"ყველას ვეტყვი, რომ დომენტი გაგნიძე აფერისტია!" - კვირის პალიტრა

"ყველას ვეტყვი, რომ დომენტი გაგნიძე აფერისტია!"

"ერთი წლის წინ ნათესავს  ფილტვის კიბო აღმოაჩნდა. სამწუხაროდ, საავადმყოფოში მკურნალობაზე უარი თქვა და მეზობელს ენდო. მან მიასწავლა, რომ ვინმე დომენტი გაგნიძე სასწაულებს ახდენს, უამრავი კიბოიანი მოარჩინაო.

მოგვიანებით გავიგე, რომ ეს კაცი  მატყუარაა. ტყუილია მისი ბიოგრაფიაც, თითქოს მომაკვდავი იყო და სიზმარში ნასწავლი წამლით გადარჩა. რომ შემეძლოს, დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გავატარებინებდი. ჩემს საწყალ ნათესავს მკურნალობის პერიოდში ჭამა აუკრძალა, მარტო თევზეული ჭამეო. კაცი დაუძლურდა, მაგრამ დომენტის წამალს მაინც არ შეეშვა... იმას ვეღარავინ გადაარჩენს, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, იქნებ სხვები მაინც გადავარჩინოთ!

ვინ არის ეს კაცი და რატომ აძლევენ ამდენის უფლებას? ერთ კონა ბალახში 200 ლარს რომ ახდევინებს კაცს და საიქიოს ისტუმრებს?! პასუხს მოსთხოვ და გეტყვის, ვინმემ ხელშეკრულება დაგიდო, რომ  განგკურნავდიო?

ლაშა მ. ზუგდიდი".

ბოლო დროს ასეთი შინაარსის წერილები "კვირის პალიტრაში" ხშირად მოდის.”დომენტი გაგნიძესთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. ოფისის ტელეფონზე დავრეკეთ, ქალბატონმა გამოგვიცხადა, რომ ბატონი დომენტი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეძლებდა ჩვენს მიღებას. სანამ "სახალხო მკურნალი" მოიცლიდა, მის ინტერნეტგვერდს გადავხედეთ, სადაც გარკვევით წერია, რომ "დომენტოლი" და "გაგენოლი" (დიდგულას ნაყოფის, ლურჯი ღიღილოს ყვავილის, გვირილის, შვიტის, ფურისულას ფოთლების, ფარსმანდუკის და სხვა სამკურნალო მცენარეთა ნაკრები) კურნავს ფილტვის, კუჭ-ნაწლავის, საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლების და სხვა ორგანოების 1-ელი და მე-2 სტადიის ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს;

კარგი შედეგი აქვს მესამე სტადიის მკურნალობის ზოგიერთ შემთხვევაშიც. ამასთან, თურმე პრეპარატი კურნავს გაფანტულ სკლეროზს, ცერებრულ დამბლას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ციროზის 1-ელ და მე-2 სტადიას, ჩ ჰეპატიტს, ბოტკინს, ტუბერკულოზს, სპობს აზოტს თირკმლებში და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ დაავადებას. ერთი სიტყვით, სასწაულმოქმედთან გვქონია საქმე(?!).

გადავწყვიტე, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში დამედგინა, მართლა უნივერსალური სამკურნალო საშუალებაა თუ არა "დომენტოლი" და "გაგენოლი" და ნამდვილად კურნავს თუ არა კიბოს, როგორც ეს ტელევიზიით და პრესითაც განაცხადა ბატონმა დომენტიმ.

ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსი თამაზ კვირკველია:

- "დომენტოლი" და "გაგენოლი" არავითარ შემთხვევაში არ არის ანტისიმსივნური წამალი. საერთოდ, ასეთი არატრადიციული სამკურნალო საშუალებების დარეგისტრირება სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ ავტორს სურს, რეგისტრაცია კანონის დაცვით ხდება.  კლინიკური კვლევა "დომენტოლს" და "გაგენოლს" ჩაუტარდა ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში და დადებითი დასკვნა მიიღო სხვადასხვა შემთხვევაში, მაგრამ არა იმ დაავადებებზე, რომელთაც თვითონ გაგნიძე ასახელებს. "დომენტოლი" და "გაგენოლი" მხოლოდ იმუნოსტიმულატორებია, რომელთა მიღების შემდეგ შესაძლოა ავადმყოფის ზოგადი მდგომაროება გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კიბო დამარცხდა და პაციენტი განიკურნა. ეს არც გამოყენების ინსტრუქციაში წერია. მასში მხოლოდ მითითებულია, რომ  ის არის იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება... კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ამ დროს პაციენტმა სხვა წამალი არ მიიღოს.

