"ღმერთმა იმაზე მეტადაც კი დამასაჩუქრა, ვიდრე ვიმსახურებდი" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა იმაზე მეტადაც კი დამასაჩუქრა, ვიდრე ვიმსახურებდი"

"მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით 1 წლის დაშორებულები ვიყავით. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ერთჯერადი ურთიერთობებიც აღარ მიზიდავდა... თაკოს სახით ჩემში თითქოს სხივი შემოვიდა"

"როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს, ამ დროს სცენა ჩემი "წამალია", მშველის მუსიკაც", - ამბობს მსახიობი ლაშა გურგენიძე. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი ბედნიერება, ვინ ენატრება ყველაზე მეტად და რა თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 31 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...კლოუნი და მსახიობი. 5-6 წლის ვიყავი, დედამ ცირკში რომ წამიყვანა. კლოუნი რომ გამოვიდა, მთელი დარბაზი სიცილით იგუდებოდა. დედა პროფესიით ექიმი იყო, ფსიქოლოგი. მთელი დარბაზისგან განსხვავებით, კლოუნის გამოსვლაზე ერთხელაც არ გამცინებია. ბუნებრივია, დედას ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვია. მკითხა, გრიმის გამო ხომ არ შეგეშინდაო? - არა-მეთქი. - აბა, რატომ არ გეცინებაო? ვუთხარი, რომ ის კლოუნი სევდიანი მეჩვენებოდა და მეც დავსევდიანდი. ამ ამბიდან ბევრი წელი გავიდა. ჩარლი ჩაპლინი ჩემი კერპია, ერთ დღეს მის ჩანაწერებში ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: "ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მთელ დედამიწას ვაცინებდი, მაგრამ ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც მე მიტირია". ამ ფრაზას თავის შვილს ეუბნება, მე კი ის კლოუნი გამახსენდა.

- ჩემზე ამბობენ... - ...რომ ვარ შემაწუხებელი, ვარ ძალიან "ბევრი". სულ მინდა, ადამიანებს დადებითი ემოციები გავუზიარო, ხანდახან მოზღვავებული ენერგიიდან გამომდინარე, დოზას ვერ ვგრძნობ, შეიძლება ის ადამიანი შევაწუხო. ზოგჯერ მეუბნებიან, კარგი, ნუ დაგვღალეო. არადა, თავიდან მოსწონთ და სიამოვნებას იღებენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ისაა, რომ სამედიცინო განათლების მიღებაში დროს არ დავკარგავდი და პირდაპირ თეატრალურში ჩავაბარებდი. ყველა იმ ტკივილს და განსაცდელს, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა, თავიდან გავივლიდი, რადგან ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება შემძინა, ბევრი რამ მასწავლა. მხოლოდ რამდენიმე არასწორ ნაბიჯს შევცვლიდი, რომლითაც ადამიანებს გული ვატკინე.

- ექიმობა... - ...ჩემი გატაცება არ იყო, არადა რომ მემუშავა, დღევანდელთან შედარებით, კარგი შემოსავალი მექნებოდა. ახლა ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. კარგი იქნება, მსახიობებს იმდენი ანაზღაურება მაინც გვქონდეს, ყოფით პრობლემებზე არ გვეფიქრებოდეს და ჩვენს საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული.

- ჩემი პირველი წარმატება... - ...მგონია, რომ წინ მელოდება. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. მაყურებლის სიყვარულსა და სითბოს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს და დადებითი ემოციით მავსებს, ამავდროულად მავალდებულებს, ჩემი საქმე უფრო კარგად ვაკეთო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ორი საოცარი შვილი, ანო 12 წლის ხდება, ილია - 7-ის. მყავს ულამაზესი და უადამიანურესი მეუღლე და მაქვს სცენაზე დგომის საშუალება, საყვარელ პროფესიას ვემსახურები. ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ღმერთმა უხვად დამასაჩუქრა, იმაზე მეტადაც - ვიდრე ვიმსახურებდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიმტევებლობა, პატიების უნარი - ეს თვისება გამოვიმუშავე.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. სულ ვცდილობ, საკუთარ თავში ბევრ ისეთ რამეს მოვერიო, რაც არ მომწონს. ხშირად ადამიანებს ძალიან ვაწუხებ. არამიზანმიმართულადაც (და არა შეგნებულად) მიწყენინებია და ამას განვიცდი. ბოდიშს გააზრებისთანავე ვუხდი და ვუხსნი, ცუდად გამომივიდა. ხშირად სულსწრაფიც ვარ, ეს ძალიან არ მომწონს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ და ვცდილობ, იგივე აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ალბათ ბევრი რამ ვისწავლე. ადამიანს ყოველთვის უნდა აპატიო, რადგან პატიებას თავადაც ვითხოვ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი მომავალი ჩემი შვილებია. მათ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, როგორ გარემოში იცხოვრებენ, მათი მომავალი როგორი იქნება.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად. შეიძლება რაღაც სწორად ვერ გავიგო, მაგრამ სიტუაციას ალღოს მარტივად ვუღებ. "ბრინჯივით დაბნეულობა" არ მჩვევია.

- ძალიან მინდა..

- ...დედა ცოცხალი იყოს, ერთად ვიყოთ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, ადამიანთა ჩაგვრას. ხშირად მივსულვარ, ჩავრეულვარ, მოსალოდნელ უსიამოვნებას არ შევუშინებივარ.

- სიყვარული ეს...

- არის ღმერთი და თავგანწირვა. სიყვარული ღმერთივით უსასრულოა. დღემდე ვერავინ ახსნა, ისევე, როგორც ვერ აიხსნება და ვერ ამოიწურება სიტყვა "ღმერთი". ადამიანი ამ გრძნობისთვის შეიქმნა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან პატარა ვიყავი, ემოციის გამოხატვა არ მიჭირდა. ერთხელ მივედი და ვაკოცე. მერე ვთამაშობდით, თითქოს ცოლ-ქმარი ვიყავით, ვითომ საყიდლებზე მანქანით მივდიოდით. გაგრძელება