"ვინც ბრალს სდებს, შეუძლებელია, თავად სუფთა იყოს" - კვირის პალიტრა

"ვინც ბრალს სდებს, შეუძლებელია, თავად სუფთა იყოს"

"ადამიანი, რომელსაც პერსპექტივა აქვს, დამშვიდებულია. რაკი უპერსპექტივობის განცდა აქვთ, ჩვენთან ხალხიც გამწარებულია და პოლიტიკოსებიც", - გვითხრა სცენარისტმა რეზო კვესელავამ:

- ლექსიკონი გამოიცვალა. ამის ძირითადი მიზეზი ის ნერვიული ატმოსფეროა, რომელმაც ქვეყანაში დაისადგურა. ნერვიულ ატმოსფეროს ადამიანის ჩაკეტილობა ქმნის. ადამიანები ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებენ. ინტელექტუალებისთვის, გონებრივი შრომის ხალხისთვის, რომელიც ჩვენთან ღარიბია, საზღვრები დაკეტილია. ევროპაში გასვლა ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც ვიღაც მფარველობს, ან ცოტაოდენი ფული იშოვეს და ატრიალებენ, მაგრამ ფულის ტრიალი, ე.წ. კაპიტალის დაგროვება რამდენად  შექმნის სულიერ კმაყოფილებას?

ფულიც ერთგვარი ნარკოტიკია. ფულის შოვნისკენ მთელი აზროვნების მიმართვა, სწრაფვა სიმდიდრის დაგროვებისკენ, ქმნის ერთგვარ ნარკოტიკულ სივრცეს, რომელიც გაბრუებს და საღ თვალს გახუჭვინებს.

ხალხი, ვინც ქონებას აგროვებს, არ არის შემოქმედებითი ხალხი, რომელმაც წიგნი უნდა იკითხოს და კავშირი გააბას ისტორიასთან, თავის წარსულთან, დიდ მწერლობასთან. თუ ბარათაშვილთან, ვაჟასთან, გურამიშვილსა და  რუსთაველთან არა გაქვს დიალოგი, მაშინ ან მატერიალური დოვლათი უნდა დააგროვო, ან  სახელი მოიხვეჭო. სწორედ ამას აკეთებს ზოგიერთი ჯგუფი, მაგრამ ხალხი, ვისაც ფული დაუსახავს მთავარ მიზნად და არსებობის, სიამოვნების აუცილებელ წყაროდ, უდიდესი პესიმისტია, რადგან ფულის გარდა სხვა რამ არ სწამს. სხვა რამეში ვერ პოულობს ფასეულობასა და სიმშვიდეს. ეს უდიდესი საგანია სასოწარკვეთისათვის.

KvirisPalitra.Ge- გამოდის, მატერიალური შეჭირვება არ ყოფილა ნერვიული ვითარების მიზეზი.

- საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მატერიალური დოვლათი მოიპოვა, შიშობს, რაც მოიპოვა, ის არ დაკარგოს, გაამრავლოს და  ეჭვი არ ასვენებს, პოლიტიკური ვითარება რომ შეიცვალოს, ხიფათი მელისო, ამიტომაც შეუპყრია საზოგადოების ეს ნაწილი შიშს. შეშინებულია მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელსაც არაფერი გააჩნია ან ცოტა აქვს. მას ეშინია დღევანდელობისაც და იმისაც, ვაითუ იმაზე უარეს ყოფაში ჩავარდეს, ვიდრე დღეს არის. ხალხს ახსოვს უარესი პერიოდებიც, როდესაც ყაჩაღები სახლში უცვივდებოდნენ.

დალხინებული არც ხელისუფლებაა. ძალაუფლება აქვს და ცდილობს, დაალაგოს ქვეყანა, მაგრამ როგორი დასალაგებელია? როგორ გინდა თავი გაართვა საზოგადოების პრეტენზიებს, როგორ უნდა შეინარჩუნოს ერთდროულად პატიოსნებაც და დამოუკიდებლობაც?

ამას რომ ვითვალისწინებ, არ შემიძლია ვინმეს ბრალმდებელი ან ადვოკატი ვიყო. მე ჩემი გზა და კუთხე, ჩემი წიგნი და საფიქრალი  მაქვს.

