ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ერგნეთის შეხვედრა თითქმის 1 წელია აღარ ჩატარებულა. ბოლო შეხვედრა 2019 წლის 29 აგვისტოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. მაშინ, მათ ხაშურის მუნიციპალიტეტში გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვეს, რამაც დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე, საქართველოს სამი მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული სამი მოქალაქის, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის გათავისუფლებას.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს და დაკავებისას ფეხში დაჭრეს. ის და ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და მათ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დე ფაქტო ხელისუფლება მას ბრალად სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს, მას ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ.

გენადი ბესტაევი კი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ისიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს, ამასთან ბრალად ნარკოტიკების კონტარაბანდაც დასდეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ცხინვალის ციხეში იმყოფება.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, გენადი ბესტაევი 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მეხუთედ დააკავეს. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ.