როგორ აისახა პანდემია საქორწინო ბიზნესზე - კვირის პალიტრა

როგორ აისახა პანდემია საქორწინო ბიზნესზე

"პანდემიის შემდეგ ქორწილებს ფოტოსესიების გაიაფებაც მოჰყვა, ზოგჯერ ბეს გადახდაც უჭირთ იმის გამო, რომ შეიძლება ქორწილი ისევ გადაიდოს. სამაგიეროდ, ახლა მრავალსტუმრიანობით დაღლილი ნეფე-პატარძლების ნაცვლად ენერგიულ წყვილებს ვიღებ და მივესალმები, რომ "შენ გენაცვალე" ქორწილების ნაცვლად პატარა ქორწილები შეგვრჩა ხელთ..."

პანდემიამ თითქმის ყველა ბიზნესი დააზარალა, მათ შორის საქორწინოც. ქორწინების ცერემონიალის შეჩერებასთან ერთად, გაჩერდნენ ამ ბიზნესის კომპანიებიც და მათთან დაკავშირებული რესტორნები, ფოტოგრაფები, საქორწილო სამოსის დიზაინერები... ასე განსაჯეთ, ყვავილების ბიზნესიც კი. ცოტა ხნის წინ ქორწილების გადახდა დაიშვა, ოღონდ საქართველოსთვის უჩვეულო - მხოლოდ 100-კაციანი... თუმცა მრავალსტუმრიანობით გადაქანცულმა ნეფე-პატარძლებმა უფრო კარგად მოიცალეს საქორწილო "სიგიჟეებისთვის" და "ქორწილის შერგებისთვისაც". განახლებული საქორწინო ცერემონიალის შესახებ ის კომპანიები გვესაუბრებიან, რომელთაც არაერთი სირთულის დაძლევა უხდებათ.

"მთავარია, ავმუშავდეთ, კრიზისს აუცილებლად გადავლახავთ"

ანი სირბილაძე, საქორწინო ონლაინპლატფორმა wedder-ის დირექტორი:

- მთავარი ის არის, რომ ქორწილები დაუშვეს და იმ წყვილებს, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღის აღნიშვნას ელოდებოდნენ, შეუძლიათ გაიხარონ. ბიზნესის სრულფასოვან ამუშავებას კი, თუ კორონავირუსმა კიდევ არ შემოგვიტია, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ველით. პანდემიის გამო ამ დროისთვის ქორწილი არაერთმა წყვილმა გადაიტანა. პაპანაქების მიუხედავად, ამჟამად ის წყვილები ქორწინდებიან, რომელთაც ქორწილის გადადება არ ისურვეს. მათ საქორწინო კომპანიები სპეციალურ ფასებს სთავაზობენ არსებული კრიზისის გათვალისწინებით. მთავარია, ავმუშავდეთ, კრიზისს აუცილებლად გადავლახავთ. ფასების დაწევა არ გულისხმობს იმას, რომ საქორწინო ცერემონიალების ხარისხმა დაიწია. ყველა კომპანია ისეთივე მომსახურებას სთავაზობს წყვილებს, როგორსაც აქამდე სთავაზობდნენ, უბრალოდ, ყველა მათგანი ცდილობს დღევანდელ გარემოებას მოერგოს და მომსახურებას აიაფებს. ერთი ტენდენციაც გამოიკვეთა - ქორწილებმა რესტორნების ვერანდაზე ან უფრო ღია სივრცეში გადაინაცვლა. ბუნებრივი გარემო ცერემონიალებს თავისებურ ხიბლს სძენს.

- დაახლოებით რა ღირს საქორწინო ცერემონიალი? - რესტორნების მომსახურება თითო სტუმარზე საშუალოდ 80 ლარია, ღია სივრცეში ფასი გაცილებით დაბალია. ამისთვის ქალაქის შემოგარენში ქირაობენ კერძო სახლებს, რაც 1.000 ლარამდე ჯდება. ამას ემატება ქორწინების სხვა მომსახურება: გაფორმება, ფოტოსესიები. ასე რომ, 50-კაციანი ქორწილის ფასი 8.000 ლარამდეა.

"უცხოელ წყვილებს ჩვენთან ეგზოტიკური გარემო და ფასები მოსწონთ"

ანუკი თევდორაძე, საქორწინო ღონისძიებების ორგანიზატორი: - ჩვენმა კომპანიამ 100-კაციან ცერემონიალებზე ფასი 70%-მდე დასწია. ჩვენ, ძირითადად, უცხოელ წყვილებს ვემსახურებოდით. ამჟამად საზღვრები დაკეტილია, ცხადია, ვეღარ ჩამოდიან და ეს შემოსავალი დავკარგეთ. იმედია, როგორც კი საზღვრები გაიხსნება, უცხოელი წყვილებიც ჩამოვლენ და ეს ბიზნესიც კრიზისიდან გამოვა.

