"ახლა ყველა ცდილობს თავის შვილს ხელი დააფაროს, მაგრამ მათი შვილი რომ დაღუპულიყო, რას იტყოდნენ?!" - კვირის პალიტრა

"ახლა ყველა ცდილობს თავის შვილს ხელი დააფაროს, მაგრამ მათი შვილი რომ დაღუპულიყო, რას იტყოდნენ?!"

"სანამ მცხეთაში ტრაგედია დატრიალდებოდა, პირველივე წუთებში უნდა დაერეკათ, მაგრამ, ალბათ, ყველა ფიქრობდა: 15 კაცი რომ ჩავუშვა, ციხიდან გამოვლენ, ფეხქვეშ გამიგდებენო. ახლა ყველა ცდილობს თავის შვილს ხელი დააფაროს, მაგრამ მათი შვილი რომ დაღუპულიყო, რას იტყოდნენ?! სწორედ ეს არის სირცხვილი და არა პოლიციაში დარეკვა და პატრულის გამოძახება..."

შესაძლოა ყველაზე მძაფრსიუჟეტიან დეტექტივშიც ვერ წაიკითხოთ ის, რაც ბოლო ხანებში საქართველოში დატრიალდა: დაიღუპნენ რჩეული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები, რომლებსაც საუკეთესო მომავალი ჰქონდათ, დაიღუპნენ მათი ოჯახები. საზოგადოებაც გაოგნებულია და აღარ იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს. ჩვენი სტუმარია მუსიკოსი გია მაჭარაშვილი:

- ასეთ საკითხებზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მაგრამ ვეცდები ჩემი მოსაზრება მკითხველს მაინც გავუზიარო: ეტყობა, ზედმეტი ლმობიერება და თავისუფლებაც არ ვარგა. წინა ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ ძალიან მკაცრი იყო, კრიმინალური სიტუაცია შედარებით ნორმალური იყო.

შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, რასაც ახლა ვიტყვი - ძალოვანი სტრუქტურები დღეს ისე მკაცრები აღარ არიან, როგორიც ადრე იყვნენ. ესე იგი, რა გამოდის? წკეპლაა საჭირო? წკეპლა რომ გამოიყენონ, მაშინ საყვედურებით აავსებენ, მიშას დრო დაგვიბრუნდაო! ძველ მთავრობებსაც ვაგინებდით და ახალსაც, მაგრამ ვინმეს უფიქრია, რომ ყველაფრის გამოსწორება თავისი თავიდან, თავისი ოჯახიდან დაიწყოს? იქნებ ის მშობლებიც სცოდავენ, რომლებიც მოძალადე შვილებს ზრდიან?

- ესე იგი, ლიბერალური აღზრდის მომხრე არა ხართ? - ბავშვისთვის დედ-მამის სიტყვას წონა და ფასი უნდა ჰქონდეს. ჩვენ უარი ვთქვით ძალიან კარგ ტრადიციებზე და რაღაც ახლის გამოგონება დავიწყეთ. რატომ უშვებს მშობელი შვილს იქ, სადაც არ იცის, რა ხალხში მოუწევს ყოფნა?

მე ჩემი შვილის ყველა მეგობარს ვიცნობ, დედაჩემმა და მამაჩემმაც ყოველთვის იცოდნენ, სად ვიყავი, მაგრამ განა იმიტომ, რომ დედიკოს ბიჭი ვიყავი? მე არასოდეს მივდივარ იქ, სადაც გული არ მიმიწევს, სადაც ჩემი თანამოაზრეები არ იქნებიან, რადგან ასე გამზარდეს. მართალია, დრო იცვლება, ახალ საუკუნეს ყველაფერი ახალი მოაქვს, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახია. ოჯახში კი დღეს რა ხდება? - დედ-მამა აღარ კითხულობს მისი შვილი სად დადის, ვისთან მეგობრობს. ზედმეტი თავისუფლება ჩვენი მენტალიტეტისთვის უცხო იყო, მაგრამ ჩვენი ბებია-ბაბუები ცუდ შვილებს ზრდიდნენ?