- პაციენტებიც ამბობენ, რომ მკურნალი მათ კიბოსგან განკურნების 100%-იან გარანტიას აძლევს...

-  ვიმეორებ, ჩვენთან დარეგისტრირებულ წამალს ინსტრუქცია ახლავს! ბატონმა დომენტიმ  კარგად იცის, რა წერია ამ ინსტრუქციაში.

არსად  მინიშნებაც კი არ არის ონკოდაავადებების მკურნალობაზე. დაუშვებელია, თუ მას საპირისპირო ინფორმაცია უდევს საიტზე და ასეთ პროპაგანდას ეწევა. სატელევიზიო რეკლამებში ან ბილბორდებზე ჩვენთან შეუთანხმებლად დეზინფორმაცია თუ გავა, ავტორი მყისვე დაჯარიმდება,

საიტის გაკონტროლება კი რთულია(?!).

რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე აცხადებს, რომ მის სამსახურშიც შევიდა საჩივარი დომენტი გაგნიძის წინააღმდეგ. საქმეს აღნიშნული სამსახური იძიებს და  საჭიროების შემთხვევაში იგი სამართალდამცველებს გადაეცემათ.

გია თვალავაძე: - ჩვენ ვაკონტროლებთ დიპლომირებულ ექიმს, ლიცენზირებულ წამალს, ანუ ლიცენზირებული მკურნალობის შემთხვევას, სადაც ყველაფერი ოფიციალურად არის აღნუსხული; ამ შემთხვევაში კი, თუ პაციენტი იტყვის, რომ იღებდა "დომენტოლს", მაგრამ ეს არსად არის რეგისტრირებული, ჩვენი კომპეტენცია გვზღუდავს. დომენტი გაგნიძეს ვერ გავაკონტროლებთ, რადგან ის არც პროფესიონალი ექიმია და კანონით წამლის რეგისტრაციაც არ ევალება. ამიტომაც მისი მაკონტროლებელი ხალხია. თუ მკურნალობის შედეგი სავალალოა, მაშინ საქმეს კრიმინალის სტატუსი ეძლევა და საქმეში სამართალდამცველი ორგანოები და სასამართლო ერევა.

ვფიქრობ, ხალხს უკეთ სჭირდება იმის ახსნა, რომ როდესაც ასეთ მკურნალთან მიდიან, საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს. ჩვენთანაც შემოვიდა "დომენტოლთან" დაკავშირებით ერთ-ერთი მოქალაქის პრეტენზია, კონტროლის აპარატს გადავეცით და ვიკვლევთ, რამდენად შეიძლება დოკუმენტურად დასაბუთდეს, რომ პაციენტი ნამდვილად გაგნიძესთან მკურნალობდა. მოგვიანებით  ამ ფაქტის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ.

შესაძლოა,  "გაგენოლს" და "დომენტოლს" იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად რაღაც შედეგი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის ანტისიმსივნური პრეპარატი.

ამასთან, ეს კაცი არ არის ექიმი და ძალიან თამამად საუბრობს ასეთ თემებზე. შესაძლოა, ეს მისი მედიცინაში გაუნათლებლობის და არაპროფესიონალიზმის ბრალიც იყოს.

KvirisPalitra.Geპაციენტი მარინა ურუშაძე-მიკუტაძე ერთ-ერთია, რომელსაც "დომენტოლის" მიღების შემდეგ მდგომარეობა დაუმძიმდა. ის ახლა  ერთ-ერთ  ონკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს: "საკვერცხის სიმსივნე მქონდა, ოპერაცია გამიკეთეს, ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას. რატომღაც გადავწყვიტე, მიმეღო გაგნიძის წამლები. 1.200 ლარის ღირებულების ამპულები გავიკეთე, ორი კურსი. ერთ კურსის შემდეგ ონკოკლინიკაში გამოკვლევისას მითხრეს, რომ მუცლის ღრუში სითხე ჩანდა, მაგრამ არ დავუჯერე და დომენტისთან მკურნალობა განვაგრძე. მითხრა, გატყუებენ და ჩემი წამალი არ შეწყვიტოო. კლინიკაში აღარ მივსულვარ. წამლის მიღების დროს ძალიან კარგად ვიყავი. მეგონა, ვიკურნებოდი და  მეორე კურსიც ჩავიტარე. დავამთავრე თუ არა, მუცლის არეში სიმძიმე ვიგრძენი. ონკოკლინიკაში მისვლა მომერიდა და სხვაგან წავედი. იქაც მითხრეს, მუცელში წყალი გაქვსო. ეს შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. რაღა მექნა, ისევ მივედი  ონკოკლინიკაში.

არა მარტო მუცელში სითხე, ბადექონში სამი გაზრდილი წერტილიც დაფიქსირდა. გამწარებულმა ჩემმა ქმარმა გაგნიძეს   პასუხი მოსთხოვა. აქეთ შემოედავა, მე რა, იმას გპირდებოდით, აუცილებლად განგკურნავთო? არადა, სულ იმას  გაიძახოდა, მეორე სტადიას ასი პროცენტით ვკურნავო. ონკოლოგიურ კლინიკაში ყოველდღე გაგნიძისგან გაუბედურებული უამრავი ადამიანი მოდის, დომენტიმ მოგვატყუა და სასიკვდილოდ გაგვწირაო. ადამიანის ბუნებაა ასეთი, რომ უჭირს, გადასარჩენად ყველა მეთოდს მოსინჯავს. არადა, კლინიკის ექიმებისთვის რომ დამეჯერებინა, ქიმიოთერაპია გამეგრძელებინა, ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდი. ყველას ვეტყვი, რომ დომენტი გაგნიძე აფერისტია. მკიცხავენ, ამ გაუნათლებელ კაცს როგორ დაუჯერეო, მაგრამ...  ჩემი გასაჭირით რომ სარგებლობ და მპირდები, უეჭველად გიშველიო, ეს ხომ ბოროტებაა".

აღნიშნული ონკოკლინიკა ერთადერთი სამკურნალო დაწესებულება არ არის, სადაც დომენტი გაგნიძით უკმაყოფილო პაციენტები გადარჩენას ცდილობენ. თუმცა, მათი უმრავლესობა ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება. მათი თქმით, ამას აზრი არ აქვს, რადგან დომენტისთან ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, მას ვერაფერს დაუმტკიცებენ.

ონკოლოგიური კლინიკა "მედულას" დირექტორი დავით თაბაგარი: - "ისტორიას თუ გადავხედავთ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა "წამლების ერა" გავიარეთ, მაგრამ გაგნიძისგან განსხვავებით, კატეგორიულად არავინ ამტკიცებდა, რომ კიბოს არჩენდა.

- წამლის მიღების პროცესში რატომ გრძნობს თავს კარგად პაციენტი?

- იმუნოსტიმულატორები პაციენტებში დროებით აუმჯობესებს მდგომარეობას. ეს არის ონკოიმუნოლოგიის საკითხი, რაზეც დიდი ხანია მუშაობს მეცნიერება. არის მცდელობა, მიღებული იქნეს პრეპარატი, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის, ანუ შინაგანი ძალის გააქტიურებით დაამარცხებს დაავადებას, სიმსივნეს, იმოქმედებს სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ. იმუნური სისტემა ჰგავს შინაგან ჯარს, რომელიც შიგნითვე წარმოქმნილ მტერს ებრძვის. შიდა მტერი არის სიმსივნური უჯრედი, რომელიც მრავლდება და მეზობლებს ჭამს. ამ დროს თუ შინაგანი ჯარი კარგად აღჭურვე, პრობლემა უნდა დაიძლიოს.

სამწუხაროდ, ამ ჯარის აღჭურვის მეთოდები ჯერჯერობით წარუმატებელია. ხშირად იმუნოსტიმულატორები იწვევს არა მარტო იმუნური სისტემის, არამედ სიმსივნური უჯრედების გააქტიურებასაც. ამასთან, თუ "მტერი" სწრაფად მრავლდება, იმუნოიარაღი მის ხელში კიდევ უფრო ეფექტურია. ასეთი სავალალო შედეგის გამომწვევი ხშირად ხდება შეუსწავლელი  წამლები, თუ მათ შეიძლება საერთოდ წამალი ეწოდოს. სამწუხაროდ, არატრადიციული მეთოდებით დამზადებული ე.წ.

სამკურნალო საშუალებების ავტორებს თითქმის არ უჩნდებათ სურვილი, ოფიციალურ სამედიცინო წრეებთან ერთად იმუშაონ, რათა დადგინდეს, რა შედეგის მიღწევა შეიძლება მათი მეთოდით. როდესაც ჩვენს პაციენტებს ვუხსნით, რომ ასეთი წამლების გამოყენებით რისკზე მიდიან, ეს მკურნალები არწმუნებენ, ექიმებს ეშინიათ ჩვენი კონკურენციის და ამიტომაც გზღუდავენო...

კატეგორიულად მიუღებელია დომენტი გაგნიძის პოზიცია, რომ მხოლოდ მისი წამალი გამოიყენონ პაციენტებმა და სხვა ყველა სამკურნალო მეთოდსა და წამალზე უარი თქვან. ქიმიოთერაპიის გადაუდებელ კურსსა და ოპერაციაზე რომ ადამიანს უარს ათქმევინებ და დროს დააკარგვინებ, ეს დანაშაულია, რადგან ამით მას სასიკვდილოდ იმეტებ. დომენტი გაგნიძე აცხადებს, თითქოს ღმერთმა ასწავლა მკურნალობა, ანუ ამ შემთხვევაში გზას გიჭრის საკამათოდ.

ამტკიცებს, თითქოს თვითონ განიკურნა უმძიმესი დაავადებისგან. თურმე რეცეპტს ყიდულობდნენ 500 მილიონად და არ გაყიდა, რადგან მხოლოდ ქართველებისთვის უნდა ეს წამალი, დამიჯერეთ, ცრუობს! სავარაუდოდ, თავდაპირველად მისი კოქტეილი”ვიღაცამ იყიდა, ჰქონდა არასწორი დიაგნოზი და მდგომარეობა გაუმჯობესდა, მერე ასეთი სხვაც გამოჩნდა და დომენტიმ დაიჯერა, რომ მხსნელია. როდესაც ადამიანი უფლებას აძლევს თავს, ამდენი სისულელე თქვას და თანაც მას უჯერებენ, ეს  საზოგადოების დაბალ სამედიცინო კულტურაზე მეტყველებს.

ვეჭვობ, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა საშუალება ვიღაცამ მშვენივრად გათვალა და დომენტის საქმეში ფული ჩადო. ალბათ, უკვე მოსავალიც”მიიღო. დომენტიც კმაყოფილი იქნება და მის გარშემო აჟიოტაჟიც თანდათან მინელდება. არადა, ჩვენ, ონკოლოგებს ყველაზე მეტად გვინდა, გამოჩნდეს სამკურნალო საშუალება, რადგან ყველაზე უკეთ ვიცნობთ ონკოლოგიურ დაავადებებს, რომელთაგან არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული, მათ შორის - არც დომენტი გაგნიძე."

P.S. "მე შავ რაშად მივიჩნევ ადამიანთა ავადმყოფობას და ღმერთმა ხელში ჩამაგდებინა შავი ლაგამი, წამლის სახით, რომელიც ავადმყოფობისთვის პირში ამომადებინა... ჩემი ოცნებაა, ხალხმა ავადმყოფობის გარეშე გაატაროს ამქვეყნიური ცხოვრება", - ამბობს დომენტი გაგნიძე, რომლის პაციენტები, სანამ მის მისაღებში სხედან, ფიქრობენ, რომ ეშველათ, შემდეგ კი...