"როდესაც ინგუშს თავის მოწონება უნდა, ამბობს, ქართველმა დედამ მშობაო..." - კვირის პალიტრა

"როდესაც ინგუშს თავის მოწონება უნდა, ამბობს, ქართველმა დედამ მშობაო..."

"რამდენიმე წლის წინ ინგუშეთის ხელისუფლებამ გზის გაყვანა განიზრახა, რომელსაც დეპორტაციისას ჩასახლებული ქართველების სასაფლაოზე უნდა გაევლო, ინგუშებმა მიტინგი გამართეს და მთავრობა აიძულეს, გზა სასაფლაოს გვერდის ავლით გაეყვანა. სასაფლაო შემოღობეს და ქართველი მიცვალებულების სახელებიც ცალკე უზარმაზარ ქვაზე დააწერეს"

ალბათ, მხოლოდ ქალს შეუძლია სრულიად მარტომ და თანაც უსახსროდ მოჰკიდოს ხელი ისეთ საქმეს, რომლის გაკეთება წარმოუდგენელია. მარიამ ბეჟიტაშვილმა სწორედ ეს გააკეთა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც ის ინგუშოლოგიას სწავლობდა. გეზი ინგუშეთისაკენ იმიტომ აიღო, რომ გაწყვეტილი ქართულ-ინგუშური ურთიერთობები აღედგინა. ინგუშებს, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ პატარა და მამაც ერს, საქართველო არასოდეს მიუტოვებიათ, არც მის წინააღმდეგ უომიათ არასოდეს. დღესაც კი, როდესაც ამ ხალხის ცხოვრებაზე თითქმის აღარაფერი ვიცით, ისინი ისევ საქართველოსთან შეერთებაზე ფიქრობენ.

- ძალიან მინდოდა წავსულიყავი იმ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენთან გენეტიკა, ერთგულება და ფსიქოემოციური მდგომარეობა აერთიანებს და უპირობოდ ვუყვარვართ. ამ დროს ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია მათთან სამეგობროდ - საქართველოში ისეთი ქართველიც აღარ არსებობს, რომელმაც ინგუშური ენა იცის. სამეცნიერო მუშაობაზე ხომ საუბარიც აღარ არის... მიუხედავად იმისა, რომ ჩერქეზული კულტურის ცენტრში ვმუშაობდი და სხვა კავკასიელებს კარგად ვიცნობდი, სწორედ ინგუშეთიდან მჭირდებოდა მოწვევა, მე კი ინგუშეთში ფეისბუკმეგობრების გარდა არავინ მყავდა. აი, ასე ველოდე ოთხი წელიწადი, სანამ ამ მეგობრებიდან ერთ-ერთმა, ზურაბ ალბოგაჩიევმა, ინგუშეთში შექმნილი სიტუაციის გამო ბიზნესი საქართველოში არ გადმოიტანა. აქ კი უკვე მან ჩემი გაცნობა მოისურვა და მითხრა, მოწვევას მე გაგიკეთებ, დედაქალაქში, ჩემს ოჯახში მიდი და იმუშავეო. ასე გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემთვის კავკასიური ღირსების სიმბოლო იყო და სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის. მან ფასდაუდებელი განძი დამიტოვა - მისი მეუღლე დიანა ბელხაროევა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ხელისმომკიდეა, მათმა ულამაზესმა ხუთმა შვილმა კი ინგუშური ენა მასწავლა, რომელიც დღეს ჩემთვის ისეთივე ძვირფასია, როგორიც ქართული.

ინგუშებიც ზუსტად ისეთივე ძვირფასები გახდნენ, როგორიც ჩემიანები არიან. მოკლედ, ინგუშეთში წასასვლელად მოვემზადე და ჩემიანებმა ცოტა არის იყოს შემაშინეს, - ეს ახალგაზრდა ქალი სად მიდიხარ, წლებია ამ საზღვარზე მხოლოდ ის გოგონები გადადიან, რომლებიც ჩრდილოკავკასიელებზე ქორწინდებიანო. მაინც წავედი, მერე რუსულ მხარესთან დაკითხვაზე, ჯიხურში 6 საათს ვიჯექი, სანამ გზის გაგრძელების საშუალებას მომცემდნენ. არც ინგუშეთში მიმიშვეს პარლამენტსა და უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით ყოველთვის ტკბილად მესაუბრებოდნენ.

