"გინება ღრმად, გამონაბოლქვი ბლომად და მჟავე სახეები მრავლად!" - კვირის პალიტრა

"გინება ღრმად, გამონაბოლქვი ბლომად და მჟავე სახეები მრავლად!"

"კარგი იქნებოდა, ცხენით მოსიარულეების გზა დაეტოვებინათ...“

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტსტატუსებსა თუ სოციალურ ქსელებში განახლებული ჭავჭავაძის პროსპექტი ყველაზე აქტუალური თემაა, შეწუხებული თბილისელები ეჭვით უყურებენ დედაქალაქის მერიის ინიციატივას... ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები გზის შუაში ამოძრავდნენ, მანამდე კი ყველა მძღოლმა ვაკეში ღამის 00:30-დან 04:00 საათამდე იმეცადინა. დედაქალაქის მთავრობა ირწმუნება, რომ მათთვის პრიორიტეტული თბილისელებისთვის ყველაზე კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაა, თუმცა განახლებული რეჟიმით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების მგზავრები დისკომფორტს განიცდიან - გამზირზე მუდმივი საცობია და მძღოლები განუწყვეტელი საყვირის ფონზე გადაადგილდებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა რეფორმით. მერიაში აცხადებენ, რომ გაჩერების შუა ზოლზე გადატანა ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება ამ ეტაპზე არასწორია, რადგან ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

დავით მესხიშვილი,"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი: - ქალაქის მერისგან მუდმივად გვესმის სიტყვები "სატრანსპორტო პოლიტიკა", რომელიც ძალიან კარგი მოსასმენია, თუმცა ტრაგიკომედია ის არის, რომ ჩვენს ქალაქს საერთოდ არა აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა. არადა, კალაძე დაგვპირდა, რომ თბილისს ექნებოდა ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია. როცა არ ჩატარებულა კვლევა, კამათი იმ საკითხზე, ჭავჭავაძის პროსპექტზე ეს პროექტი გაამართლებს თუ არა, მხოლოდ სპეკულაციაა.

- "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ კვლევა "სიტრამ" ჩაატარა. თუმცა დასძინა, რომ შედეგები სამოქალაქო სექტორისთვის არ არის ცნობილი. - "სიტრას" კვლევა არ არსებობს, სანამ არ გამოქვეყნდება. თქვენ, ჟურნალისტებს, ეს კვლევა არ გინახავთ. ჩვენ, მკვლევრებსა და ამ დარგის სპეციალისტებს, არ გვინახავს არც მგზავრთა, არც საავტომობილო და არც ქვეითად მოსიარულეთა ნაკადების კვლევა. არ გვინახავს, რა სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ პროექტმა.

ხომ ნახეთ, თამარაშვილის პროსპექტზე რა ხდება, ასევე სხვა პროსპექტებზე? რატომ? იმიტომ, რომ არ ჩატარებულა და გამოქვეყნებულა არც ერთი კვლევა. გვეუბნებიან, მიმართეთ და არ გამოაქვეყნესო? რატომ უნდა მივმართოთ? როცა დედაქალაქში ასეთი მასშტაბური ცვლილებებია, კეთილი ინებოს მერიამ და გამოაქვეყნოს, რას აკეთებს ქალაქში! ქალაქის მერიას არა აქვს ქალაქის განვითარების არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი სტრატეგია და ყველა მსგავსი ცვლილება ძალადობაა დედაქალაქზე. ეს განსაკუთრებით ვაკეში გამოჩნდა. ვაკის პროექტი ლატარიასავითაა, ან გაამართლებს, ან არა, მთავარი კი თბილისის მერიის უპასუხისმგებლობაა. გარდა იმისა, რომ არ წარმოადგინეს კვლევა, საზოგადოებასთან ცნობიერების ამაღლების კამპანიაც არ აწარმოეს - ტრანსპორტის სამსახურის მაგივრად კალაძე ლაპარაკობს.

- თბილისის ვიცე-მერი ხმალაძე განმარტავს: "ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე გადავდივართ, რაც გარდამავალ ეტაპზე დისკომფორტს შექმნის... ჩვენ არა გვაქვს საშუალება, მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, გავიყვანოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა მანქანების ნაკადს გაუძლოს. ადაპტაციას დრო დასჭირდება". - მერიის პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტი გახდეს, მხოლოდ სიტყვებია. თვითონ ხომ დადიან კერძო ავტომობილებით, კონდიციონერიანი ჯიპებით და თბილისელებს არაკომფორტული ტრანსპორტით მგზავრობისკენ მოუწოდებენ. ავტობუსს კი არ ხდიან კომფორტულს, ჩვენს ცხოვრებას ხდიან ჯოჯოხეთურს. გარდა ამისა, ჯერ მოსახლეობისთვის საკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა შეისყიდო.

- საინტერესოა, ავტობუსის გაჩერებაზე როგორ უნდა მივიდნენ მგზავრები? მგონი, მარტო ტრანსპორტის მძღოლებს კი არ სჭირდებოდათ სამდღიანი სატესტო რეჟიმი, მგზავრებსაც უნდა გვასწავლონ, როგორ მივიდეთ გაჩერებაზე. ზოგს მაგალითად მოჰყავს საზღვარგარეთის ქალაქები, სადაც ასეთი გაჩერებებია, თუმცა იქ მიწისქვეშა გადასასვლელით ადიან გაჩერებაზეო. - ერთი ბოგოტაში, მეორე კი სტამბოლში ვნახე. იქაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს ავტობუსი, მაგრამ ავტობუსსა და ავტომობილებს შორის გზა დიდი ინფრასტრუქტურით არის გამიჯნული. ავტობუსის მძღოლი საპირისპირო მიმართულებაზე ვერ გადავა, ისევე როგორც ავტომობილი ვერ გადავა ავტობუსის ზოლში.

ჩვენ საქმე მატრაკვეცობასთან უფრო გვაქვს, ვიდრე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან. იდეა გასაგებია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად მუშაობა, მაგრამ უსაფრთხოება? ზებრა გადასასვლელები შეცდომით არის გაკეთებული, არასწორად გაიყვანეს ველობილიკებიც. ამ პროექტში შეცდომებია დაშვებული!

ახლა მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად არის გასული, სექტემბერ-ოქტომბერი უფრო მძიმე იქნება.

თბილისის მერიას 2018-2019 წლებშიI მთლიანად უნდა ჩაენაცვლებინა არსებული ავტოპარკი.

- ხმალაძე გვაიმედებს, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი დარეგულირდება.

- რის საფუძველზე ამბობს ამას, როგორ ასაბუთებს? ეს პროექტი ან ვიღაცების შეგრძნებებით შეიქმნა, ან ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით.

"ავტობუსების და მარშრუტკების შურს სრულიად სამანქანეთს"

"ჯერ შეცდომა დაუშვეს, მერე იჯიუტეს და არ აღიარეს! ეს თბილისია, ამსტერდამი კი არ არის, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ველოსიპედით ან სულაც ფეხით დადის. დღეს ვინც ვაკეში გადაადგილდებოდა და ვინც იქ ცხოვრობს, დამეთანხმება".

"რა ხდება და, სასწოული ხდება, სასწოული! გინება ღრმად, გამონაბოლქვი ბლომად და მჟავე სახეები მრავლად!"

"ავტობუსების და მარშრუტკების შურს სრულიად სამანქანეთს - ძალიან უცნაური სანახაობაა... მაგრამ, მგონი, სწორი გზაა სუფთა ჰაერისკენ, საზტრანსპორტზე გადაჯდომისკენ და კიდევ ფეხით სიარულისკენ".

"აი ეს პროექტი სამტრედიაში ნამდვილად იმუშავებდა".

"ისეთ ქვეყანაში, სადაც რაიონის მოსახლეობის 90% დედაქალაქშია თავმოყრილი, არ გაამართლებს. 4-5 ზოლი ერთში რომ ერთიანდება, საცობი კი აღარ ჰქვია მაგას, ეს არის კატასტროფა".

"ფაქტი ერთია - მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიჩაგრებიან საშინლად ასეთი ახალი გზის სქემით. არ ვიცი, ეს რამდენი მძღოლის ნერვებს გაუძლებს, თუმცა აუცილებლად ამოუვა ვიღაცას ყელში და ცუდი ამბები მოხდება. მე ასე მგონია".

"დახურეთ ავტოცენტრები, რად გვინდა გაჭედილში ნორმალური მანქანა, საკმარისია მეორადი რამე, 10-15 წლის. გასმა-მოსმა რომ არ დაგენანება".

"ისე, ჩვენში დარჩეს და, ვინ მოიგონა ეს იდიოტიზმი, ესაა საინტერესო".

"პირველად შევიგრძენი ჩემი ვარკეთილის ეშხი".

"ეგრე ხდება, როცა უძაღლო ქვეყანაში კატებს აწყებინებენ ყეფას".

"ეს გაკეთდა საზოგადოებისთვის და არა ჯიპების საგრიალოდ! ღვედიც არ მოგვწონდა, მაგრამ შევეგუეთ! დააყენეთ თქვენი სახლი-მანქანები თქვენს 10 მანქანაზე გათვლილ ფარეხებში და გვასუნთქეთ!"

"ცოტა უცნაურია დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლები მანქანა იქნება ქალაქში, ბევრად გალამაზდება ქუჩები, ბევრად გასუფთავდება ჰაერი და მომავლის პერსპექტივაში ბევრად უკეთესი იქნება ქალაქში ცხოვრება".

"მაგარი იდიოტობა გააკეთა კალაძემ. ახლა ხელახლა ადრე არსებული მოძრაობის დასაბრუნებლად ისევ მილიონებს დახარჯავს და რა? დასაჭერია გაფლანგვისთვის. კარგი იქნებოდა, ცხენით მოსიარულეების გზა დაეტოვებინათ, რადგან ცხენით ან ვირით სიარული უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიას".