"სულ ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე, სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა" - კვირის პალიტრა

"სულ ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე, სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა"

კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა პროფესიის, სქესისა და ასაკის ადამიანთა ცხოვრება შეცვალა. ნაწილი პანდემიამ სერიოზულ დეპრესიაში ჩააგდო, ნაწილმა გამოსავალი იპოვა და დეპრესიაში კი არ ჩავარდა, პროფესიულ საქმიანობაში სიახლეების დანერგვა სცადა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ესტრადის მსახიობი, კულტურისა და განვითარების ცენტრ "მაჩაბელას" ხელმძღვანელი, მამუკა ლომაშვილი:

- ვიდრე პანდემია დაგვატყდებოდა თავს, "მაჩაბელა" გასტროლებისთვის ემზადებოდა. ბულგარეთში ვიყავით მიწვეულები. "ბურატინოს თავგადასავალს" ვდგამდით, ბავშვები ერთ ამბავში იყვნენ და უცებ სახლებში გამოკეტვამ მოგვიწია. ვფიქრობდი, როგორ მივშველებოდი ბავშვებს, რომ საყვარელ საქმეს სრულად არ მოსწყვეტოდნენ. ონლაინრეჟიმში სწავლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ეს მოტყუება იქნებოდა, როგორც ბავშვებისა და მშობლების, ასევე - საკუთარი თავის. სპექტაკლს მიზანსცენების გარეშე ვერ დავდგამდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, იგავ-არაკები დამემუშავებინა. ბავშვებს როლები გავუნაწილე, ონლაინრეჟიმში ვიმუშავეთ თითოეული იგავის პერსონაჟზე, ჩავწერეთ, დავამონტაჟეთ და სატელევიზიო სპექტაკლი გავაკეთეთ. სპექტაკლი უკვე გავიდა ტელეეთერში. ძალიან კარგი გამოვიდა, გაამართლა ამ პროექტმა. თუ ეპიდსიტუაცია არ შეიცვალა, სექტემბრიდან ისევ ამ რეჟიმში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. ახლა შევიმუშავე მეთოდი, თუ როგორ ვამეცადინო მეტყველებაში. რა თქმა უნდა, ისეთ ეფექტს ვერ მოგვიტანს, როგორსაც თეატრში შეკრება და ბავშვებთან უშუალოდ მეცადინეობა, მაგრამ რას ვიზამთ, "საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო". სხვა იდეებიც მაქვს, მაგრამ ჯერ დასახვეწი და ჩამოსაყალიბებელია, სექტემბრისთვის ყველაფერი მზად მექნება.

- რას გვეტყვით თქვენს ბავშვებზე? - ძალიან კარგები მყვანან. შარშან დეკემბერში ლაპლანდიიდან ჩამოსულ სანტა კლაუსს ელფები რომ დახვდნენ, ჩემი ბავშვები იყვნენ. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი მე ვიყავი. ამ ღონისძიებას ძალიან მაგარი ამბავი მოჰყვა არა მხოლოდ ჩემი ბავშვებისა და "მაჩაბელასთვის", არამედ მთელი საქართველოსთვის: ჩვენმა ბავშვებმა ფინეთის სანტა კლაუსის სახლისგან ოფიციალურად მიიღეს საერთაშორისო ელფების სტატუსი. სხვათა შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელფის სტატუსი 12 ფინელს, 7 იაპონელს და 9 ქართველ ბავშვს აქვს.

ბევრი კარგი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი. შემოდგომისთვის "მაჩაბელას" სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის ფესტივალი უნდა ჩაგვეტარებინა თელავში. ალბათ იცით, რომ მაჩაბელა ერეკლე მეფის სამეფო კარის თეატრის მსახიობი, დასის მმართველი იყო, რომელიც თავის დასთან ერთად, კრწანისის ომში დაიღუპა. ძალიან სიმბოლური იქნებოდა, ეს ღონისძიება რომ ჩაგვეტარებინა. გვინდა, თეატრალური სტუდიების, საბავშვო თეატრების განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

- თქვენი შვილი არ არის დაინტერესებული თეატრით?

- როგორ არა. ნიკომარა დამყავდა კიდეც რეპეტიციებზე, მაგრამ ბავშვებზე ეჭვიანობა დაიწყო. გამუდმებით კუდში დამდევდა, რეპეტიციების ჩატარების საშუალებას არ მაძლევდა. ამ სიკეთესთან ერთად, ცელქიც არის, ამიტომ მოუწია შინ დარჩენამ. მე სხვისი ბავშვებიც მყოფნიდა მოსავლელად, ჩემიც რომ არ დამემატებინა. იყოს ახლა შინ და მოუაროს დედამ.

- მეუღლე არ მუშაობს? - პროფესიით ექიმია, მაგრამ ოჯახში დიასახლისად "მუშაობს". მე არაფერ შუაში ვარ, თავად გადაწყვიტა, შვილი თვითონ უნდა გავზარდოო და მეც დავეთანხმე. მიხარია, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ბავშვს დედას ბებია ვერ შეუცვლის, მით უმეტეს, ძიძა ვერ იზამს ამას. ახლა ნიკოლოზი ექვსი წლისაა. ნოემბერში შვიდის ხდება. წელს მიდის სკოლაში და ძალიან ვნერვიულობთ. ცუდი რამ მოხდა. ბოლო თვეები საბავშვო ბაღში ვეღარ ვიარეთ. ნიკოლოზი ზეიმისთვის ემზადებოდა. საბოლოოდ, აღარც ზეიმი იყო და აღარც არაფერი. ახლა ახალი ტერმინები იცის - კორონავირუსი, პანდემია, დაინფიცირება...

- უფროსები როგორ უმკლავდებოდით პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს?

- არ მკითხოთ. მე და ჩემს მეუღლეს მუდმივი კონფლიქტი გვქონდა. სახლიდან ისეთი შეიარაღებული გავდიოდი, თითქოს სანადიროდ მივდიოდი. შინ დაბრუნება მთლად საოცრება იყო: კარშივე უნდა ჩამეტარებინა დეზინფექცია, იქვე გამეხადა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შემდეგ ვიწყებდით ნაყიდი პროდუქტების სათითაოდ გარეცხვის რიტუალს. სულ ცოტა მაკლდა გაგიჟებას. უკვე აღარ მინდოდა გარეთ გასვლა. მეუღლეს ვეუბნებოდი, ის წასულიყო. ბავშვს ჰაერი რომ ჩაეყლაპა, აივანზე გაგვყავდა. შემდეგ, ცოტა რომ შემსუბუქდა სიტუაცია, ჩემს მშობლებთან, კერძო სახლში მიმყავდა.

- როგორც ვიცი, ახლა დასასვენებლად ხართ წასული. - კი, ბაკურიანში წამოვიყვანეთ ბავშვი.

- როგორ იცავთ უსაფრთხოების წესებს? - აქ ბევრი ხალხი არ არის. ბავშვს ბუნებაში ნიღბით არ ვატარებთ, უბრალოდ, დახურულ სივრცეებს ვარიდებთ. მაღაზიაში შესვლისას ბირბადეს ვიკეთებთ. ჰიგიენის დაცვა არც ადრე გვაკლდა, მაგრამ ახლა უფრო მოვუხშირეთ, განსაკუთრებით, ხელების დაბანას. ვცდილობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს თავი ავარიდოთ.

- კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა ტიპის ვერსიები ვრცელდებოდა, ზოგს არც კი სჯეროდა, რომ საფრთხე რეალური იყო და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარს ამბობდა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - სხვათა შორის, მეც მქონდა და მაქვს კიდეც ბევრი შეკითხვა. თუმცა, ვაანალიზებ, რომ საფრთხე რეალურია, ადამიანები რეალურად გახდნენ ავად, რეალურად იყო მსხვერპლი. ამიტომ ჯობია, მაინც ფრთხილად ვიყოთ. ხელების ხშირად დაბანას წინ რა უდგას?! ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ეკლესიამ არ შეწყვიტა წირვა-ლოცვა, ხალხმა კი ეკლესიაში სიარული. იმედია, ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება და საშუალება მოგვეცემა, ჩვენი პროფესიული საქმიანობით დავკავდეთ.

- წელს იუმორინა გვექნება? - აბა, რა გითხრათ?.. ესტრადის მსახიობები ძალიან დავიჩაგრეთ. მსახიობების მსგავსად, ყოველთვიური ხელფასი არ გვაქვს. კონცერტებზე ვართ დამოკიდებული. კონცერტის ჩატარება კი ბილეთის გაყიდვაზეა დამოკიდებული. გვპირდებიან, რომ სექტემბრიდან რეპეტიციების ჩატარების საშუალებას მოგვცემენ. თუმცა, ისეთ რეგულაციებს გვიწესებენ, წარმოდგენა არ მაქვს, ან რეპეტიციები როგორ უნდა ჩავატაროთ, ან დარბაზში იმდენი მაყურებელი როგორ დავსვათ, რომ მინიმალური მოგება მაინც მოგვცეს კონცერტმა.

- რას გულისხმობთ? - რეგულაციების მიხედვით, რეპეტიციების დროს მსახიობებმა ერთმანეთთან ორმეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ. ეს სრული აბსურდია. მეორე აბსურდი ის არის, რომ თურმე მაყურებლებს შორის დისტანცია 5 მეტრი უნდა იყოს. გამოდის, დარბაზი ნახევრად ცარიელი უნდა იყოს. კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანია. ხელფასი რომ გვქონდეს, კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენი ჰონორარი ხომ გაყიდული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მოკლედ, ჩვენს სფეროს კარგი დღე არ უდგას.

- შესაძლებელია, ამასობაში ესტრადის მსახიობობა არაპერსპექტიული გახდეს და სხვაგან სცადოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება? - ეს პროცესი პანდემიამდეც დაწყებული იყო. ესტრადის მსახიობები ყოველთვის ვცდილობდით, სხვა საქმეც შეგვეთავსებინა, რაღაც ალტერნატიული გვეკეთებინა. კულტურის სამინისტრომ გვითხრა, რომ ჩვენი საქმიანობა პრიორიტეტული არ არის. შესაბამისად, ჩვენი ბედი სახელმწიფოს არ ანაღვლებს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა პარალელურად, რესტორანში მღეროდა, ზოგიც ღონისძიების წამყვანობას ითავსებდა. ახლა ამის საშუალებაც აღარ არის და ჰაერში გამოვეკიდეთ.

ხათუნა ბახტურიძე ჟურნალი "გზა"