- რა იზიდავთ მათ საქართველოში?

- ეგზოტიკური გარემო და ფასები. ამასთან, ჩვენთან ქორწინების რეგისტრაცია მარტივია.

- უცხოელი და ადგილობრივი წყვილების საქორწინო ცერემონიალებს შორის დიდი განსხვავებაა? - პანდემიამდე დიდი განსხვავება იყო. უცხოელებს უმეტესად ღია სივრცეში, ეგზოტიკურ გარემოში სურთ ქორწინება, რაც ჩვენმა მექორწილეებმა მხოლოდ პანდემიის გამო დაიწყეს და ძალიან მოსწონთ...

"წყვილებს ახლობლების წრეში მოლხენა უფრო სიამოვნებდათ, ვიდრე გრანდიოზულ გუგუნში"

ფოტოსესიების გაიაფება მოუხდათ ფოტოგრაფებსაც. სამაგიეროდ, გაიზარდა ფოტოსესიების ეგზოტიკა - ფოტოგრაფია კომერციასთან ერთად ხომ ხელოვნებაც არის... ბათუმში, სადაც 800-900-კაციანი ქორწილები იმართებოდა, პოპულარული ფოტოგრაფი ამიკო ბერიძე ახლა "ნამდვილი ქორწილის" ნაცვლად, "ხელის თხოვნას" იღებს, რომელსაც ბათუმელებისთვის წარმოუდგენლად ცოტა ხალხი ესწრება.

- 800-900-კაციან ქორწილებს ვიყავი მიჩვეული და ახლა 30-კაციან ქორწილზე მიწევს მუშაობა, რომელსაც "ხელის თხოვნა" დაარქვეს. ისე, ყველა საქორწილო ატრიბუტი იყო - სამოსიც და სუფრაც, ოღონდ რესტორნის ვერანდაზე გაშლილი, სადაც მაგიდას 3-4 კაცი ეჯდა. სიძე-პატარძალიც სტუმრების მიღების ნაცვლად ფოტოსესიაზე იყვნენ გადართული, ყველაფერი დამიჯერეს და მშვენიერი ფოტოები გადავიღეთ. თანაც, ახლობლების წრეში მოლხენა უფრო სიამოვნებდათ, ვიდრე გრანდიოზულ გუგუნში. მომხრე ვარ პატარა ქორწილების, თანაც საქორწინო ცერემონიალი გაიაფდა, მათ შორის ფოტოსესიაც.

- დაახლოებით რამდენით? - 300 ლარით. კრიზისს ვერსად გავექცევით.

"ახლა სიძე-პატარძალი უფრო მეტად იცლის ფოტოსესიისთვის"

ოთო ჩახუნაშვილი, ფოტოგრაფი: - ქორწილების აღდგენის შემდეგ ქუთაისში ვიმუშავე და მექორწილეებს თავადვე შევთავაზე ფასდაკლება. მთავარია, ფოტოსესია გაიმართოს. ქორწილი ხომ მარტო ქეიფი არ არის, ამ ლამაზი დღის უპირველესი საჩუქარი ლამაზი ფოტოებია. მეც შევატყვე, სიძე-პატარძალს მართლაც მოსწონს, ასეულობით სტუმრის მიღება-გასტუმრება რომ არ უხდებათ. უფრო მეტად იცლიან ფოტოსესიისთვის. ასე რომ, მშვენიერი, ეგზოტიკური ფოტოები გამოგვივიდა.

"მთავარია, ქორწილები იყოს!"

აჩი კორღალიძე, ფოტოგრაფი: - დახურულ სივრცეში გადაღება არ მიყვარს, მირჩევნია ნეფე-პატარძალს ფოტოსესია თბილისს გარეთ შევთავაზო, მაგალითად, ყაზბეგში, სადაც ფანტასტიკური ფოტოები გამოდის. პანდემიის შემდეგ ქორწილებს ფოტოსესიების გაიაფებაც მოჰყვა. ხალხიც დაბნეულია, ზოგჯერ ბეს გადახდაც უჭირთ იმის გამო, რომ შეიძლება ქორწილი ისევ გადაიდოს. ამ პატარა ქორწილებს ერთი კარგი რამ მოჰყვა - ახლა მრავალსტუმრიანობით დაღლილი ნეფე-პატარძლების ნაცვლად ენერგიულ წყვილებს ვიღებ. სტუმრები მათი უახლოესი ადამიანები არიან, რომლებიც ფოტოგრაფს იშვიათად შესძახებენ, თუ ძმა ხარ, ერთი ჩვენც გადაგვიღეო! მოკლედ, მივესალმები, რომ "შენ გენაცვალე" ქორწილების ნაცვლად პატარა ქორწილები შეგვრჩა ხელთ. ისე კი, მთავარია, ქორწილები იყოს, თორემ კარგი ფოტოები უსათუოდ იქნება!