"ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი საქმე და ხელს თუ არ შეგვიშლიან, კარგს იზამენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი საქმე და ხელს თუ არ შეგვიშლიან, კარგს იზამენ"

"სადაც კი ადამიანებს დაავიწყდებათ, რომ კორონა ჩვენ გვერდით არის, ყველგან შეიძლება ეს მოხდეს"

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე უპასუხებს.

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა ჩაიკეტა, ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს სკრინინგი... მოსალოდნელი იყო თუ არა ასეთი სიტუაცია?

- მას შემდეგ, რაც შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნა და თითქმის ყველაფერი გაიხსნა, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. როცა ერთ ადამიანს ბევრგან მისვლა-მოსვლა შეუძლია, დაავადება ვრცელდება, მაგრამ ძირითადად მაინც ოჯახებსა და სამუშაო ადგილებში. სამწუხაროდ, მთელ გაჩიანის დასახლებაში (ასე ეძახის ხალხი) გავრცელდა, შემდეგ კი - ლილოს ბაზრობაზე, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა იქ არის დასაქმებული.

- ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია? - არა, დაუდგენელიც გვაქვს, თუმცა ყოველ წუთში იცვლება სიტუაცია - დავდევთ, ვიკვლევთ... ასე მივედით ლილოს ბაზრობამდეც. მთავარი ის არის, რომ დაავადება, ძირითადად, სიმპტომატიკის გარეშე მიმდინარეობს, უფრო სწორად, შესაძლოა ზოგმა ისე გადაიტანოს, ვერც იგრძნოს, თუმცა მერე ის გამავრცელებელი ხდება და მოსალოდნელია, რომელიმე პაციენტის ავადმყოფობა მძიმედ წარიმართოს. სამწუხაროდ, მძიმე შემთხვევები დღესაც გვაქვს.

- ლილოს ბაზრობის სკრინინგი როგორი მეთოდით მიმდინარეობს, ვის იკვლევენ, ბაზრობის თანამშრომლებს თუ მყიდველებსაც? - სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, იმ ადგილის გარშემო ყველა მოვაჭრე გამოიკვლიეს და ინფიცირებულებიც ვიპოვეთ. ახლა არეალი გავაფართოეთ და პრაქტიკულად ყველას ვიკვლევთ.

- რომელ ტესტებს იყენებთ?

- პისიარ ტესტებით ვმუშაობთ. სწრაფ ტესტებს, ძირითადად, ვიყენებთ ტრაილერის მძღოლებისთვის. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ამიტომ ტრაილერის მძღოლები იტესტებიან ორივე სწრაფი ტესტით - ანტიგენზეც და ანტისხეულზეც. თუ რომელიმე დადებით პასუხს იძლევა, მერე უკვე პისიარ ტესტითაც ვიკვლევთ.

- შეიძლება ლილოს ბაზრობის დროებით დაკეტვა საჭირო გახდეს?

- ჯერ ბაზრობის დაკეტვა საჭირო არ არის. მთავარია ყველას გამოკვლევის შესაძლებლობა მოგვეცეს.

- ბოლნისის შემდეგ გაჩიანში მოსალოდნელი იყო თუ არა ასეთი ამბავი? - ასეთი ამბავი მოსალოდნელია ყველგან, სადაც კი ადამიანები დაარღვევენ ელემენტარულ წესებს, ანუ არ ეკეთებათ ნიღბები, არ დაიცავენ დისტანციას, არ მოერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს. ეს დაავადება ისეთია, ვერ გავაჩერებთ. სადაც კი ადამიანებს დაავიწყდებათ, რომ კორონა ჩვენ გვერდით არის, ყველგან შეიძლება მოხდეს.

- გაჩიანის მოსახლეობა ფრთხილობს, თუ განსაკუთრებული ახსნა სჭირდებათ?..

- სადაც განსაკუთრებული ახსნა გვჭირდება, იქ არის მეორე გამოსავალი - მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რაც ახლა დაგვჭირდა. ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ გამოკვლევებზე არ გვთანხმდებოდნენ.

- თავდაპირველად, როდესაც კორონას შემოტევა დაიწყო, გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე, ჩავიკეტეთ, ვიკვლიეთ, თავდაცვაზე გადავედით... ხშირად გაიგონებდით, კორონამ პოლიტიკა დაგვავიწყაო. ახლა ისინი თითქოს ერთმანეთში აირია... არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა კორონა პოლიტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენონ... - ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, ახლა კი ზუსტად ერთნაირად იქცევიან. ლუგარის ცენტრს ერთნაირად ებრძოდნენ, ახლაც ერთნაირად ამტკიცებენ, რომ ვირუსი არ არის და შეზღუდვებიც აღარ უნდა იყოს...

- ლუგარი ახსენეთ და, არ შემიძლია არ გკითხოთ მავთულხლართებს მიღმა ჩვენი თანამემამულეების უკანონოდ დატყვევების შესახებ... ბრალდებებში ლუგარი და ღამურებიც არის ნახსენები... - რატომღაც ვიღაც მავთულხლართების მიღმა გადავიდეს და ღამურები დაიჭიროს! რატომ, აქეთ ღამურები არ არიან? ვინმე ღამურაში 5 ათას დოლარს რომ იძლეოდეს, საქართველოში ღამურა აღარ დარჩებოდა და ლუგართან რიგებს ვერ აუვიდოდით. ამ ლაბორატორიას ბევრი ებრძვის, ზოგი აქედან, ზოგი - იქიდან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი ადამიანი იტესტება.

- ჯანმომ გაავრცელა განცხადება, რომ შესაძლოა კიდევ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება. ხომ არ გენიშნათ ეს სიტყვები და როგორ შეიძლება მოერგოს მათი შინაარსი ქართულ სინამდვილეს? - ჯანმო პატივსაცემი ორგანიზაციაა, მე თვითონ ვარ მისი რამდენიმე კომიტეტის წევრი, მაგრამ ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც ბრძანებებს იძლევა. ის გვაძლევს რეკომენდაციებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა და ფაქტია, რაღაც შევძელით.

- როდესაც "ოცნებამ" მაჟორიტარების სია წარადგინა, იქ დაავადებასთან ბრძოლის სათავეში მყოფი ექიმებიც დავინახეთ. როგორ მოხვდით ამ ღონისძიებაზე? - დამირეკეს და მკითხეს, ხომ არ მივიდოდი. მე ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, სადაც მინდა, იქ მივალ, მათ კი, ვინც არ მიესალმნენ ჩემს იქ გამოჩენას, კარგად გაიხსენონ, ძალით რომ დაჰყავდათ ხალხი თავიანთ მიტინგებზე.

- ზოგიერთის ნიშნის მოგებით და ირონიულად ნათქვამიც გავიგონეთ, კორონავირუსს წინასაარჩევნოდ ძალიან კარგად გამოიყენებენო... - არ ვამბობთ, რომ ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ მასთან ერთი ბრძოლა მოვიგეთ და ახლა მეორე ბრძოლას ვიწყებთ. კორონას მთელი დედამიწა ერთად თუ დაამარცხებს, ცალ-ცალკე - ვერავინ. ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი საქმე და ხელს თუ არ შეგვიშლიან, კარგს იზამენ. ისე, არ მესმის, რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ რაღაც ღონისძიებას მოაწყობს, ამას ვირუსთან რა საერთო აქვს?!

- ვაქცინის შექმნა-ძიების ამბავზეც გკითხავთ. ამბობენ, რომ საიმედო სიახლეები გვაქვს...

- არის რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც უკვე კლინიკური კვლევის მესამე ფაზაშია, ანუ ფართომასშტაბიანი კვლევა ადამიანებს უტარდებათ. დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წლის ზამთარში ვაქცინა გვექნება.

- ზამთრამდე როგორ მივალთ? უპირველეს ყოვლისა, სასწავლო პროცესია საინტერესო.

- თუ ისე ვივლით, როგორც დღეს მივდივართ, არა მგონია, რაიმე საფრთხე დაემუქროს სასწავლო პროცესს. უამრავი სცენარი განიხილება და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- დისტანციის დაცვა სკოლებში წარმოუდგენელია... - დიახ, ბავშვებთან რთულია დისტანციის დაცვა, მით უმეტეს - პატარებთან.

საბედნიეროდ, ეს დაავადება ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობასთან გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ბავშვები მიდიან სახლში, სადაც ჰყავთ ბებიები, ბაბუები და მათ შეიძლება საფრთხე შეუქმნან.

- შეიძლება ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე ვიფიქროთ?

- გააჩნია, როგორი იქნება სიტუაცია. შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სწავლება, შეიძლება - შერეული. თვე-ნახევარია დარჩენილი სწავლის დაწყებამდე და როგორ შეიცვლება სიტუაცია, არავინ იცის.

- ყველაზე რთულ პერიოდს როდის ელოდებით?

- დეკემბრიდან, იმიტომ, რომ, ვფიქრობ, როგორც ყველა რესპირაციული დაავადება, ესეც გააქტიურდება.

- ყველაზე დიდი კანონზომიერება, რომელიც თქვენთვის, როგორც მედიცინის მუშაკისთვის, კორონავირუსმა დაანგრია... - არაფერი არ დაუნგრევია.

კორონავირუსი იქცევა ისე, როგორც სხვა ვირუსი პანდემიის დროს. ველოდებოდით, რომ ზაფხულში გავრცელება შემცირდებოდა, რადგან იყო პანდემიის გაკვეთილები 1918 წლის, 2009 წლის... ზაფხულმა მაინცდამაინც შვება ვერ მოგვგვარა, გარდა იმისა, რომ ფანჯრებია ღია, ყველაფერი ნიავდება და ეს ოდნავ ამცირებს გადაცემის რისკს. პანდემიის დროს სეზონს მნიშვნელობა არა აქვს, ასე რომ, ახალი არაფერი ყოფილა.

- მეორე ტალღა რთული იქნებაო... თქვენც ასე ფიქრობთ? - არ ვიცი, ვნახოთ... ჩვენ ხომ ამ დაავადებაზე საფუძვლიანად ყველაფერი დღესაც არ ვიცით. გავიხედოთ, მეორე ტალღისას რა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში.... ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- და ვართ მზად? - მზად რომ არ ვიყოთ, ქვეყანაში ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა. ასევე გავაგრძელებთ, თუ მოსახლეობა ყველაფერს გაითავისებს და ისეთივე ერთიანობა იქნება, როგორიც გაზაფხულზე იყო.

- თქვენს ნახსენებ სცენარებს შორის არის ისეთი, რომლითაც შესაძლოა ისევ სახლებში გამოვიკეტოთ? - არა მგონია, იმიტომ, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ. მთავარია, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ და კორონავირუსთან თანაცხოვრების ელემენტარული წესები დავიცვათ.