"გოგიტა ჩვეულებრივი მახრჩობელაა. მყავს ასევე მცურავები და ერთი პითონი... თავიდან ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ..." - კვირის პალიტრა

"გოგიტა ჩვეულებრივი მახრჩობელაა. მყავს ასევე მცურავები და ერთი პითონი... თავიდან ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ..."

"ქვეწარმავლების შესახებ ბევრი მითი დადის, არასწორი წარმოდგენაც აქვთ"

ჩვენი რესპონდენტი მაია ვეფხვაძე გველებთან, აგამებსა და ტარანტულებთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ბედნიერად ცხოვრობს და სიამოვნებით ზრუნავს მათზე. ხუმრობს, რომ ეს ქვეწარმავლები მისი მზითვია და სჯერა, რომ მომავალ მეუღლესაც მასავით ეყვარება ეს არსებები. მაია დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- მწერებისა და ქვეწარმავლების მიმართ ზიზღი არასდროს მქონია, ბავშვობიდან მომწონდა ისინი. ზაფხულობით სოფელში რომ ჩავდიოდი, შორიდან ვაკვირდებოდი, სახლში რომ მყოლოდა, ამის სურვილი მოგვიანებით გამიჩნდა, როდესაც სკოლაში რაღაც საცირკო წარმოდგენისას მოიყვანეს ისინი და პირველად მომეცა საშუალება, გველს ხელით შევხებოდი. მაშინ დაახლოებით მეცხრეკლასელი ვიყავი. ამ შეხებამ ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, რომ მას მერე მომყვება და მომყვება ეს გრძნობა... ხშირად ვსტუმრობდი ეგზოტარიუმს. როცა სტუდენტი გავხდი, ზოოპარკში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ამ არსებების მიმართ ჩემი სიყვარული ისეთი თვალში საცემი იყო და ისეთი მონდომებით ვუვლიდი მათ, რომ მოგვიანებით შტატიანი თანამშრომელიც გავხდი, რამდენიმე წლის წინ კი ზოოპარკიდან წამოვედი და თანამოაზრე მეგობართან ერთად განვახორციელე პროექტი, რომლის დახმარებით მოსახლეობას გველებისა და სხვა ქვეწარმავლების შესახებ ცნობიერებას ვუმაღლებთ. ქვეწარმავლების შესახებ ბევრი მითი დადის, არასწორი წარმოდგენაც აქვთ.

ბევრს უთქვამს, თმიანი გველი ვნახეთო, ზოგი ამტკიცებს, რქიანი იყოო, ვიღაცას უკბინა და წამში მოკლაო... ასეთი რამ რომ აღარ თქვან, გადავწყვიტეთ, ადამიანებს ამ არსებებზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. რქიანი და თმიანი გველები არ არსებობენ.

- ამ ბინადრებთან მარტო ცხოვრობთ?

- არა, ვცხოვრობ დედ-მამასა და ძმასთან ერთად, მაგრამ გველებსა და ჩემი კოლექციის სხვა ბინადრებზე მხოლოდ მე ვზრუნავ. პირველი გველი 18 წლის ასაკიდან მყავს. თავიდან ოჯახის წევრები დაბნეული იყვნენ, არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ... მერე ნელ-ნელა ვასწავლე, როგორ უნდა აეყვანათ ხელში. ახლა შეეჩვივნენ და მეკითხებიან, კიდევ რას მოიყვანო.

- ახლა რა არსებები ბინადრობენ თქვენს ჭერქვეშ?

- ხუთი გველი. მათგან ოთხი უსახელოა, ერთს კი გოგიტა დავარქვი...

- გოგიტა რატომ? - ჩვენი მეგობრის პატივსაცემად, რომელსაც ასევე უყვარს გველები.

მყავს აგრეთვე წყვილი წვერიანი აგამა. ბიჭს სულიკო ჰქვია, მის თანამეცხედრეს - მარია-ანტუანეტა. გეკონი მყავს, დიდი თვალებით, ხაოიანი კანით და ძალიან პუტკუნა, ასევე - ერთი ტარანტული, რომელიც ისე საყვარლად დააბოტებს, ბობოლიას ვეძახი. მყავს აგრეთვე ხოჭოები, ობობები, ტარაკნები, ოღონდ ჩვეულებრივი კი არა, სისინა ტარაკნები.

- პროფესიით ვინ ხართ? - თავის დროზე პროფესია ოჯახის დაჟინებული თხოვნით ავირჩიე - კვების ტექნოლოგი ვარ. ერთი წელი ვიმუშავე პროფესიით და ეს დრო საკმარისი იყო მისახვედრად, რომ ამ სფეროში მუშაობით თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობდი. სწორედ ამიტომ წავედი ზოოპარკში.

- რომელი სახეობის გველები გყავთ?

- აქაური არც ერთი არ არის, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ინდოეთიდან არიან. გოგიტა ჩვეულებრივი მახრჩობელაა. იზრდება ოთხ მეტრამდე. ახლა სამი წლისაა და ჯერ მხოლოდ ორი მეტრია. მყავს ასევე მცურავები და ერთი პითონი, რომელიც ჯერ ერთ წლამდეა და 1,5 მეტრია მხოლოდ. სულ არ არიან პრეტენზიული მოსავლელები. კვირაში ერთხელ ვაჭმევ, ერთხელ ვასუფთავებ და ორჯერ წყალს ვუცვლი.

- გცნობენ? ან ელაპარაკებით? - როგორც ძაღლები და კატები, ასე არა. გველები ადამიანის სუნსა და ტემპერატურას ეჩვევიან მხოლოდ. რადგან ხშირად მიწევს მათთან კონტაქტი, მომეჩვივნენ.

- ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთვის უკბენიათ?

- კი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს ანტისეპტიკს ან იოდს ვისვამ - სულ ეს არის.

- აცრა არ გჭირდებათ? - არა. ესენი არ არიან შხამიანები და არც ცოფის გადამტანნი. მათი ნაკბენი საშიში არ არის.

სულიკო და მარია-ანტუანეტა ავსტრალიელები გახლავან. ახლა 40 სანტიმეტრამდე არიან, საერთოდ კი 60 სანტიმეტრამდე იზრდებიან. სულიკო როცა მომიყვანეს, ვერ ვარჩევდი, გოგო იყო თუ ბიჭი, ამიტომ ისეთი სახელი შევურჩიე, რომელიც ერთსაც შეეფერებოდა და მეორესაც. მარია-ანტუანეტა კი დედოფალივით მედიდურია, ისეთი ამაყი მიხრა-მოხრა აქვს, მხოლოდ დედოფალს რომ შეჰფერის. სახელს ამართლებს.

- რას მიირთმევენ?

- ხილს, ბოსტნეულს, მწერებს. სულიკოს სალათის ფურცლები უყვარს ყველაზე მეტად, მარია-ანტუანეტას სისუსტე კი ბანანია.

- ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან, როცა ამ ბინადრების შესახებ შეიტყობენ? - არ გეშინია, რომ მოგახრჩოს? რომ გაიქცეს? მაგრამ ესენი ცხოვრობენ სპეციალურ ტერარიუმებში, რომლებიც, თუ მე სახლში არ ვარ, დაკეტილია.

ჩემი გეკონი ირანელია, მზე არ უყვარს. საღამოობით გამოდის და მაშინ მიირთმევს მწერებს. მშვიდი და წყნარია. საოცრად ლამაზი თვალები აქვს, კანი კი - ხავერდოვანი. უკვე ოთხი წელია, მყავს.

მადაგასკარული სისინა ტარაკნები დიდი ზომისა და უჩვეულო შესახედავი არიან. ხელს რომ დაადებ, ხმას გამოსცემენ, სისინებენ. დაახლოებით 8 სმ იზრდებიან. ახლა ორი მყავს 8 სანტიმეტრიანი, პატარა კი - ბევრი. ხილ-ბოსტნეულით იკვებებიან, ობობები კი მწერებით და ახალშობილი თაგვებით.

- საიდან მოგყავთ? - მე თვითონ ვამრავლებ თაგვებს, ჭრიჭინებსა და ფეტვის ჭიებს.

- გველის ხორცი გაგისინჯავთ?

- რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობისას აუცილებლად გავსინჯავდი, ჩემს გაზრდილებს კი ვერ გავიმეტებ - ვერც დავკლავ და ვერც პირს დავაკარებ.

- კიდევ რის ყოლას აპირებთ? - ძალიან მომწონს მწვანე პითონები და სიამოვნებით ვიყოლიებდი.

- სად შეიძლება მათი ყიდვა ან გაცვლა? - არის ჩემნაირ ადამიანთა ჯგუფები. სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე და ფეისბუკჯგუფშიც პოსტავენ მსგავს ინფორმაციებს.

- რა გიყიდიათ ყველაზე ძვირად? - სიდიდის გამო 800 ლარი გადავიხადე სამეფო პითონში - ოთხი მეტრი იყო. ასაკიანი გახლდათ, 13 წლის და ჩემთან კიდევ სამი წელი იცოცხლა. მერე სიბერით მოკვდა.

- დაოჯახებას გეგმავთ?

- აუცილებლად შევაჩვევ და შევაყვარებ ამ არსებებს ჩემს მომავალ მეუღლეს. რომ ავუხსნი, როგორები არიან, მჯერა, მასაც ჩემსავით შეუყვარდება. მე თუ ვეყვარები, ჩემი მზითევიც ეყვარება.