- ალბათ, ეს ევროპის გავლენაა, სადაც მოზარდებს ლაღად და თავისუფლად ზრდიან. - დიახ, მე ეს ათეულობით წლების წინ მოვისმინე: ისრაელში სტუმრად ჩავედი და იქ მითხრეს, ბავშვისთვის ზედმეტი შენიშვნების მიცემა, მეტისმეტი სიმკაცრე არ შეიძლებაო. ასეთივე მიდგომა აქვთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ აბა, ერთი იკითხეთ, რა კანონმორჩილები არიან... ევროპელებს მარტო თავისუფლება კი არა, ბევრი ისეთი თვისება აქვთ, რომელთა გადმოღება ნამდვილად არ გვაწყენს. ჩემი ერთი მეგობარი უკვე წლებია ცხოვრობს გერმანიაში და არაერთხელ უთქვამს, საღამოს 10 საათის შემდეგ აქ ხმამაღლა ვერ დაილაპარაკებ, მეზობელი გიჩივლებსო. თუ გინდა იქეიფო, იმღერო, მეზობლები რამდენიმე საათით ადრე უნდა გააფრთხილოო. მე ასეთ წესებს მივესალმები. აბა, ის არის კარგი, ღამის 2-3 საათზე ბათქაბუთქი რომ არის?

2003 წლიდან ჩემს სახლთან სტრიპტიზ-კლუბი იყო, ატყდებოდა დანების ტრიალი, დავიდარაბა, მოვარდებოდა პატრული, ჩვენ დაგვკითხავდნენ და იმათ ვერაფერს ეუბნებოდნენ, კანონი არ გვაძლევს უფლებას, დავსაჯოთო. სახლიდან 8-10 მეტრის დაშორებით ასეთი დაწესებულება როგორ უნდა მუშაობდეს, მაგრამ მთავარი მიზეზი იცით, რა იყო? - კლუბში იმდროინდელი მთავრობის წევრებიც დადიოდნენ, ამიტომ ხელს ვერავინ ჰკიდებდა - ამაშია ჩვენი უბედურება. ამხელა ქვეყანაა თურქეთი და ერთი კაზინოც არა აქვს, ჩვენთან კი დააქცია ოჯახები აზარტულმა თამაშებმა!

- სამწუხაროდ, ამ თამაშებში ბევრი მოზარდია ჩართული... - დიახ, ხშირად ყველაზე გაჭირვებული ხალხი თამაშობს და მათ ხარჯზე კაზინოები მილიონებს შოულობენ.

როცა ხედავ, რომ ადამიანს გადახდის საშუალება არა აქვს, გადაუკეტე გზა, რომ ვეღარ ითამაშოს. გაჭირვებული კაცი 10 ლარით რომ ითამაშებს, ათას ლარს წააგებს და მერე თავს იკლავს, რადგან არ იცის, როგორ გადაიხადოს, ეს არის სამართალი? ეს თავისუფლება კი არა, თავის დაღუპვაა!

ყველას გვაწუხებს ბოლო ხანებში დატრიალებული ტრაგედიები, ყველას გული გვტკივა ამ ბავშვების უბედურებაზე. ხომ შეიძლებოდა თუნდაც მცხეთაში იმ დაბადების დღეზე ორი ან სამი უფროსიც ყოფილიყო? ხომ გადაურჩებოდა სიკვდილს კიდევ ერთი უდანაშაულო კარგი ბიჭი?! მოზარდს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, ჩამშვებს დამიძახებენო! სანამ მცხეთაში ტრაგედია დატრიალდებოდა, პირველივე წუთებში უნდა დაერეკათ, მაგრამ, ალბათ, ყველა ფიქრობდა: 15 კაცი რომ ჩავუშვა, ციხიდან გამოვლენ, ფეხქვეშ გამიგდებენო. ახლა ყველა ცდილობს თავის შვილს ხელი დააფაროს, მაგრამ მათი შვილი რომ დაღუპულიყო, რას იტყოდნენ?! სწორედ ეს არის სირცხვილი და არა პოლიციაში დარეკვა და პატრულის გამოძახება.

- ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის ბრალიც ხომ არ არის? - რასაკვირველია, ადრე დამნაშავეებს საკადრისად სჯიდნენ, ახლა კი გადაიხდის გირაოს ან ამნისტია მოუსწრებს და რამდენიმე წელიწადში გარეთ გამოდის. გაივლის ცოტა ხანი და შეიძლება მეორე, მესამე დანაშაულიც ჩაიდინოს. კანონი ხომ უნდა კანონობდეს? მე თუ 70 კმ/სთ სიჩქარით დავდივარ და ამ დროს ვიღაც 90-ით ჩამიქროლებს, ამას კამერები ვერ უნდა ხედავდეს? სანამ კანონმორჩილები არ გავხდებით, ევროპელებიც ვერ ვიქნებით. სულ ტყუილად ვბაქიბუქობთ, რომ ევროპელები ვართ - ასეთია ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრი დღევანდელ ვითარებაზე.

ხათუნა ჩიგოგიძე