"მუდმივი ისტერია და აგრესიაა ქვეყანაში, ეს კი თითოეულ ჩვენგანზე აისახება" - კვირის პალიტრა

"მუდმივი ისტერია და აგრესიაა ქვეყანაში, ეს კი თითოეულ ჩვენგანზე აისახება"

"მიხარია, რომ ლიზა აქტიური ბავშვია, თვითონ აირჩია ინტერესის სფეროები. მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, რუსულად, ახლა იაპონურს სწავლობს და თან სამოდელო თემით დაინტერესდა"

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჯაბა კილაძე მზრუნველი მამაა. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ის საკუთარ შვილზე - ლიზაზე, მის თაობაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და სიძულვილის ენაზე გვესაუბრება.

- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დაძაბული ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ხშირად ვწუწუნებთ, რომ მშობლები და შვილები ერთმანეთისთვის ნაკლებად ვიცლით. თქვენც გქონიათ ასეთი განცდა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიებმა შექმნა პრობლემა... ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ძველ დროში, ალბათ, უფრო რთული იყო, რადგან მაშინ თუ სადმე მიდიოდი, შეიძლებოდა ისინი თვეობით ვერ გენახა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი საშუალება მოგვცა, ადგილიდან უამრავი საკითხი მოვაგვაროთ, ამასთან შეგვიძლია ზღვა ინფორმაციის მიღება, რაც წინა ეპოქაში შეუძლებელი იყო. ჩემს ბავშვობაში კითხვა როცა გიჩნდებოდა, სჯერდებოდი იმას, რომ ვინმე საკუთარი გამოცდილებით გაგცემდა პასუხს, ან, თუ ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებდა, ძალიან ბევრი უნდა გეწვალა, რომ გაგეგო, რაც გაინტერესებდა. ახლა ტექნოლოგიების დახმარებით ნებისმიერი კითხვის პასუხი არსებობს და ეს კარგია, თუმცა ამ ფონზეც ადამიანებმა ისე უნდა გავანაწილოთ დრო, რომ არ მოვწყდეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ძველი ფოტოები გვინახავს, მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისის, სადაც ადამიანები დგანან გაჩერებაზე და ყველას გაზეთი უჭირავს. ალბათ, როცა გაზეთი გაჩნდა, მაშინაც წუწუნებდნენ, ეს რა არის, ყველა ჩასჩერებია და ადამიანები ურთიერთობას ვეღარ ახერხებენო... დღეს მობილური გვიჭირავს... თუმცა ერთი სიკეთე ის არის, რომ ახლა ინფორმაცია უწინდელზე მეტია - ახლა შეგვიძლია ზღვა ინფორმაცია მივიღოთ... უბრალოდ, დრო უნდა გავანაწილოთ სწორად.

- თქვენ როგორ ანაწილებთ დროს შვილისთვის და შვილი - თქვენთვის? როგორ ამთხვევთ ერთმანეთის თავისუფალ დროს? - ჩემი გოგონა დედასთან ცხოვრობს, პარასკევს, შაბათს და კვირას ვნახულობ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი თაობაა - და მხოლოდ ჩემს შვილს არ ვგულისხმობ - თავისუფალი, პროგრესულია, უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ. მიხარია, რომ ლიზა აქტიური ბავშვია, ინტერესიანი. თვითონ აირჩია ინტერესის სფეროები და თავის გზას მიჰყვება. ეს თაობა ძალიან კარგად ლაპარაკობს უცხო ენებზე. ლიზაც მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, რუსულად, ახლა იაპონურს სწავლობს და თან სამოდელო თემით დაინტერესდა.

- მკაცრი მამა ხართ? - ვფიქრობ, როდესაც ურთიერთობის ფორმას სწორად არჩევ, მას შენი ესმის, შენ კი მისი და სიმკაცრე აღარც გჭირდება. თუ იმსჯელებთ და ერთმანეთთან გულწრფელები იქნებით, ყველაფერი მოგვარდება.

