სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ გამოქვეყნდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულია.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად და დამტკიცდეს თანდართული სახით.

ბრძანებულების თანდართულ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი.

"ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", - წერია თანდართულ დოკუმენტში, რომელსაც თან დროშის ფოტოსურათიც ახლავს.

"ინტერპრესნიუსი"