ათენგენობის სასწაულები - კვირის პალიტრა

ათენგენობის სასწაულები

"პანკისისხეობელმა ქისტებმა ამოიყვანეს 11 წლის მუნჯი გოგო, რაღაცას ჩვილობიდან დაემუნჯებინა. ვიღაცას ეთქვა, ამის ენის ამოდგმა იმ ხატს შეავედრეთ, რომელზეც თქვენი მამა-პაპა ლოცულობდაო, მათი მამა-პაპა კი ხადეს სალოცავზე ლოცულობდა, რადგანაც ჩვენი მოსაზღვრე ჩეჩნური სოფლიდან არიან პანკისში ჩასახლებული. ჰოდა, ვილოცეთ, ბავშვი დავლოცე და ალაპარაკდა. ხმა რომ ამოიღო, დედ-მამას კინაღამ მუხლი გაუწყდა..."

ხევსურეთში მისტიკური ათენგენობა სრულდება. ის წელსაც ყველა ხევსურმა ისევე იზეიმა, როგორც საუკუნეების განმავლობაში.

ივლისის ბოლო ხუთშაბათს ბარში ჩასახლებული ხევსურები იკრიბებიან და ხევსურეთში წმინდა ათინოგენესთვის პატივის მისაგებად თავიანთ სოფლებში მიდიან. ათენგენობას ხევსურეთის თითქმის ყველა სოფელში აღნიშნავენ. საყოველთაო მოსაზრებით, დღესასწაულს მეტი საერთო აქვს წარმართობასთან, ვიდრე ქრისტიანობასთან, თუმცა ოდესღაც დღევანდელი თურქეთის, ანუ ბიზანტიის ტერიტორიაზე (სებასტიაში, 311 წელს) ცხოვრობდა ეპისკოპოსი ათინოგენე, რომელიც ქრისტიანობისთვის აწამეს - დაწვეს. როგორ ააღწია წმინდანის თაყვანისცემამ ხევსურეთში, არავინ იცის, მაგრამ, ცხადია, რომ აქ ათენგენობას იმ დროიდან ზეიმობენ და სალოცავებში შესაწირიც მიაქვთ, იმ სალოცავებში, რომლებიც არა ათინოგენეს, არამედ სხვადასხვა წმინდანის სახელზეა აგებული.

მაგალითად, ჩეჩნეთის საზღვარზე, ხევსურეთის ყველაზე მაღალ სოფელ ხონეში შეთეკაურები ათენგენობას მიქაელ მთავარანგელოზის ხატში ადიან სალოცავად. ამ დღეს პირუტყვის შეწირვას ქრისტიანობასთან ნაკლები საერთო აქვს, თუმცა ამაში როლი, სავარაუდოდ, ქრისტიანობის იმ დევნას უდევს, როდესაც ბევრი ქრისტიანული წესი ირღვეოდა. ათენგენობის ყველა რიტუალსაც, ისევე როგორც საუკუნეების წინ, ახლაც ხევისბერები ასრულებენ - მანამდე 40 დღეს ლოცულობენ და მარხულობენ. ხონეს სალოცავი ოდესღაც იმდენად მაღალ მთაზე ყოფილა, სადაც ზოგჯერ ივლისშიც თოვდა. ამიტომაც ხალხმა მთავარანგელოზს ახალი სალოცავის განჩინება სთხოვა. ერთხელაც მთიდან უზარმაზარი ქვა დაგორდა და სადაც გაჩერდა, ხალხმაც სალოცავი იქ ააგო. ათენგენობას ამ სალოცავთან 100 შეთეკაური მაინც იყრის თავს, მაგრამ ხატში ყველა ვერ შედის: ქალებს შესვლა ეკრძალებათ. მოუმზადებლად ვერც მამაკაცები უახლოვდებიან სალოცავს. როგორც ხონეს ხევისბერი ალექსი ჭინჭარაული ამბობს, ხატთან მისვლა ძნელია, რადგან მისი რიდი და კრძალვა გვაქვს, და ხევისბერობაც, რადგან ხევისბერი სამაგალითო უნდა იყოსო.

- საკვირველია, რომ ათენგენობა ვერაფერმა წაშალა. ხევსურეთი დაცარიელდა, მაგრამ ხევსურები ბარიდან მთაში კვლავ ადიან უძველეს სალოცავებში ათენგენობის აღსანიშნავად.

- ასვლას რა უჭირს, ავდივართ როგორმე. უფრო ძნელი სალოცავებთან მიახლოებაა. ამისთვის სუფთა გული და განწმენდაა საჭირო. ხევისბერი 40 დღის ნამარხულები და ნალოცველი უნდა იყოს, ხატის დიდებას რომ მიეახლოს. ვინც ხატთან მივა, 40 დღეს ყველაფრისგან სუფთა უნდა იყოს: არა ცოდვა, არა დედაკაცთან ყოფნა, არა სიცრუე და ღალატი არ უნდა ედოს ტვირთად. ათენგენობას ბევრი კაცი იმიტომაც რჩება იმ ადგილას, სადაც ქალები და ბავშვები არიან. ასე იქნება, სანამ ხატთან მისვლის ღირსი არ გახდება. განა მარტო თავიანთი თავის, თავიანთი ოჯახების გამო ეშინიათ.

- ანუ ათენგენობის შესახვედრად მზადებას 40 დღით ადრე იწყებთ? - ხევისბერი კი. ადრე სულაც ხატში ადიოდნენ და იქ რჩებოდნენ სამარხულოდ. ახლა კარავი აგვაქვს და იქ ვათევთ ღამეს. მერე ლუდის მხარშველები ამოდიან. ხატის მისაგებებელი სასმელი ლუდია. შიგ მხოლოდ ის არის, რასაც ბუნება და ღმერთი გვაძლევს: დაფქული პურის, ქერის ან ჭვავისგან ვამზადებთ და ჩვენებურ ბალახს, სვიას ვამატებთ. 2 კვირა უნდა ლუდის დამზადებას. ლუდის მხარშველებიც მორიგეობით წესდებიან. განა ათენგენობა ერთ დღეს ტარდება - ივლისის ბოლო ხუთშაბათს რომ დაიწყება, ყველა სოფელში სხვადასხვა დღეს აღესრულება. ხალხს ხატისთვის შეპირებული საკლავი და ერბოიანი კვერები ამოაქვს. საკლავი უსათუოდ კენტი უნდა იყოს: ბატკანი სამი თვის, ცხვარი ერთი წლის; მამალიც კენტი იწირება ხატის სადიდებლად. ხევისბერები საქმეს ვხელმძღვანელობთ და ვლოცულობთ, საკლავია თუ წესრიგი, ახალგაზრდები მიხედავენ.

- ნუთუ საკლავი ასე საჭიროა? - რაც მამა-პაპამ დააწესა, საჭიროების გარეშე დღემდე ხომ არ მოვიდოდა?

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ხატის წყალობა მარად უკან დაჰყვება. რამდენჯერ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ, ცოცხალი არ უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ ხატის სახელი გვიხსენებია და გამოვსულვართ.

ხადეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზი მფარველობს. ის ზეცაში ანგელოზების უფროსია, მთავარი ანგელოზი. მასვე ვავედრებთ ათენგენობას ყველაფერს, მას შევთხოვთ იმ სასწაულებს, რამაც ამ არეულ წუთისოფელში უნდა გაგვაძლებინოს. როდესაც ხატის სადიდებელ საქმეს მოვრჩებით, მერე სუფრას მივუსხდებით და ვლხინობთ. პირველად უფლის და ხატის სადღეგრძელოს ვსვამთ, მერე სამშობლოსი, მერე კი ვისაც რა მოეგუნებება. ბევრი ლამაზი სადღეგრძელოა ჩვენს ლამაზ მიწა-წყალზე.

- ათენგენობას სასწაულების მომსწრე თუ ყოფილხართ?

- პირადად ვარ მოწმე. მას შემდეგ 20 წელიც არ არის გასული. პანკისისხეობელმა ქისტებმა ამოიყვანეს 11 წლის მუნჯი გოგო ასალაპარაკებლად, რაღაცას ჩვილობიდან დაემუნჯებინა. ვიღაცას ეთქვა, ამის ენის ამოდგმა იმ ხატს შეავედრეთ, რომელზეც თქვენი მამა-პაპა ლოცულობდაო, მათი მამა-პაპა კი ხადეს სალოცავზე ლოცულობდა, რადგანაც ჩვენი მოსაზღვრე ჩეჩნური სოფლიდან არიან პანკისში ჩასახლებული. ჰოდა, ვილოცეთ, ბავშვი დავლოცე და ალაპარაკდა. ხმა რომ ამოიღო, დედ-მამას კინაღამ მუხლი გაუწყდა. უკვე საღამოს სხვა ბავშვებს ვერ სჯობდა, მაგრამ კარგად ლაპარაკობდა. ახლა ქალია, ალბათ, კიდეც გათხოვდებოდა, თავადაა დედა. ამ ამბავს თუ წაიკითხავს, გაიხსენებს ხადეს მიქაელ მთავარანგელოზის სალოცავს.

- გამიგონია, ათენგენობას ტრაგედიებიც ხდებაო. - ტრაგედიები ყოველთვის ხდება. ხუთი წლის წინათაც მოგვივიდა ხევსურებს დიდი უბედურება მუცოში, გელა დაიაურის ცოლ-შვილი დაიღუპა. მაშინ საჭესთან ნასვამი კაცი იჯდა. ასე არ უნდა ხდებოდეს, არ გვეპატიება.

ისე, შეთეკაურები მუცოდან ვართ, ერთ დროს მტრისგან მუცოს კოშკები გვიცავდა, მერე სახნავ-სათესი შეგვიმცირდა და ხადეში ამოველით. ბოლოს ხადედანაც გადაგვასახლეს.

მძიმეა აქ ცხოვრება. შემოდგომიდან მაისამდე რომ გზა იკეტება, ამას კაცი ვერაფერს უზამს, მაგრამ კარგი ის არის, ტურიზმმა ხალხი ისევ მოახედა ხევსურეთისკენ. სოფელ ხახობოშიც ამოვიდა ორი ოჯახი. ჰოდა, ათენგენობა გაუქმებული ჰქონდათ და აღადგინეს. დაუძახა ხალხს ხატმა.

- ხევისბერობა რატომაა ძნელი? - იმიტომ, რომ სამაგალითო უნდა იყოს ამ არეულ სოფელ-ქვეყანაში.

- რაზე ლოცულობთ ათენგენობას? - ჩვენ-ჩვენს ოჯახებზე, მთელ ქვეყანაზე, სრულიად საქართველოზე, აქ მომსვლელზე, ვერმომსვლელზე... ზოგს უჭირს და იმიტომაც ვერ ამოდის, ზოგი ავად არის, ზოგი კიდევ უცხოობაშია. ასე რომ, ამ ლოცვაში უსათუოდ თქვენც მოხვდებოდით და მთელი საქართველოც. ყველას შეგვწეოდეს ათენგენობის მადლი და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზი.