"თუ ცხოველმა დაგკაწრათ, დაგდორბლათ ან გიკბინათ, აუცილებელია დროზე აცრა!" - კვირის პალიტრა

"თუ ცხოველმა დაგკაწრათ, დაგდორბლათ ან გიკბინათ, აუცილებელია დროზე აცრა!"

"ყოველწლიურად დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 400-დან 500-მდე ქვეწარმავალს ვიჭერთ, შემდეგ კი გაგვყავს ქალაქგარეთ, მოსახლეობისგან შორს"

ზაფხულში ქვეწარმავლების შემოსევები აქტიურდება. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ცოფის შემთხვევებმაც იმატა. საფუძვლიანია თუ არა ეს მითქმა-მოთქმა და შიში, ამ თემაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია გვესაუბრება.

- წელს ცოფის შემთხვევები ოდნავ ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ დროს. თბილისში უკვე დაფიქსირებულია ცოფის ხუთი შემთხვევა, რომელთაგანაც ორი ძაღლი იყო პატრონიანი. ზოგადად, ცოფის შემთხვევები თანაბრად დასტურდება როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ცხოველი ყველამ ყოველწლიურად აიცრას. ძაღლების აცრები სამი თვიდან უნდა დავიწყოთ და მუდმივად გავიმეოროთ... მნიშვნელოვანია, არათუ შემცირდეს, არამედ თითქმის გაქრეს ცოფის შემთხვევები, განსაკუთრებით - შინაურ ცხოველებთან.

მაგალითად, ევროპაში ორჯერ იცრება მონადირე ძაღლები, ჩვენთან კი ერთხელაც არ ცრიან შუა საუკუნეების მითების საფუძველზე - თითქოს აცრის შემდეგ ცხოველის ზრდა ჩერდება ან ყნოსვას კარგავს. არადა, ეს განსაკუთრებით საფრთხილოა - მონადირე ძაღლს ხომ გარეულ ცხოველებთან უწევს შეხება, შეიძლება მათ ორთაბრძოლაც მოუხდეთ...

- კატაც არის ცოფის გადამტანი?

- მსოფლიოში ადამიანზე ცოფის გადადების შემთხვევათა 99% მოდის ძაღლებზე და 1% - ყველა სხვა ცხოველზე ერთად, შესაბამისად, კატისგან ცოფის გადადება ძალიან იშვიათია, მაგრამ ხომ შეიძლება ძაღლმა დაგკბინოს, ამიტომ მაინც საშიშია.

- ვთქვათ ცხოველმა დაგვდორბლა, დაგვკაწრა ან გვიკბინა, როგორ მოვიქცეთ? - ცხოველის დაკაწვრა, დადორბვლა ან ნაკბენი ნიშნავს, რომ აუცილებელია დროზე აცრა ან ცხოველზე დაკვირვება. შემდეგ რას და როგორ ვაკეთებთ, რაბიოლოგი წყვეტს. განსაკუთრებით საშიშია, თუ გიკბინათ ან დაგიკაწრათ სახე, თითები ან მუცლის ფარი, სადაც ნერვული დაბოლოებები მეტია. არავითარ შემთხვევაში არ მოიხმაროთ იოდი ან სპირტი. თავდაპირველად დაიბანეთ გამდინარე წყლით და საპნით, მერე კი, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ რაბიოლოგს, რომელიც ნაკბენის ხასიათისა და ცხოველზე დაკვირვების მიხედვით წყვეტს, დაიწყოს თუ არა აცრები.

- შეიძლება თუ არა ორსული აიცრას? - როგორც ვიცი, ცოფის აცრა ნაყოფისთვის უსაფრთხოა, თუმცა ესეც სპეციალისტის გადასაწყვეტია.

- ამ ზაფხულს არიან თუ არა მომრავლებული ქვეწარმავლები. - საგანგაშო არაფერია, ქვეწარმავლები თბილისში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. კარგი ის არის, რომ უმრავლესობა შხამიანი არ არის, 80% კი გველი კი არა, ხვლიკია, გველხოკერა. ეს უფეხო ხვლიკია, რომელიც გველს ჰგავს. თუკი არ მოვკლავთ და გავერიდებით, უკეთესი იქნება ბუნებისთვისაც და ადამიანებისთვისაც.

ყოველწლიურად დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 400-დან 500-მდე ქვეწარმავალს ვიჭერთ, შემდეგ კი გაგვყავს ქალაქგარეთ, მოსახლეობისგან შორს.

- ძირითადად, შხამიანი გველების რომელი სახეობა გვხვდება? - ყველაზე საშიშია გიურზა. თბილისში წლის განმავლობაში შეიძლება გველის ნაკბენის 5-10 შემთხვევა დადასტურდეს.

- წელს ერთი უკვე აღმოჩნდა ტაბახმელაში. - ტაბახმელაში აქამდე გიურზა არასდროს დაგვიჭერია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა - მანამდე ერთი იყო სვანეთის უბანში, მაგრამ იქ მექანიკური გზით მოხვდა - შეიძლება ქვიშას შეჰყვა, რომელიც სატვირთო მანქანით შეიტანეს ისეთი რეგიონიდან, სადაც გიურზა ბუნებრივად ბინადრობს. თბილისის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში გიურზა არ ბინადრობს.

- თუ შევამჩნიეთ, როგორ მოვიქცეთ?

- უკან დავიხიოთ და გამოვიძახოთ სპეციალისტი.

- თუ შემთხვევით გვიკბინა? - ასეთ დროს ჯობია აქტიური მოძრაობისგან თავი შევიკავოთ, რომ სისხლის მიმოქცევის სიჩქარე არ გაიზარდოს და გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება ან თუ შესაძლებელია, სწრაფად მივიდეთ უახლოეს კლინიკაში.

- რა ნომერზე უნდა დავრეკოთ, თუკი ქვეწარმავლები შევამჩნიეთ? - დარეკეთ 2 421 424

"სახეზე სასაცილო ასიმეტრია აქვს და ეს უფრო საყვარელს ხდის"

...წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს 5 წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის "რაღაცას", ეს "რაღაცა" კი ყველაზე საშიში გველი გიურზაა... სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, მაგრამ ოჯახის წევრებმა სწრაფად გაარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ წაიყვანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი ძაღლის გარეშე რომ ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს და ეს უფრო საყვარელს ხდის. ეს ამბავი 11 ივლისს მოხდა.

ვახტანგ ლომჯარია