"დედა დავტოვე სიკვდილთან მარტო და გავიქეცი..." - კვირის პალიტრა

"დედა დავტოვე სიკვდილთან მარტო და გავიქეცი..."

"ვიდექი და ვუყურებდი დედას, ვიცოდი, უკანასკნელად ვხედავდი და ვცდილობდი, გონებაში ჩამებეჭდა, რომ არასდროს დამვიწყებოდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა და მეც გავაკეთე, ბავშვებს გავეკიდე. დედა დავტოვე სიკვდილთან მარტო და გავიქეცი... ვუთხარი, ბავშვებს გადავმალავ და დავბრუნდები-მეთქი. რომ მივიხედე, მარჯვენა ფეხი ხელებით ეჭირა, სისხლისგან იცლებოდა და იცით, რა თვალებით მიყურებდა? მიდიხარ? მტოვებ? მეშინია, არ წახვიდე, გთხოვ - ეს ყველაფერი მის თვალებში წავიკითხე. სასოწარკვეთილი იყო, მე კი მაინც გავიქეცი..."

ყველა თავის ჯვარს ატარებს, მაგრამ ზოგს განსაკუთრებით მძიმე ჯვარს აჰკიდებს ხოლმე ბედისწერა... ეკა საჯაიას 27 წლის შემდეგაც უჭირს აფხაზეთის ომზე საუბარი: "ფეხმოგლეჯილი, სისხლში მცურავი დედა მივატოვე და გავიქეცი. მე მას ვუღალატე, დედაშვილობას ვუღალატე... მაგრამ თავის საშველად არ გავქცეულვარ, შვილებს გავეკიდე... არასდროს ასეთი არჩევნის წინაშე არ დაგაყენოთ უფალმა"...

- სამეგრელოში დავიბადე, მაგრამ ერთი წლიდან აფხაზეთში გავიზარდე, გულრიფშის რაიონის სოფელ ყორასში, ბჟალავების ოჯახში. გაშვილებული ვიყავი... არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი...

სწორედ ჩემი გამზრდელი დედა იყო, თვალწინ რომ მომიკლეს, მამა კი უფრო ადრე გარდამეცვალა - მე-7 კლასში ვიყავი. სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი, 2 შვილი შემეძინა და ისე მოხდა, რომ მალევე დავშორდით... მესამე შვილი მეორე ქორწინებიდან მყავს. აფხაზეთი რომ დავტოვეთ, თაკო 7 წლის იყო, ირაკლი 6-ის, ქრისტინა კი 3 თვის. ჩემი მეუღლე "თეთრ გვარდიაში" იბრძოდა, ბავშვებიანად ურეკში დამტოვა და თვითონ რუსეთში წავიდა.

27 ივლისს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება დაირღვა და 14 აგვისტოს ომი დაიწყო... მე ბავშვებთან ერთად დავბრუნდი აფხაზეთში, დედასთან, და 28-ში გამოვიქეცით... 27 სექტემბერს მე და დედამ ვიკამათეთ, ვეუბნებოდი, რომ სოხუმი უკვე დაეცა და უნდა გავქცეულიყავით, რადგან აფხაზები ქართველებს ხოცავდნენ, მაგრამ არ მომყვებოდა, ბავშვები წაიყვანე და წადი, მე სახლს არ დავტოვებო. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, დავიყოლიე და მეორე დღეს წამოვედით. ქრისტინა ეტლში იწვა, თაკო და ირაკლი კაბის კალთაზე მებღაუჭებოდნენ, დედა კი ჯოხით მოგვყვებოდა, ფეხები სტკიოდა და სიარული უჭირდა. გზად ციალას, ჩემს დედამთილსაც უნდა გავუაროთ-მეთქი, გავაფრთხილე დედა. ციალა ჩემი პირველი მეუღლის დედა იყო, ისე მიყვარდა, დედისგან ვერ ვარჩევდი. შვილსა და რძალს არ გაჰყვა სვანეთში, ვერც მან მიატოვა სახლ-კარი, მაგრამ იქ ვერ დავტოვებდი მარტოს, ისიც დავიყოლიე. ასე იყო, მიწა-წყალსა და სახლ-კარს ვერ ელეოდნენ და მზად იყვნენ, სული იქ დაელიათ.

დილიდან გავუდექით გზას. ჩაის ფაბრიკისკენ წავედით, საიდანაც სვანეთისკენ მიმავალ გზას უნდა დავდგომოდით, მაგრამ გზა ვეღარ გავაგრძელეთ და ისევ უკან, დრანდისკენ მოვბრუნდით. მახსოვს, რაღაცის ასაღებად გავიქეცი ჩვენი სახლისკენ. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო, კაცი არ ჭაჭანებდა. ჰაერში სიკვდილის სუნი იდგა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სიკვდილი ჩემ გვერდით მოაბიჯებდა. მივიპარებოდი შეშინებული, შერცხვენილი და განადგურებული - გადაგვთელეს, დაგვამარცხეს და ახლა გავრბოდით... ამ ფიქრებში რაღაც ხმა გავიგონე, მალე სროლის ხმაც გავარჩიე და ტანკების გრუხუნიც. გზაზე გამოვედი, ხიდი უნდა გადამეჭრა და ჩაის ფაბრიკის ბინებისკენ გავქცეულიყავი. ვიფიქრე, ხიდის ქვეშ დავიმალები, დაველოდები, როდის გაივლიან ტანკები და გზას მერე გავაგრძელებ-მეთქი, თან მეშინოდა, რომ დამინახონ, მომკლავენ და ჩემს შვილებს ვინ გაზრდის-მეთქი? გაიქეცი, ეკა, გადაასწრებ-მეთქი, შევუძახე თავს და რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი. 150-200 მეტრში გადავასწარი ტანკებს და ვიყვირე, შემოვიდნენ და გაიქეცით-მეთქი... ყველა ტყისკენ გაიქცა, მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლოთ და გარბოდნენ უკანმოუხედავად, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებოდნენ...

ამასობაში შემოგვაღამდა და თავი ვიღაცის სახლს შევაფარეთ. 3 ბავშვით რომ დამინახეს, აფხაზებს შევეცოდე. ამბობდნენ, უღელტეხილზე საშიში გზებია და თოვლის მოსვლამდე უნდა გაასწროთო. დედა ტიროდა, გზას ვეღარ გავაგრძელებ, შინ დავბრუნდები, მეტი აღარ შემიძლიაო. ვიღაცამ თქვა, მოხუცებსა და ბავშვებს არ ერჩიანო და ბევრი უკან გაბრუნდა. დედამ დაიჩემა, ნათესავთან დავრჩები, მთებში სიარულს ვერ შევძლებო. სხვა გზა არ იყო, ტირილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს... დედა კოჭლობით მიდიოდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს, დღემდე თვალწინ მიდგას ეს სურათი. შეიძლება ბებია მეტად ვეღარც ნახოთ-მეთქი, ვუთხარი ბავშვებს და ავტირდი... უცებ გადაწყვეტილება შევცვალე და დედამთილს მივუტრიალდი, მეც ვერ წამოვალ, დედაჩემს ვერ დავტოვებ-მეთქი. დავბრუნდეთო, მაშინვე დამთანხმდა ციალა. დედას უკან გავყევით, მივდიოდით ჩუმად, უსიტყვოდ. ირაკლიმ ვეღარ მოითმინა და იყვირა: "ბებიააააა!" - დედა უცებ შემოტრიალდა და ისეთი უცნაური ხმა აღმოხდა, ვერ წარმოიდგენთ. ხელები გაშალა და კოჭლობ-კოჭლობით გამოიქცა ჩვენკენ, გაუხარდა, რომ არ დავტოვეთ.

- თქვენს სახლში დაბრუნდით?

- 29 სექტემბერს ისევ ჩაის ფაბრიკის ბინების უკანა ქუჩას მივადექით. თურმე ყველა ყანებში იმალებოდა. დამალვა ვერ მოვასწარით, რომ ავტობუსიდან აფხაზები გადმოვიდნენ. ერთი დაწინაურდა და მეგრულად მითხრა, სწრაფად სადმე დაიმალეთო. დანარჩენებს მიუტრიალდა, ბავშვები ჰყავს და გავუშვათო. ვიღაცის სახლში შევედით. დედამთილი მანამდე დაგვშორდა, სახლს დავხედავ, გავიგებ, რა ხდებაო... უცებ დედაჩემმა იყვირა, შეხედე, ციალა აფხაზებს დაუჭერიათ და აქეთ მოჰყავთო. ფანჯრიდან გავიხედე და დაუფიქრებლად გარეთ გავვარდი ბავშვთან ერთად. "რა გვარის ხარ? - მიყვიროდა აფხაზი, - სად არის ამ ბავშვის მამა? ომობდა, ხომ?" რუსეთშია, არც იცის, შვილი რომ გაუჩნდა-მეთქი, მოვატყუე. "ფული გაქვს? ოქრო გაქვს?" - არ ჩერდებოდა აფხაზი. ამ დროს დედაც გამოვიდა... ერთი თვალებჩასისხლიანებული აფხაზი ჩემს დედამთილს მოათრევდა, თან აგინებდა და ღრიალებდა, დედაჩემს ჰგავხარ, რომელსაც ქართველებმა ესროლესო. მერე "კალაშნიკოვი" ამოიღო და მითხრა: "ნუ ი ვზდოხნი ტი ტოჟე"... სროლის ხმა არ გამიგონია, თითქოს ყურები დამეხშო... დავინახე, დედამთილმა ჩემს იკას ხელი დაავლო, კუთხეში მიაგდო და გადაეფარა. იმ აფხაზს მივვარდი და კისერზე ჩამოვეკიდე, თან ვლუღლუღებდი: "ნე სტრელიაი, დარაგოი, უმალიაიუ", - ვუკოცნიდი ბინძურ სახეს, ყელს, ვემუდარებოდი... თითქოს გაჭრა ჩემმა ვედრებამ, 20 წუთში დავბრუნდებით და თუ ფულსა და ოქროს არ მომცემთ, ყველას დაგხოცავთო. ამ დროს ირაკლის ბღავილი მომესმა. გიჟივით მივვარდი. მუხლი ჰქონდა დასისხლიანებული, ტყვიამ გადაუტყავა... უცებ შევამჩნიე, დედა ძირს ეგდო, ტყვიებით გადაგლეჯილი ფეხი ტყავზეღა ეკიდა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მერე ნაჭერი გადავუჭირე და საწოლზე მივაწვინე... აფხაზები მობრუნდებიან და დაგვხოცავენ, სასწრაფოდ წავიდეთ აქედანო, მთხოვდა ციალა. დედა როგორ დავტოვო-მეთქი, ვკიოდი. მაშინ დარჩი და შეაკალი თავი, როგორმე ბავშვები უნდა გადავარჩინოთო. თვითონაც დაჭრილი იყო, მაგრამ წაავლო ბავშვებს ხელი და თვალს მიეფარა.

ვიდექი და ვუყურებდი დედას, ვიცოდი, უკანასკნელად ვხედავდი და ვცდილობდი, გონებაში ჩამებეჭდა, რომ არასდროს დამვიწყებოდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა და მეც გავაკეთე - ბავშვებს გავეკიდე. დედა დავტოვე სიკვდილთან მარტო და გავიქეცი... ვუთხარი, ბავშვებს გადავმალავ და დავბრუნდები-მეთქი. რომ მივიხედე, მარჯვენა ფეხი ხელებით ეჭირა, სისხლისგან იცლებოდა და იცით, რა თვალებით მიყურებდა? მიდიხარ? მტოვებ? მეშინია, არ წახვიდეო, - ეს მის თვალებში წავიკითხე. სასოწარკვეთილი იყო, მე კი მაინც გავიქეცი...

იმ დღეს მთლიანად გადაწვეს ის ქუჩა, აფეთქებდნენ სახლებს, ძარცვავდნენ, ხოცავდნენ, არავის ინდობდნენ, თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდათ სულში. მეორე დღესაც იგივე ამბავი იყო და ვერ წავედი იმ სახლში, რომ მენახა, დედას რა დაემართა. ნერვიულობისგან რძე გამიშრა, ბავშვი ტიროდა და ვერ ვაჩუმებდი. დედამთილი დაჭრილი და სიცხიანი იწვა, ფეხზე ვერ დგებოდა. მესამე დღეს მაინც გავიპარე. გარეთ გავიხედავ-მეთქი, მოვატყუე დედამთილს, ქრისტინა ავიყვანე და წავედი. ჩუმად მივიპარებოდი, რომ აფხაზებს არ დავენახე. გაგვაფრთხილეს, გარეთ თუ ვინმე გამოხვალთ, დაგხოცავთო... სახლი ძლივს ვიპოვე, ისე იყო იქაურობა გადამწვარი. ვიღაც კაცი მომიახლოვდა, ვის ეძებო? აქ გუშინწინ ქალი დაჭრეს-მეთქი. მოკვდა და დავმარხეთ, ყვიროდა, არავინ ხართ ქრისტიანი, დამეხმარეთ, ღმერთი არ გწამთო...

ბავშვთან ერთად ტირილ-ტირილით გზაზე გამოვედი... ვინც სიმინდის ყანებში იმალებოდა, მერე მითხრეს, შიშით ვკანკალებდით, ვფიქრობდით, აი, ახლა ესვრიან აფხაზები და მოკლავენო... დედამთილი გაგიჟდა, როგორ გაბედე, რამე რომ მოგსვლოდა, ბავშვებს აობლებდიო?

სანამ სამშვიდობოს გამოვაღწევდით, სომხები გვეხმარებოდნენ - წყალი, საჭმელი და ტანსაცმელი მოჰქონდათ ჩვენთვის. ერთ-ერთის შვილი აფხაზების მხარეს იბრძოდა, მაგრამ ისიც დაგვეხმარა. იმ ღამეს დედა დამესიზმრა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო... დედამთილს ვუთხარი, აქედან ცოცხლები გავაღწევთ-მეთქი...

არ მჯეროდა, რომ გადავრჩი და ბავშვებიც უვნებლად გადმოვიყვანე. მითხრეს, რომ ჩვენი სახლი გადაწვეს აფხაზებმა და მეზობლის კაციც, რომელიც იქ იმალებოდა, შიგ ჩაწვეს. ხშირად მესიზმრება ის სახლი. ერთხელ აყვავებული ვაზი დამესიზმრა, ალბათ, მალე დავბრუნდებით-მეთქი, გავიფიქრე.

ნინო ჯავახიშვილი