- ისეთი განცდაც კი ჩნდება, რომ ღირსება,  ზნეობა უკანა პლანზე გადავიდა.

- ასეთი ვითარებაა, ყველაფერი დაშვებულია.

ჩვენ ვერ მივაღწიეთ ნამდვილ დემოკრატიას, სადაც ადამიანი ფასეულია და ქვეყანა პასუხისმგებელია ადამიანის წინაშე. ჩვენთან ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ფასეულია თავისი სამშობლოსთვის, რადგან არა აქვს განცდა, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობს.

ამას წინათ ერთმა ქალმა დარეკა ტელევიზიაში, აზრის გამოხატვის მეშინია, რადგან ჩემს ოჯახში მარტო მე ვმუშაობ და რაიმე აუგი რომ ვთქვა ხელისუფლებაზე, სამსახურს დავკარგავო.  შრომის უფლებაც არ გექნება, თუ ხელისუფლებას გააკრიტიკებ და ეს არ შექმნის ნერვიულ ატმოსფეროს?  მილიონიც რომ გქონდეს და ვინმემ შრომის უფლება წაგართვას, გითხრას, დაჯექი და არაფერი გააკეთოო, საშინელ დღეში ჩავარდები. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა სასოწარკვეთილება ეუფლება ადამიანს, რომელიც შრომის უფლებასთან ერთად ლუკმაპურს, ფუნქციასა და როლს კარგავს.

მიფიქრია, ვინმე უმდიდრესმა კაცმა რომ გვითხრას, არ იშრომოთ, მე შეგინახავთ და გამოგკვებავთ, ოღონდ დაწყნარდითო, უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში ჩავარდება ხალხი, რადგან ადამიანი ქონებით ტკბობისთვის კი არა, მოპოვებისთვის არის შექმნილი.

ადამიანის  ბედნიერება მიღწეულში კი არა, იმაშია, რაც მისაღწევი აქვს და თუ ექნება საშუალება, თავისი მოპოვებული სხვებსაც გაუნაწილოს, კიდევ  უფრო ბედნიერი იქნება.

- მაგრამ ერთმანეთის საჯაროდ განქიქების ვნებას ვერც თქვენ მიერ ნახსენები "გონებრივი შრომის ხალხი" მოერია. მწერლები, მხატვრები, მეცნიერები ასევე დიდი გატაცებით ასხამენ ლაფს ერთმანეთს.

- როდესაც მასწავლებელი გამოდის და საქვეყნოდ ჰყვება თავისი ოჯახის ამბებს და დასძენს, მშიაო, უკმაყოფილების განცდა მიპყრობს და არა თანაგრძნობა. მას ხომ უსმენს მისი მოსწავლე? მასწავლებლის ამ ნათქვამს რომ გაიგონებს, მოსწავლის თვალში ის კარგავს თავის შარავანდედს, გამორჩეულ მდგომარეობას. ჩემი მასწავლებლები იყვნენ ამ შარავანდედით მოსილი და ეს სტიმულს მაძლევდა უკეთ მესწავლა, უკეთ მოვქცეულიყავი.

მასწავლებელი არ იყო გამოფერთხილი, გამომზეურებული ფიგურა, რომელსაც, თუ მოშივდა, თვალს ამოუღებს ვინმეს. ჩემი მასწავლებლები, მიუხედავად იმისა, რომ ომი და შიმშილი იყო, გაჭირვებაზე არ ლაპარაკობდნენ,  ახლა კი ვხედავ, როგორი გაცოფებით ლაპარაკობენ შიმშილზე, შეჭირვებულ ყოფაზე და ამით კარგავენ შარავანდედს მოსწავლის თვალში. მასწავლებელი, რომელიც ამბობს, მშიაო და მერე მოსწავლეს "მგზავრის წერილებს" აუხსნის, მოუსმენს მოწაფე ან შეხედავს ამაღლებული გრძნობით?

იცით, რატომ არის სხვაობა ჩემი დროისა და დღევანდელ მასწავლებელს შორის? "დოქტორ ჟივაგოში" პასტერნაკი ამბობს, ომმა ერთგვარად სულიერი სიდუხჭირისაგან გაგვათავისუფლა ყველა, რადგან უცებ დავჭირდით ქვეყანასო. ახლა კი მასწავლებელს, ექიმს, მეცნიერს, მხატვარსა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ არავის სჭირდება, თითქოს ზედმეტი არიან და ეს არ შექმნის ნერვიულ ატმოსფეროს?

