პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონი "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

"სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი — წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", — წერია ბრძანებულების დანართში.

"ინტერპრესნიუსი"