"გვეგონა, უბედურება ამით დამთავრდა, მაგრამ იქედან ორი წელიც არ არის გასული, რომ იგივე კოშმარი დატრიალდა..." - კვირის პალიტრა

"გვეგონა, უბედურება ამით დამთავრდა, მაგრამ იქედან ორი წელიც არ არის გასული, რომ იგივე კოშმარი დატრიალდა..."

წეროვანში მცხოვრებმა წერეთლების ოჯახმა ბევრი ტანჯვა გამოიარა, მაგრამ არსოდეს არაფერზე დაუწუწუნიათ. ცხოვრება თავიდან როგორღაც დაიწყეს, მერე, ვინაიდან სამი შვილის ფეხზე დაყენება ადვილი არ იყო, ოჯახის დიასახლისი ემიგრაციაში წავიდა სამუშაოდ. ამასობაში, ოჯახის უფროსი ვაჟმა მუშაობა დაიწყო, დაოჯახდა. მისმა პატარებმა ყველაფერი გაახალისეს. სამწუხაროდ, 2 წლის წინ, სრულიად ჯანმრთელ, 27 წლის ვახტანგ წერეთელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა.

თამარ წერეთელი, ვახტანგ წერეთლის და: - ვერანაირი უბედურება ახლოსაც ვერ მივა იმ სასოწარკვეთასთან, რასაც საყვარელი ადამიანის სიცოცხლის საფრთხე ჰქვია. ვახო სრულიად ჯანმრთელი გვყავდა, მაგრამ ერთ დილას ყველაფერი ამოტრიალდა. თავიდან არ შეგვშინებია. სახეზე თითქოს ჰერპესის მსგავსი გამონაყარი ჰქონდა. მერე კი უცებ სტომატიტი დაემართა. მაგრამ ექიმმაც უთხრა, - საგანგაშო არაფერია, ვუმკურნალებთ და მალევე ალაგდებაო. მაგრამ ალაგების ნაცვლად ვახოს სტომატიტი სულ უფრო გაურთულდა. ამიტომ ექიმმა ჰემატოლოგთან გაგზავნა სისხლის გამოსაკვლევად. აი, მაშინ მივიღეთ ის საშინელი პასუხი, რასაც ლეიკემია ჰქვია.

- მძიმე ფორმა ჰქონდა? -კი, ძალიან სუსტად იყო. სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება იყო საჭირო და ამ დროს საფრანგეთში მცხოვრები ახლობლები გამოგვეხმაურნენ, - თუ თანხის ნაწილს მაინც შეაგროვებთ და აქამდე ჩამოიყვანთ, მერე ჩვენ ვიცით, ჩვენ მივიყვანთ კლინიკაში სამკურნალოდო. მაგრამ ვახო უარზე იყო, - არანაირ ფულს არ დავხარჯავ და არც ვიმკურნალებ, ოჯახს მაგ ტვირთს არ დავადებო. მაგრამ ახლობლებმა ხელი გამოგვიწოდეს, ვისაც რა გააჩნდა, დაგვეხმარა. ვახოს მეგობრებმა მთელი წეროვანი შემოიარეს და ხალხმა, თავისი გაჭირვების მიუხედავად, ხელი გამოგვიწოდა, სახელმწიფოც დაგვეხმარა და ვახო საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ. ბოლოს სრულიად განკურნებული ჩამოვიდა. ჩვენც გვეგონა, უბედურება ამით დამთავრდა, მაგრამ იქედან ორი წელიც არ არის გასული, რომ იგივე კოშმარი დატრიალდა. ვახოს ისევ გამოაყარა. ექიმმაც ისევ დაგვამშვიდა, - საშიში არაფერია, მხოლოდ ანგინა და ბრონქების ანთება აქვს და ძალიან სწრაფად გამოვაჯანმრთელებთო. რომ არაფერი შეიცვალა, მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო. ვახოსაც კარგა ხანს არ უნდოდა ჰემატოლოგთან მისვლა, რადგანაც უკვე მიხვდა, რა პასუხსაც ეტყოდნენ. საბოლოოდ, ჰემატოლოგს მაინც მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ძალიან ცუდი ანალიზია, რადგან დაავადება ისევ განმეორდა, აუცილებლად ძვლის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაკეთდესო.

- რასაც ძალიან დიდი თანხა სჭირდება... - იმხელა, რომ ჩვენ ვერ შევაგროვებთ, 65 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ორი წლის წინ დაგვეხმარა, ახლაც გვეხმარება, ეს ფული მაინც ვერ ვიშოვეთ. უკანასკნელი უარი მცხეთის მერიისაგან მივიღე - ვერაფრით დაგეხმარებით, თანხები არ გაგვაჩნიაო.

კამათის ძალაც არ მაქვს. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ძმა გადამირჩეს, რისთვისაც საზოგადოება უნდა შევაწუხო, რაც ამდენხანს არ გაგვიკეთებია. მინდა ყველას ვთხოვო, რომ დაგვეხმარონ თუნდაც სულ მცირე თანხით, რაც ჩვენთვის გადარჩენა იქნება... სხვა არაფრის თქმა შემიძლია. ვინც ხელს გამოგვიწვდის, მან უჩვენოდაც იცის, რომ სიკეთე არ იკარგება.

თიბისი ბანკი: GE24TB7814045061100103 საქართველოს ბანკი: GE68BG0000000131399084

მიმღების სახელი: თამარ წერეთელი

მიმღების ტელეფონი: 598377399

(სპეციალურად საიტისთვის)