ქვეშაფსიები ხომ არა ვართ?! - კვირის პალიტრა

ქვეშაფსიები ხომ არა ვართ?!

ცურვაზე შემიყვანეს. დედაჩემი არ იყო ჩემი სიმაღლით კმაყოფილი. საყოველთაოდ ცნობილი ლეგენდის თანახმად, ცურვა 5 სანტიმეტრს ნაღდად მომიმატებდა. ჰოდა, "დინამოს" აუზზე შემიყვანეს. 1 წელი დავდიოდი.

"ლიაგუშატნიკში" ვჭყუმპალაობდი. შემდეგ გადამიყვანეს 25-მეტრიან აუზში. ხომ იცით, ეგ ისეთი რაღაცაა რა... დახრა აქვს. ერთ ბოლოში შეგიძლია ფეხზე დადგე და წყალი არ გფარავს,  თანდათან ღრმავდება. ცოდვა გამხელილი სჯობს და, სულ იმ ფეხზე დასადგომ ბოლოში ვტრიალებდი... ვტრიალებდი რა, ვჭყუმპალაობდი. "მწვრთნელებს" ფეხებზე ვეკიდე... სულ არ აღელვებდათ, რას ვჩალიჩობდი. არავის ანაღვლებდა, ცურვა შემეძლო თუ არა. ასე გავიდა კიდევ ერთი წელი. ჩაითვალა, რომ ცურვა ვიცი (არადა, არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი) და დედაჩემმა გადაწყვიტა სპორტულ ჯგუფში გადავეყვანე. ასე  ხომ უფრო სწრაფად გავიზრდებოდი სიმაღლეში. ბიძაჩემი ერთი ქარხნის დირექტორის მოადგილე იყო. იმ ქარხანას აუზიც ჰქონდა. ჩამიწყვეს და სპორტულ ჯგუფში მიმიღეს.

დიდი ამბით წავედით პირველ გაკვეთილზე. ფეხები უკან მრჩება. ხომ ვიცი, რომ ცურვის აზრზე არა ვარ," მაგრამ როგორია დედაჩემს უთხრა ეს?! მივედით აუზზე,  კანკალით ჩავიცვი "სპიდოს" ახალი ტრუსი, თავზე "ნავაროჩენი" რეზინის ქუდი მოვირგე, წყლის სათვალეც გავიკეთე. განწირულივით მივდივარ აუზისაკენ, ძალიან  მეშინია, არ დავიხრჩო. ვხედავ, დედაჩემი მწვრთნელს ელაპარაკება. ეტყობა ეუბნება, მაინცდამაინც ნუ დატვირთავთ, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა კი არა, ბავშვის სიმაღლეში 5 სანტიმეტრით გაზრდააო. მწვრთნელს თეთრი შარვალი აცვია, თეთრ პერანგშიც გამოწყობილა, თეთრი ფეხსაცმლითაც იწონებს თავს, თურმე, ქორწილში მიდის. მაჯაზე "ორიენტის" ფირმის საათი უკეთია, ქვისლს გამოართვა ალბათ. მოთმინებით უსმენს დედაჩემს.

ერთი სული აქვს, როდის მოამთავრებს გაკვეთილს და ქორწილში მოილხენს. ვუახლოვდები, მწვრთნელი ტრიალდება და მხიარულად მეკითხება, - "აბა, შენა ხარ მომავალი ჩემპიონიო?" - "ჰო, მე ვარ-მეთქი," - ამოვიკნავლე და საცოდავად გავიღიმე. "- მიდი, გადაეშვი, მომავალო ოლიმპიელოო, -" გამამხნევა მწვრთნელმა და აუზზე მანიშნა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი კიდეს.

ვხედავ, რას ვხედავ... ეს ზუსტად ის კიდეა, სადაც წყალი ღრმაა, აშკარად დამფარავს. დავიწყე ნელ-ნელა საწინააღმდეგო ბოლოსკენ მოძრაობა. ვიფიქრე,  წყალში იქ გადავხტები და, რამე რომ იყოს,  ფეხზე დავდგები, არ ჩავიძირები-მეთქი. ასეთი გეგმა კი მქონდა, მაგრამ მწვრთნელმა დამიძახა, "იქით რაღას მიდიხარ, აქ გადახტიო." აქ ხდება ძალიან საინტერესო ამბავი - ვდგავარ აუზის კიდესთან, "სპიდო" მაცვია, წყლის სათვალე მიკეთია, ვუყურებ თეთრებში გამოწყობილ მწვრთნელს, დედაჩემს, მოცურავე ბავშვებს და უცებ ვხვდები, ახლა რომ არ გადავხტე, ძალიან, ძალიან შევრცხვები... აი, უკანასკნელი მშიშარა ვიქნები, ვიღაც ქვეშაფსია. პატარა ბიჭებს აქვთ ხოლმე ასეთი შიშები... ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ვისკუპე...

შემდეგ დედაჩემი მიყვება: რომ გადახტი, ერთი-ორი მეტრი რაღაც განწირულად "იცურე,  მერე კი ნაჯახივით წახვედი ფსკერისკენ. მწვრთნელი ერთი წუთი გაოგნებული გიყურებდა, მერე ჩემმა კივილმა გამოაფხიზლა და წყალში გადახტაო.

ერთი სიტყვით, გადამარჩინეს. ის კაცი ქორწილში ვეღარ წავიდა. დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ მიყურებდა სიბრაზისაგან აკანკალებული, თავიდან ფეხებამდე გალუმპული - სველი თეთრი შარვლით, სველი თეთრი პერანგით, დასველებული "ორიენტით". გინებას ვერ ბედავდა, მხოლოდ თავისთვის ბუტბუტებდა - "ბლინ, ბლინ". მერე მახსოვს, როგორ მოვდიოდით სახლში მე და დედაჩემი შერცხვენილები. სადარბაზოსთან მომიტრიალდა დედა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, "არა უშავს, შალვა, მაინც ხომ გადახტიო. გული ამიჩუყდა და ვუთხარი: "დედიკო, ჯანდაბას, ყოველ დილით დავლევ იმ რძიან ჭარხლის წვენს და სიმაღლეში მაინც გავიზრდები-მეთქი.

მერე გავიზარდე (სამწუხაროდ სიმაღლეში არც ისე). და აი, დღესაც, 30 წლის შემდეგ,  ისევ დამეუფლა ის შეგრძნება, როგორიც მაშინ აუზის კიდესთან მდგომს. შეგრძნება იმისა, რომ შენ წინაშე რაღაც შეუცნობელი და საშიშია. არ იცი, რა მოგელის, მაგრამ გრცხვენია, რომ არ გადახტე. და ხტები... გადაეშვები. იქნებ იმ იმედით, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოვა ვიღაც თეთრებში გამოწყობილი და გადაგარჩენს. მგონი, დღეს ყველა ასე ვართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი დროება უნდა მოვიდეს, მაგრამ გვეშინია... სიღრმის გვეშინია. თუმცა უნდა გადავხტეთ!.. ქვეშაფსიები ხომ არა ვართ?! თანაც, თეთრებიანი მაინც გადაგვარჩენს...

შალვა რამიშვილი