- ეს გასაგებია. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან ინგუშების ორიენტაცია. სულ ორი წლის წინ დააპატიმრეს ინგუში ლიდერები, რომლებიც ინგუშებს საქართველოსთან შეერთებისაკენ მოუწოდებენ. - ნამდვილად ასე იყო. ორიენტაცია რომ იციან, იმიტომაც არის ეს ხალხი ასეთ მძიმე დღეში. ისედაც მცირემიწიანებს რუსები განუწყვეტლივ გლეჯენ ტერიტორიებს და ხან ოსებს ჩუქნიან და ხან ჩეჩნებს.

1944 წელს, მთელი ინგუშების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ, მათი ტერიტორიები ოსებს აჩუქეს, სულ 2 წლის წინ - ჩეჩნებს, რომელთაც ამ ტერიტორიებზე გზები გაჰყავთ.

ჩემი ინგუში მეგობრები სულ ერთსა და იმავეს მიმეორებენ, ჩვენ საქართველოს გარდა, სხვა გზა არა გვაქვს, მხოლოდ ის არის ჩვენი განადგურებისგან დამცველიო. ინგუშები ცოტანი არიან, მაგრამ 2018 წელს თავიანთი მიწის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. და მერე რა, დემონსტრაციის ყველა ლიდერი დაპატიმრებულია, მათ შორის, ქალებიც. მაგალითად, ლარისა საუტუიევას მამა ისე მიაბარეს მიწას, ციხიდან არ გამოახედეს, ინგუშეთში კი უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც მშობლის დაკრძალვას შვილი ვერ ესწრება... 3 წლის წინ, როდესაც დედა გარდამეცვალა, არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ გარდაბანში დედაჩემის დაკრძალვაზე ინგუშეთიდან ხალხით სავსე 27 მანქანა ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პატივი მიეგოთ ადამიანისთვის, რომელიც მათ სიყვარულით ხვდებოდა. დედაჩემს ზუსტად ისევე უყვარდა ინგუშები, როგორც მე. წასვლისას კი მითხრეს, ნუ გეშინია, ჩვენ შენზე იმდენს ვილოცებთ, ამ უბედურების შემდეგ შენს სახლში ბედნიერება მოვიდესო და ასეც მოხდა...

ინგუშეთში ჩასვლისას პირველად ის ინგუშები მოვძებნე, რომელთაც ახსოვდათ, დეპორტაციის შემდეგ მათ სახლებში შესახლებული ქართველები როგორ დახვდნენ. მათ ყველგან ვეძებდი, მარკეტებში კონსულტანტებს სავიზიტო ბარათს ვუტოვებდი და შემდეგ ისინი აგრძელებდნენ ძებნას. შეხვედრას ჩემი მეგობარი დიანა ბელხაროევა მიგეგმავდა თავის რესტორანში. უნდა გენახათ, რამდენი ხალხი მოდიოდა: ქალი და კაცი, დიდი და პატარა, ჩემი თანატოლები, რომლებიც დაუსრულებლად მაყოლებდნენ საქართველოზე, როგორც ფანტასტიკურ საუნჯეზე, რომლის ფასი ამქვეყნად არაფერია. მერე ოჯახებში მპატიჟებდნენ და დაუსრულებლად მალაპარაკებდნენ.

- თავადაც სულისშემძვრელ მოგონებებს მოგიყვებოდნენ.

- არა მარტო დეპორტაციაზე, არამედ ჩვენს საერთო ისტორიაზეც. სიტყვა "გურზი" (ქართველი) ინგუშურ ენაში ყოველივე საუკეთესოს სიმბოლოა. მაგალითად, როდესაც ინგუშები ამბობენ სიტყვას "ბუალ" (ბალი), ჩვეულებრივ ბალზე ლაპარაკობენ, მაგრამ თუ იტყვიან, "გურჯბუალ", ესე იგი, საუკეთესო ხარისხის ბალია. ქართველი დედა ინგუშურ ენაში იმ დედის სიმბოლოა, რომელიც საუკეთესო შვილს ზრდის. როდესაც ინგუშს თავის მოწონება უნდა, ამბობს, ქართველმა დედამ მშობაო...

როდესაც ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს, დარჩენილები ტყეში ყაჩაღად გაიჭრნენ და მათ ისევ მათივე სახლებში ჩასახლებული ქართველები უზიდავდნენ მალულად საკვებს. 13 წლის შემდეგ დაბრუნებულებს არათუ სახლები დაუცალეს ულაპარაკოდ, ცხელი კერძებიც დაახვედრეს და პირუტყვიც უწილადეს, რათა გადასახლებიდან ძლივს დაბრუნებულები შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

ეს ინგუშეთში ჩასახლებულ ოსებს აზრადაც არ მოსვლიათ. პირიქით, თუკი რომელიმე ოსი იძულებული იყო ინგუშის სახლიდან გამოსულიყო, გადაწვავდა და ისე მიდიოდა იქიდან. ის ხალხი დღესაც ტირის ამის გახსენებაზე. ეს ჩანს იმ ფილმშიც, რომელიც ინგუშეთში ამ მოვლენებზე გადავიღე.

რამდენიმე წლის წინ ინგუშეთის ხელისუფლებამ გზის გაყვანა განიზრახა, რომელსაც დეპორტაციისას ჩასახლებული ქართველების სასაფლაოზე უნდა გაევლო და ინგუშებმა უზარმაზარი მიტინგი გამართეს. მთავრობა აიძულეს, გზა სასაფლაოს გვერდის ავლით გაეყვანა. სასაფლაო შემოღობეს და ქართველი მიცვალებულების სახელებიც ცალკე უზარმაზარ ქვაზე დააწერეს.

გული მწყდება, რომ ინგუშების პოპულარიზაციისთვის საქართველოში ჯერჯერობით დიდს ვერაფერს ვაკეთებ - კეთილი ადამიანების დახმარებით მხოლოდ ინგუშეთის ქუჩის დაარსება შევძელი და მაინცდამაინც ისეთ ადგილას მოხვდა, სადაც არავინ ცხოვრობს. ეს მაშინ, როცა 31-ჯერ საქართველოზე მცირე ინგუშეთში 9 ქართული დასახელების ქუჩაა.

- ცოტა ნამდვილად არ გაგიკეთებიათ. ათეული წლობით ფერფლმიყრილი დამოკიდებულებები აღადგინეთ, რასაც ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს. სულ 5 წლის წინ, როდესაც ინგუშეთში, X საუკუნის ტყობაიერდის ქრისტიანულ ტაძართან ხეობა ჩამოიშალა და დიდგვაროვანი ქალის სამარხი გამოჩნდა, ინგუშმა არქეოლოგებმა ისიც კი განაცხადეს, შესაძლოა ეს თამარის საფლავი იყოსო. - რაც ქართველი მეცნიერების თქმით, შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერული მოსაზრებები და ადამიანური ემოციები, ალბათ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მთავარი ის არის, თამარ მეფე ინგუშებისთვისაც ისეთივე ძვირფასია, როგორიც ქართველებისთვის და პირველი ემოცია სწორედ ამ აზრისაკენ წავიდა. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ნებისმიერ განსაცდელში სწორედ მეგობრის გვერდით ყოფნაა გადამრჩენელი.

დიდი დეპორტაცია

1944 წლის 23 თებერვალს იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობა შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადაასახლეს. დეპორტირებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. იმავე წელს საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მრავალი გეოგრაფიული ადგილის ინგუშურ-ჩეჩნური დასახელებები რუსულით შეიცვალა. სტალინი საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ამართლებდა, რომ თითქოს ეს ორი კავკასიური ერი გერმანიის არმიასთან თანამშრომლობდა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასახლებულ ჩეჩნებსა და ინგუშებს კავკასიაში დაბრუნების ნება დართო...