ჩვენთვის უდიდესი ავტორიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. ამ თითქოს ყველაფრის წამლეკავ სიბინძურეში ის ავლენს ისეთ თვისებებს, რაც შარავანდედით მოსავს.  პატრიარქი არ არის მატერიალურზე ორიენტირებული, არასოდეს გამოუვლენია სულიერი სისუსტე და ამიტომ ვცემთ პატივს. ის რომ ადამიანების უმეტესობასავით მოუთმენელი იყოს, გვექნებოდა ასეთი მოწიწება მისდამი?

KvirisPalitra.Geსულიერება მოგვაკლდა... მაგრამ მწერალთა კავშირშიც არიან კარგი ადამიანები. ბაჩანა ბრეგვაძეს, რომელიც ბერძნულიდან პლატონსა და არისტოტელეს თარგმნის, დღედაღამ არ სძინავს, წიგნს არის მიჩერებული, შიმშილით რომ მოკვდეს, არ იყვირებს, მშია და პირში რამე ჩამიდეთო. ამ 80 წელს მიღწეული კაცს ისეთი დიდი ძალა აქვს, რა მდგომარეობაშიც უნდა ჩააყენო, წუწუნს არ მოჰყვება. ხალხი გრძნობს ასეთ ადამიანებს, მათ ძალას...

უცებ გალაკტიონი გამახსენდა, ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი გენიოსი. მართალია, წუხდა, რომ პალტო არ ჰქონდა ზამთარში, მაგრამ გალაკტიონი პალტოს, შარვლის ან თანამდებობის მონად იქცეოდა? არა, გალაკტიონი ცხოვრებისა და კარიერის მონა არ ყოფილა და ასეთი ადამიანების არსებობა ასულდგმულებს საზოგადოებას.

ისინი იდეალისტები არიან, საზოგადოების სულიერი საზრდო, მაგრამ ეს ხალხი, ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, დღეს ერიდება ტელევიზიას, ქუჩაში გამოსვლას, შეხლა-შემოხლას. ის გაჩუმებული და დაღონებულია, რადგან იცის, ამ შეხლა-შემოხლაში რომ ჩაერიოს, თავისი სულიერების ნაწილს დაკარგავს.

ძნელია კაცზე ცუდის თქმა. როდესაც კაცზე აუგს ამბობ, ფაქტობრივად, კლავ მას. ბრალდებების სერიებია ჩვენი არსებობის ძალიან მძიმე წახნაგი. იცით, რა არის გადაულახავი წინააღმდეგობა? ვინც ბრალს სდებს, შეუძლებელია, თავად სუფთა იყოს, რადგან სუფთა და უმწიკვლო ადამიანი სხვას ბრალს ვერ დასდებს,   რადგან დაიტანჯება და თავის ბიოგრაფიას დამოკიდებულს გახდის იმაზე, ვისაც ბრალი დასდო, პასუხისმგებელი ხდება ბრალდებულის ტანჯვაზე, ბედსა და მომავალ ცხოვრებაზე.

- ბრძანეთ, დღეს ყველაფერი დაშვებულიაო და შეიძლება ერთი მხრივ კარგიც არის, რომ ყველამ თავისი სახე გამოაჩინა და რაც დამალული ჰქონდა, სამზეოზე გამოიტანა.

- ეს ეპოქა ღია კარივით არის, ყველასა და ყველაფერს ნიღაბი აეხადა. შეხედეთ, რა ხდება: დემაგოგია, ყვირილი, სხვისი მოთხრა და ამ დროს თავად კარგავენ ზნეობასა და ღირსებას. ფლობერი  ამბობდა, ყოველი დღე წინაზე უარესიაო. ასე ხედავდა ის მთელი კაცობრიობის მდგომარეობას. ეს ცივილიზაცია უარესობისკენ მიდის, მაგრამ არიან ადამიანების ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ საზოგადოების ხსნას. პოლიტიკური პარტიები ხომ ამისთვისაა შექმნილი და  მოწოდებული?

- ოპოზიცია ვარაუდობს სოციალური მოთხოვნებით გამოსვლებს და ე.წ. მშიერთა ბუნტს.

- ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, ამას ავიცილებთ, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ე. წ. კომფორტულ ხარჯებზეო. თუკი მმართველი თავის მდგომარეობას საშუალო ადამიანის მდგომარეობამდე დაიყვანს, თუკი არ გამოეყოფა მათი ცხოვრების წესს, მართლაც დააწყნარებს ქვეყანას. განდიმ ინდოეთი ინგლისელებისაგან რომ  გაათავისუფლა, სასახლეში არ შევიდა.

ქვეყნის მეთაური რომ გახდა, იმავე ტანსაცმლით დადიოდა, რაც მანამდე ეცვა და ცოლს ეუბნებოდა, ბავშვებმა არ უნდა გაიგონ, რომ ინდოეთის პოლიტიკურ ლიდერად ამირჩიეს, დაე, მათ ისევე იმათხოვრონ ქუჩაში, როგორც ინდოელების უმრავლესობა მათხოვრობსო. აი,  ასეთი კონცეფციით უნდა იცხოვროს ქვეყნის ხელმძღვანელმა. თავისი ხალხის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, მთელი არსებით უნდა განიცდიდეს მის გასაჭირს, კი არ უნდა თამაშობდეს ამას.

როდესაც პრეზიდენტი ფუფუნებით ცხოვრობს და ხალხს საჭმელი ენატრება, ასეთი ხელისუფალი ვერ იქნება ახლობელი ხალხისთვის, ფასს კარგავს.

განდი არ არის ლეგენდა, ეს გუშინდელი ამბავია და მისგან შეიძლება მაგალითის აღება, მაგრამ თუ ეს ბუნებაში არა აქვს ადამიანს, ვერ გააკეთებს და ვერც ამ გზას  დაინახავს გონების თვალით. ჩვენი პოლიტიკოსებისგან რა გამიკვირდეს, როდესაც იაპონიის (რომელიც ტრადიციული, სიბრძნით სავსე ქვეყანაა) პარლამენტში სკამებს უტყამენ თავში ერთმანეთს.

დასავლეთში ბევრი უკეთურება ბუნებრივი განვითარების შედეგია, აქ კი მიმბაძველობით გახდა მოდური (თუნდაც ნარკომანია და ჰომოსექსუალიზმი) და ეს უფრო ამაზრზენია. იმიტაცია, მიმბაძველობა უფრო დიდი ნიშანია გახრწნილებისა, ვიდრე თვით გახრწნილება. ადამიანი რატომღაც კარგს არ ჰბაძავს.

ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი სულიერი და მორალური გაჭირვება გადაიტანა. ამ მდგომარეობიდან უფრო ფრთხილი, დაკვირვებული და განვითარებული გამოვალთ. ნაკლები იქნება ვოლუნტარიზმი და აღვირახსნილობა.  ხელისუფლება გადმოვა ჯიპებიდან და უფრო გაუთანაბრდება ხალხს.

საკმარისია, რაც ამ ქვეყანაში მოხდა და იმან, ვინც მომავალში იქნება ქვეყნის სათავეში, გაკვეთილი უნდა მიიღოს მომხდარისგან. ეს ხალხი აღარ არის ის, რაც უწინ იყო. მას ადვილად ვეღარავინ აიყოლიებს.

ისეთი წარსული გვქონდა, დღეს უარესის შიშით არის ხალხი გარინდებული. ზვიად გამსახურდიას ერთი დაძახებით შეეძლო მთელი სტადიონი ხალხის ქუჩაში გამოყვანა. შევარდნაძის გადასაყენებლად სოფლებიდან გამორბოდა ხალხი. დღეს რატომ გაინაბა ის ხალხი, რომელმაც ჯერ კომუნისტები მოიშორა და მერე შევარდნაძე? ფიქრობენ, ბევრი სურვილი და იმედი არ გაგვიცრუვდა, ამან შუქი მაინც მოგვცა და პირუტყვს მაინც არავინ გვპარავს. მოდი, ამას დავჯერდეთ, რომ ისევ ბნელ ორმოში არ ჩავცვივდეთო. ხალხმა ჯოჯოხეთიდან გადმოდგა ერთი ნაბიჯი და ამას ვერ ელევიან.