"ეს იყო დღე, როდესაც მივხვდით, რა უმწეოა ადამიანი სტიქიის პირისპირ" - კვირის პალიტრა

"ეს იყო დღე, როდესაც მივხვდით, რა უმწეოა ადამიანი სტიქიის პირისპირ"

რაჭაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან: დაზიანდა 10 ხიდი, ჩანგრეულია ცენტრალური გზის 8 მონაკვეთი, მათ შორის რამდენიმე ონიდან შოვის მიმართულებით, ასევე სოფლების გზები.სტიქია მდინარე რიონის ადიდებას მოჰყვა, რამაც ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები მოანგრია და 12-მდე სოფელი და 2000-მდე მოსახლე, ასევე დამსვენებლები გარე სამყაროს მოსწყვიტა. ადიდდა ისეთი მდინარეები, რომლებიც სხვა დროს პატარა ღელესავით მოედინებიან. მთავრობის განცხადებით, ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

"ფანჯრიდან რომ გადავიხედეთ, პატარა სახლი მთლიანად წყალში ტივტივებდა"

ნაილი ხიდეშელი, რაჭაში მცხოვრები: - კიდევ კარგი, დიდ სახლში გვეძინა, თორემ 29 ივნისის ღამე შეიძლება ჩვენთვის უკანასკნელი ყოფილიყო. შუაღამისას გუგუნმა გამომაღვიძა. ფანჯრიდან რომ გადავიხედეთ, პატარა სახლი მთლიანად წყალში ტივტივებდა. ასეთი არასტაბილური კლიმატის გადამკიდე, რომელი ჰესების აშენებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, ჩასაძირად გვწირავენ?! ზოგი კიდევ ამტკიცებს, ჰესები უკეთესია, წყალი ნაწილდება და მდინარე ასე ვერ ადიდდებაო, მაგრამ არ გვჯერა.

"მდინარემ კალაპოტი გადმოანგრია, ორად გაიყო და ჩვენი კოტეჯები შუაში მოაქცია"

მამუკა კვარაცხელია, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი: - საფეხბურთო სკოლების პროგრამით ამბროლაურსა და ონში მე და ჩემმა მეგობრებმა სტადიონების აშენება დავგეგმეთ. ორივე მუნიციპალიტეტი შემოვიარეთ, 7-დან 12 წლამდე მოზარდების რაოდენობა უნდა დაგვედგინა. რაჭის სოფლები იცლება. მაგალითად, ხოტევში თურმე 35 წელია ბავშვი არ დაბადებულა. ამიტომ სკოლა დაიკეტა. ამასობაში დაგვაღამდა და ღამის გასათევად კოტეჯებში ავედით. შუაღამე გადასული იყო, გუგუნმა რომ გაგვაღვიძა. შუქი არ იყო. გარეთ გამოვედით. უხვ ნალექს ყველაფერი დაეგლიჯა, ელექტროსადენები, ხეები... მდინარე ბუბამ, რომელიც სხვა დროს ღელესავით მოწანწკარებს, კალაპოტი გადმოანგრია, ორად გაიყო და ჩვენი კოტეჯები, რომლებიც საბედნიეროდ ოდნავ ამაღლებულზეა, შუაში მოაქცია. კოტეჯები საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული და მყარი საძირკველი აქვს, თან იატაკსა და მიწას შორის ნახევარმეტრიანი სივრცეა, ჰაერმა რომ იმოძრაოს, რაც ლპობასაც უშლის ხელს. წყალი სწორედ იქ მიედინებოდა. ვხედავდით, როგორ მატულობდა. მოკლედ, სიკვდილს თვალებში ვუყურებდით... ახლოს ერთი ხე ჩანდა. გადავთვალეთ პლედები, თუ გადავაბამდით, 20-მეტრიანი თოკი გამოვიდოდა, ხეს შემოვახვევდით და ტალახიან მასაში ხელის მოსაჭიდი ბაგირივით გვექნებოდა. ერთი გოგო გვყავდა და მასზე ვდარდობდით, მაგრამ ძალიან იყოჩაღა. კოტეჯში მაცივარი იყო და ვიფიქრეთ, მორევში ჩაგვეგდო და იმაზე გადაგვევლო, ოღონდ ამას სიბნელეში ვერ მოვახერხებდით, როგორმე გათენებამდე უნდა გაგვეძლო. ვიდექით კიბესთან პლედებმოხურულები და წყლის დონეს ვუყურებდით. კიდევ 10 სანტიმეტრი და, ალბათ, კოტეჯიანად წაგვიღებდა...

ამასობაში მეზობელ კოტეჯშიც გაიღვიძეს და მობილური ტელეფონების შუქზე ცდილობდნენ გაერკვიათ, რა ხდებოდა. ოჯახს ბავშვები ჰყავდა და ძალიან ნერვიულობდნენ. შევეცადე დამემშვიდებინა, წყალი იკლებს-მეთქი, გავძახე... სადღაც დილის 5-ის ნახევარზე ტრაქტორის ხმა გავიგონეთ. კოტეჯების მეპატრონე და მისი მოადგილე გზის გასაჭრელად ამოსულიყვნენ. მდინარის გარღვეული კალაპოტი გაჭრეს, ერთი ტოტი გადააგდეს და წყალმაც კლება დაიწყო. მერე ტყით გამოვექეცით სტიქიას.

