"დასასვენებლად საზღვარგარეთ არასდროს წავსულვარ..." - კვირის პალიტრა

"დასასვენებლად საზღვარგარეთ არასდროს წავსულვარ..."

ზაფხული, დასვენება, წინასაზღვაო შოპინგი, მხიარული სეზონის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარება ყველა ჩვენგანის სურვილია და ვცდილობთ, ეს დრო, შეძლებისდაგვარად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დასამახსოვრებელი მომენტები შევაგროვოთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

მარიამ როინიშვილი, მომღერალი:

"ისევე, როგორც გასულ წლებში, ამ ზაფხულსაც ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები ჩვენს აგარაკზე, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს. იქ ბავშვები მიგვყავს, ათასგვარ თამაშს ვიგონებთ, რომ გაერთონ, ჩვენ კი სამაგიდო თამაშებით ვიქცევთ თავს, ერთობლივად ვკითხულობთ წიგნებს, ფილმებს ვუყურებთ, ბავშვები - მულტფილმებს... მთა უფრო მიყვარს და იმედი მაქვს, ერთ ზაფხულს მაინც მოვახერხებ სადმე წასვლას. არც ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე სიარული მიყვარდა. თუმცა, როდესაც სკოლიდან მივყვავდით, რა თქმა უნდა, მეც ვუერთდებოდი. დასასვენებლად არც საზღვარგარეთ წავსულვარ..."

მანიკა ასათიანი:

"როგორც ყველა, მეც ვრჩები საქართველოში, ქვეყნიდან არ გავდივარ და ვაპირებ, სხვადასხვა კუთხეს ვესტუმრო. ბავშვი მუხათწყაროში მყავს ამოყვანილი ჩემს დასთან, ოჯახთან ერთად და მერე უკვე, ბათუმშიც ვაპირებ წასვლას, ყაზბეგშიც..."

ანა ქურთუბაძე, მსახიობი:

"არც ისე ცოტა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანულ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი, გერმანული სკოლა დავამთავრე და სულ გერმანელებთან მქონდა კონტაქტი, როგორც კი ამ ქვეყანაში ჩავდივარ, ასე მგონია, ჩემი მეორე სახლია, მეორე "სამშობლო", რაღაცნაირად, მშობლიურად მესმის მათი და ჩემი საყვარელი ქვეყანაა..."

ნინო მუმლაძე:

"იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტას ფინანსური პრობლემები შეექმნა, არ მაქვს იმის შესაძლებლობა, სადმე დასასვენებლად წავიდე, ამიტომ თბილისში "ვიხრუკები". თეატრის ხელფასი, მადლობა ღმერთს, გვერიცხება, მაგრამ თვიდან თვემდე ელემენტარული, ყოველდღიური ხარჯებისთვისაა საჭირო და დასასვენებლად საკმარისი ნამდვილად არ არის..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 3 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

გვანცა დგებუაძე