90-იანი წლებიდან, რაც ჩემი პროფესია ტელერეჟისურა და ჟურნალისტიკა გახდა, დავიწყე ქუთაისის შესახებ გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნა. უამრავი საინტერესო მასალა დავაგროვე და მინდა მომავალ თაობებს ვუსახსოვრო, რომ იცოდნენ, რა არის ქუთაისის უნიკალურობა. ვხუმრობ ხოლმე, ისე მიყვარს ქუთაისი, რომ შეიძლებოდეს, გვარის და სახელის ქვემოთ სტატუსს მივაწერდი - პროფესიით ქუთაისოლოგი-მეთქი.

- თეთრ ხიდზე გვიამბეთ.

- რიონზე რამდენიმე ხიდი მე-19 საუკუნის დასაწყისში აუგიათ, მაგრამ ქალაქის მოსახლეობის ზრდამ, სავაჭრო-სოციალურმა ურთიერთობებმა ქალაქში კიდევ ერთი ხიდის მშენებლობის საკითხი წამოჭრა და 1850 წელს ჯერ ხის ხიდი ააგეს, 1872 წელს კი იმავე ადგილზე უკვე საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ და დაუმონტაჟებიათ სპეციალურად დამზადებული ხიდის კონსტრუქცია, რომელიც თეთრად შეუღებავთ. სახელიც აქედან დაერქვა... გასული საუკუნის დასაწყისიდან ქუთაისელი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი გატაცებული იყო ფიზიკური კულტურით და სპორტით (ტანვარჯიში, ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, ჯირითი, ფარიკაობა, ფეხბურთი, ცურვა). იმ დროს (1900-1930 წლები) გვიანი გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი თეთრი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო. აქაურობა (ხიდი, თეთრი ქვები, რესტორანი "იალტა" და სხვ.) ქალაქის მოსახლეობის ურთიერთობის, გართობის საუკეთესო ადგილად მიიჩნეოდა. ახალგაზრდები, მოზარდები, სხვა მოქალაქეები ხშირად თეთრი ხიდის ორივე მოაჯირიდან არაჩვეულებრივად ლამაზ ნახტომებს ასრულებდნენ მდინარე რიონში, გიმნაზიელები კი ხიდიდან ცოტა უფრო ზემოთ (ქუთაისის გიმნაზიის ახლოს), ე.წ. გიმნაზიის ჩქერებსა და მწვანეყვავილას უბანში სწავლობდნენ ცურვას.

პირველი მხტომელი ცნობილი მოჭიდავე კოლია ქვარიანი გახლდათ. გამორჩეული მოცურავე ყოფილა ცისფერყანწელი კოლაუ ნადირაძეც. ცნობილი ფაქტია, რომ დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა მსახიობი გიორგი (ჟორა) შავგულიძე, ულამაზესი, ათლეტური აღნაგობის მოზარდი, სწორედ თეთრი ხიდიდან შენიშნა, როდესაც ის რესტორან "იალტის" ერთ-ერთი საყრდენი ქვიდან რიონში ხტებოდა ე.წ. მერცხლის პოზით. სულ მალე გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი გახდა, ხოლო წლების შემდეგ, 1959 წელს, როდესაც თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა, ქუთაისში ის ქვა შავად შეღებეს.

რამდენიმე ქართველმა კინორეჟისორმა და დრამატურგმა თავიანთ ფილმებში გააცოცხლეს თეთრი ხიდი. ეს ფილმებია "არაჩვეულებრივი გამოფენა", "თეთრი ქვები", "პიერი - მილიციის თანამშრომელი", "გაქცევა განთიადისას", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები" და სხვა. თეთრი ხიდი განუმეორებელ რომანტიკულ ხიბლს სძენდა ქალაქს, თუმცა ხიდიდან ხტომის ტრადიცია დავიწყებას მიეცა.

- ამბობენ, "არაჩვეულებრივი გამოფენის" გადაღებას მთელი ქუთაისი ინტერესითა და სიხარულით ადევნებდა თვალსო. - ფილმის გადაღებები 1967 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა... როგორც უფროსი თაობის ქუთათურებისგან ვიცი, უამრავი ადამიანი ესწრებოდა. საყვარელ მსახიობებსა და რეჟისორს თურმე ყველანი სუფრასთან ეპატიჟებოდნენ, მაგრამ გადამღები ჯგუფი "გმირულად" უმკლავდებოდა შემოტევებს... იმ დღეს, როცა თეთრი ხიდის ეპიზოდს იღებდნენ, სუფრა დიდი ხნის გაშლილი ყოფილა, მასპინძლები ღელავდნენ, გადაღება კი ძალიან გაგრძელდა... ქუთათურებს უთქვამთ, მორჩით ახლა გლახავს, გაცივდა ხაჭაპური და გოჭიო, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა რომ განაგრძო, გაბრაზებულ მასპინძლებს ბევრი აღარ უფიქრიათ - წყალსაცავიდან დაგუბებული რიონი გამოუშვიათ და 10 წუთში გადაღებაც შეწყვეტილა, ნახევარ საათში კი ყველანი ერთად ქეიფობდნენ...

- დიდი ხანია ვეძებ "არაჩვეულებრივი გამოფენიდან" იმ ბავშვს, თეთრი ხიდიდან რომ ხტება. "პიკასოს ბიჭზე" მოგახსენებთ... - 2006 წლის სექტემბერში ქუთაისში ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება - გავმართე იუმორის ფესტივალი. პროგრამაში სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად დაიგეგმა თეთრ ხიდზე "პიკასოს ბიჭის" ქანდაკების გახსნა. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა მოგვეწვია ის ბიჭი, ვინც ფილმში წყალში ხტება. ის ქუთაისელი ბერძენი 14 წლის ალიკ გიორგადი იყო, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და გახსნაზე ვერ ჩამოვიდა. სამწუხაროდ, დღეს ის უკვე გარდაცვლილია.

- ფესტივალი "თეთრი ხიდის რაინდები" რას მოუტანს ქუთაისს? - წლებია, "პიკასოს ბიჭის" ფიგურა ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულების გარდა, ინტერესს უნდა იწვევდეს ჩვენი ტრადიციებიც. ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად შეიძლება იქცეს ფესტივალი სახელწოდებით "თეთრი ხიდის რაინდები", რომელიც ყოველწლიურად გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წყალში მხტომელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან "პიკასოს ბიჭის""მცირე ზომის ასლით. ასეთი ქალაქური ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ერთ-ერთი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს, არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარში (ითარგმნება, როგორც ძველი ხიდი) ყოველი წლის 8 სექტემბერს წყალში ხტომის არაკლასიკური ჩემპიონატი. ასეთი ტურნირი ტარდება მსოფლიოს კიდევ შვიდ ქალაქში... მას აშუქებენ მსოფლიოს ცნობილი ტელეკომპანიები, ტურნირზე ჩამოდიან ტურისტები და გულშემატკივრები და არის ულამაზესი სანახაობა. ამის გაკეთება ქუთაისშიც შეიძლება, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქალაქს, რეგიონს და მთელ საქართველოს. ასე "პიკასოს ბიჭსაც" მთელი მსოფლიო გაიცნობს.