ეს იყო დღე, როდესაც მივხვდით, რა უმწეოა ადამიანი სტიქიის პირისპირ.

დიდი ხანი არ გასულა, ისევ დაიწყო წყალმა მატება. ამასობაში ვერტმფრენიც მოგვაშველეს და გამოვასწარით. ის ბავშვებიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იყო და დარჩა... კოტეჯები, სადაც ჩვენ ვიყავით, მდინარეს გადაურჩა, მაგრამ საცხოვრებლად აღარ გამოდგება. ამბროლაურიდან პირდაპირ გელათს მივადექი და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ გადავრჩი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაჭაში ჰესების აშენება დამღუპველი იქნება...

"ბებომ დაგვლოცა და გულაჩუყებულმა მაშველს ხელზე კოცნა დაუპირა..."

ელექტროენერგია სტიქიით დაზარალებული 17 სოფლიდან უმეტესობას აღუდგა. რაც შეეხება გზებს, ყველაზე რთული მონაკვეთი, 127-ე კილომეტრი უკვე ათვისებულია - გზის გაჭრა მოხერხდა. მოძრაობა აღდგა სოფელ გომსა და ჯინჭვისთან. ადგილზე არიან შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სტიქიის ზონაში მყოფ ხალხთან.

ელიზბარ კოპალიანი, ცვლის მეთაური: - ონის რაიონის სოფელ უწერაში მძიმე სურათი დაგვხვდა: მოგლეჯილია ხეები, წაღებულია ხიდები, სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი გზები, საყანე მიწები, ელექტრობოძები, კოტეჯები, სახლებს გამოცლილი აქვს საძირკვლები... სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხალხი ოპერატიულად გამოვიყვანეთ. ვისი გამოყვანაც ვერ ხერხდებოდა, პროდუქტები და მედიკამენტები მივუტანეთ. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო მათთან კომუნიკაცია თოკებით გვიწევდა. რიონის ერთი ნაპირიდან მეორეზე უწყვეტად გადაგვყავს ხალხი. მდინარის გაღმა დარჩენილებს ახლობლები და ნათესავები უგზავნიდნენ საჭირო ნივთებს და პროდუქტს. ერთი მოხუცი ქალი იყო ჩარჩენილი შვილთან ერთად. მათ სახლთან მისასვლელი გზა არ არის წაღებული, მაგრამ სტიქიით დაზიანებულ ადგილებთან ძალზე ახლოსაა. დედა-შვილს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებოდა, რადგან მკურნალობის კურსს გადიან და დაგვიანება არ შეიძლებოდა. ქალმა ერთი დღით ადრე გაგვაფრთხილა, შეიძლება ხვალ თქვენი დახმარება დამჭირდესო, ჩვენც თადარიგი დავიჭირეთ და თოკებით მივაწოდეთ. მოგვიანებით რომ ავედით, ბებო ცხელი ლობიანებით გაგვიმასპინძლდა. ღმერთმა მშვიდობით გატაროთო, დაგვლოცა და გულაჩუყებულმა მაშველს ხელზე კოცნა დაუპირა... ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ ყურადღება მაინც სასიამოვნოა. მხოლოდ ის მოხუცი და მისი შვილი კი არა, სხვებიც არიან ჩარჩენილი. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ყველა მათგანთან მუდმივი კავშირი გვაქვს და მედიკამენტი იქნება თუ სანთელი, ვაწვდით. უკვე მიმდინარეობს დროებითი სამანქანო გზის აღდგენა, რათა ხალხმა მიმოსვლა შეძლოს. უწერის ზედა სოფლების გზების აღდგენას რამდენიმე კვირა ან ერთი თვე დასჭირდება.

"ხალხი გაოცებულია, ასეთი სტიქია არ გვახსოვსო"

არჩილ ძებისაშვილი, შსს-ს მეორე სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი: - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში, სადაც მდინარე ბოდეურა ჩამოედინება, სტიქიის მეორე დღესვე გამოვცხადდით. ხალხი გაოცებულია, ასეთი სტიქია არ გვახსოვსო. ხიდი, რომელიც მდინარიდან 10-15 მეტრის სიმაღლეზე იყო გადებული, მოვარდნილმა წყალმა მთლიანად წაიღო. ეს ხიდი სამ სოფელს აკავშირებდა. არ ვიცი, მისი აღდგენა როდის დაიწყება, მანამდე ჩვენ სამაშველო თოკებით საბაგირო გავჭიმეთ, ზედ დავამაგრეთ საკაცე და ასე გადაგვაქვს მდინარის გაღმა დარჩენილებისთვის პროდუქტი და საჭირო ნივთები. ერთ სოფელში მცხოვრებისთვის კრაზანას უკბენია, ალერგიული ყოფილა და შესაძლოა გართულება მოჰყოლოდა. ამიტომ სასწრაფოდ გადავუტანეთ წამალი. სადაც აღდგენითი სამუშაო ან ალტერნატიული გზები არ მოიძებნება, მანქანებში ვმორიგეობთ, რადგან აქაური რელიეფი კარვის გაშლის საშუალებას არ იძლევა. წყლის დონემ დაიწია, მაგრამ სტიქიის შედეგები ჯერ კიდევ მძიმეა.