- რას ისურვებდით, როგორ საქართველოში გინდათ იცხოვრონ ლიზამ და მისმა თაობამ? - ქვეყანა უნდა განვითარდეს, სხვა უფლება არ გვაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება დაცული და შეიგრძნობს, რას ნიშნავს, იყოს თავისუფალი, ცხოვრობდეს იმ საზღვრებში მოქცეულ გაერთიანებულ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის.

- "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარ დეპუტატთა სია წარადინა და იმ არცთუ მრავალრიცხოვან ხელოვანებს შორის, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, თქვენც იყავით. როგორ მოხვდით ამ ღონისძიებაზე? - ჩვეულებრივად, დამპატიჟეს.

- ოდესმე თქვენი თავი წარმოგიდგენიათ პოლიტიკაში?

- პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა. ხშირად გვიწევს პროფილის შეცვლა, მაგრამ ჩემს გეგმაში ეს არ შედის. ყველაფერს მირჩევნია თეატრი და ის ადგილი, სადაც ვარ. სწორედ იქ ვარ ძალიან ბედნიერი.

- შაქარაშვილის ტრაგედიის შემდეგ უფრო დაგვაფიქრა შვილების თემამ... რას ვაკეთებთ სწორად მათი აღზრდისას და სად ვუშვებთ შეცდომას? - ბევრი შეცდომა შეიძლება დავუშვათ აღზრდაში, როცა შვილებს ყალბი წარმოდგენებით, ფსევდოპატრიოტიზმით ვზრდით და ვაჟკაცობის ჩვენეულ გაგებას ვუნერგავთ, ან სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ... ჩვენს ქვეყანას, ალბათ, სჭირდება ავტორიტეტული მოაზროვნეები, რომლებიც სწორად დაანახებენ გზას, რომელიც ახლა არ ჩანს.

ქუჩური გარჩევები საბჭოური გადმონაშთია. მაშინდელია ეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით და დაჯგუფებებით საქმეების გარჩევა. ჩვენი საზოგადოების ნაწილი დასავლური ღირებულებებისკენ იხრება, ამიტომ მათ არ მოსწონთ ქუჩური ურთიერთობები. იცით, რა არის ცუდი? ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში, ერთმანეთის კონკურენტები კი არ არიან, ფაქტობრივად, ომი აქვთ ერთმანეთთან გამართული. იქმნება აგრესიული ფონი, რაც მთელ ქვეყანაზე, თითოეულ ადამიანზე აისახება.

- წინ არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, წინ ცხელი პოლიტიკური დღეები გველოდება? - თუ ადრე განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს ვესროდით, დღეს უკვე ვკამათობთ. მართალია, ხშირად მიუღებელი და უკადრისი მეთოდებით, მაგრამ ტყვიას ხომ სჯობია? ეს უკვე განვითარებას ნიშნავს. ბოლო წლებში არჩევნების პერიოდში იმდენი აგრესია და იმდენი გინება იყო... ეს არ არის ის მაღალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია გაიმარჯვებს. წლები მიდის და თუ პოლიტიკური კულტურა არ ამაღლდა, ვერც კარგი პოლიტიკოსები გაიზრდებიან, ახალი თაობა კი ამათ მიუღებელი წესებით თამაშს უყურებს. ეს უნდა შეიცვალოს. მმართველმა პარტიამ ამ ძალიან რთულ პერიოდში - კორონავირუსთან ბრძოლას ვგულისხმობ - თავისი შესაძლებლობები გვაჩვენა. და როდის შეიძლება გამოცადო პოლიტიკური ძალა, თუ არა კრიტიკულ სიტუაციაში? ეს შედეგი ყველამ უნდა დავინახოთ.

- მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამძიმდა... - ქვეყანაში არის მძიმე ფონი, რასაც ქმნის ყველა ერთად და განსაკუთრებით - რამდენიმე ტელევიზია. ადამიანები არიან გაოგნებულები, მუდმივი ისტერია და აგრესიაა ქვეყანაში, ეს კი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ეს პროცესი თუ არ გაჩერდა, უმძიმეს შედეგამდე მივალთ.