"მე და ზინგერის მანქანა დიდი ხანია ვმეგობრობთ" - კვირის პალიტრა

"მე და ზინგერის მანქანა დიდი ხანია ვმეგობრობთ"

"ვერ ვიტყოდი, რომ ლეღვის ნახარში წარსულს ჩაჰბარდა. ისევ არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ერიდებათ ამის თქმა და არ აღიარებენ"

ყველა სეზონი ამა თუ იმ მიმართულების ექიმისთვის რაღაცით ხასიათდება. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ზაფხულობით მასთან სამკურნალოდ ყველაზე ხშირად რუჯის მოყვარულები ხვდებიან.

- წელს, ბუნებრივია, სრული სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შარშანდელ-შარშანწინდელ ამ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია მზით დამწვრობის შემთხვევა. ახლაც ხუთი გოგონა გვიწევს ცენტრში. სეზონისთვის სულ 80-მდე პაციენტს მოუწია კლინიკაში მოთავსებამ და ეს დიდი რიცხვია. აღარ დავთვლი, რამდენი სატელეფონო კონსულტაცია გვქონდა პაციენტებთან რეგიონებიდან... ხშირია გადახურებაც - ე.წ. მზის დაკვრა. ამას თან სდევს გონების დაბინდვა, ღებინება, დისკომფორტი, ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. წელს ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვი გვყავდა - აუზთან თამაშობდა და დაიწვა. ყველაზე ხანდაზმული - 76 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათის განმავლობაში მზეს ქოლგის ქვეშ კი ემალებოდა, მაგრამ გარეთ დარჩენილი ქვემო კიდურები მაინც დაეწვა.

- კარგია, რომ ლეღვის ნახარშით დამწვრობა, როგორც იქნა, წარსულს ჩაჰბარდა.

- ვერ ვიტყოდი, რომ წარსულს ჩაჰბარდა. ისევ არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ერიდებათ ამის თქმა და არ აღიარებენ. წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის ერთი შემთხვევა აღმოჩნდა ქუთაისში. მეორე სავარაუდო შემთხვევა ჩვენთან იყო. ეს ქალბატონი არ აღიარებდა, რომ ლეღვის ნახარშით დაიწვა, მაგრამ ჩვენ იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა, ადვილად ვარჩევთ სხვა დამწვრობებისაგან.

- ლეღვის ნახარშით დამწვრობის შესახებ უცხოელი კოლეგებისგან გსმენიათ? - უცხოელ კოლეგებს ამას ვერც ვეკითხები, როგორ ავუხსნა, რატომ კრეფენ ლეღვის ფოთლებს და მერე მის ნახარშს ისვამენ? ან რა საჭიროა, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ ქართული სინამდვილეა. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ 11 საათამდე და 16 საათის შემდეგ გაირუჯონ; გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც ყოველ ორ საათში ხელახლა უნდა წაისვან; მზეს განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ხანდაზმულები და ბავშვები; აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ღია ფერის ქუდი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული დაავადების მქონეთ საერთოდ ეკრძალებათ მზისგულზე ყოფნა...

- კორონას პერიოდში ბევრი სიახლე შევიტყვეთ ცნობილ ადამიანთა შესახებ. მათ შორის იყავით თქვენც. გარდა იმისა, რომ გაგვაოცეთ კარიკატურული ნამუშევრებით, აღმოვაჩინეთ, რომ შესანიშნავ თოჯინებსაც ამზადებთ...

- თოჯინების დამზადება ჩემი ჰობია. ბავშვობიდან ვხატავ, ვძერწავ, ასე რომ, ჩემი სამეგობრო წრისთვის ეს სიახლე არ იყო... პროფესიონალური პრეტენზიები არა მაქვს, თუმცა მოყვარულის დონეზე სიამოვნებით ვქმნი თოჯინებს.

- რა მასალას იყენებთ? - იტალიურ თიხას, კარკასისთვის კი სხვადასხვა მასალას. თოჯინების სამოსსაც ჩემი ხელით ვკერავ.

- კერავთ კიდეც? - მხოლოდ თოჯინებისთვის არა, მახსოვს, ბავშვობაში ჩემს დას შორტიც შევუკერე, ასე რომ, მე და ზინგერის მანქანა დიდი ხანია ვმეგობრობთ.

- ინტერვიუსთვის რომ თანხმდებით, ყოველთვის ითვალისწინებთ შვილის ძილის გრაფიკს... - ეფემია, იგივე ფეფო, 2 წლისაა. მისი დაძინება პრობლემაა. რა ხერხს არ მივმართავთ მე და მეუღლე, რომ ჩაიძინოს. ყოფილა შემთხვევა, როცა ორივე დავუძინებივართ და ტელევიზორი გადამირთეთო, გავუღვიძებივართ... ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვის კვება, დაბანა, გასეირნება... უფროს შვილთანაც აქტიური მამა ვიყავი, ის ახლა 17 წლისაა... ისე გამოვიდა, რომ ჩემი შვილები სხვადასხვა თაობაა.

- მიამბეთ ფეფოზე... - ტელევიზორში დამინახა სამედიცინო ფორმით - დამწვრობის ცენტრიდან ინტერვიუს იწერდნენ და გაოცებულმა მკითხა: `მამა, შენ ექიმი ხარ?!~ სახელი ეფემია მეუღლემ შეურჩია. იშვიათი სახელია, რომელიც ორივეს ძალიან მოგვწონს. ხშირად გვეკითხებიან, ვის ერქვაო. არავის პატივსაცემად არ დაგვირქმევია, უბრალოდ, მოგვწონდა... ფეფოსაც მოსწონს. გვეუბნება ხოლმე, ფეფო არა, ეფემია დამიძახეთო.

სხვათა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძის დედასაც ფეფო ერქვა. ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო.

- საზაფხულო გეგმებიც გაგვიმხილეთ... - ამჟამად დამწვრობის ცენტრი დატვირთვით მუშაობს, ამიტომ შვებულებაში ვერ გავდივართ. მეც და მეუღლეც, რომელიც ასევე ექიმია, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე აქტიური რეჟიმით ვმუშაობთ. იმედია, აგვისტოს ბოლოს ორი კვირით მოვახერხებთ დასასვენებლად წასვლას.