"კონტრაბანდულ სიგარეტზე რატომღაც ახლა ატეხეს ამბები, არადა, წლებია ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოაქვთ" - კვირის პალიტრა

"კონტრაბანდულ სიგარეტზე რატომღაც ახლა ატეხეს ამბები, არადა, წლებია ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოაქვთ"

"გადახურულ ბაზარში წლებია დიდად არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით შენობის უკანა მხარეს, რომელსაც "აუღებელი ციხესიმაგრე" შეარქვეს, რადგან მის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა. არც შიდა გზების დაგებას ეშველა. მოვაჭრეები ხუმრობენ, ჩვენ და ეს გზები კიდევ რამდენიმე ხელისუფლებას მოვისტუმრებთ, მაგრამ აქაურობა ისევ ისე დარჩებაო"

წლების წინ, როცა აფხაზეთის რეგიონზე ქართულმა სახელმწიფომ იურისდიქცია დაკარგა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის ზუგდიდის ბაზარი საქართველოსთან შეხვედრის ადგილად იქცა. აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ყველაფერი იღონა, რომ ენგურის ხიდის გარდა, ზუგდიდამდე მისასვლელი ყველა შემოვლითი გზა დაებლოკა. ამ გადასასვლელებზე რუსი მესაზღვრეები დაგეშილი ნაგაზებით იდგნენ, რათა აფხაზეთის მოსახლეობას თხილი, ციტრუსი, ხილი ან ბოსტნეული ზუგდიდში არ გადმოეტანა. თუმცა საქონელი ზუგდიდის ბაზარში მაინც ხვდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. აქაურები ამბობენ, რომ ენგურის ხიდის გახსნა ორივე მხარისთვის შვებაა. თურმე ენგურს აქეთ მოვაჭრეები უკვე გაურიგდნენ ენგურს იქით მაღაზიის მეპატრონეებსა და იმ ვაჭრებს, რომლებიც გასაყიდ საქონელს აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში მანქანით დაატარებენ, "კოვიდ-19"-ის გამო გაუყიდავად შემორჩენილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა აქსესუარები ჩააბარონ ისე, რომ არც ერთმა მხარემ არ იზარალოს.

"კლიენტს პირბადის გაკეთება რომ ვთხოვე, გამექცა"

ზუგდიდის ბაზარში დღემდე შემორჩენილია ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ნიშანი, ხოლო მარკეტებისა და მაღაზიების კარებზე წარწერა: "პირბადის გარეშე ნუ შემოხვალთ", მაგრამ ამას უკვე თითქმის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უსაფრთხოების წესების დაცვა მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

რამდენიმე სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს ვკითხე, რეგულაციებს თუ არავინ იცავს, რა საჭიროა კარზე წარწერა-მეთქი, მაგრამ იერიშზე გადმოვიდნენ, ამხელა ბაზარში მხოლოდ აქ ნახეთ დარღვევა? კლიენტს პირბადის გაკეთება რომ ვთხოვე, გამექცაო.

გადახურულ ბაზარში წლებია დიდად არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით შენობის უკანა მხარეს, რომელსაც "აუღებელი ციხესიმაგრე" შეარქვეს, რადგან მის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა. არც შიდა გზების დაგებას ეშველა. მოვაჭრეები ხუმრობენ, ჩვენ და ეს გზები კიდევ რამდენიმე ხელისუფლებას მოვისტუმრებთ, მაგრამ აქაურობა ისევ ისე დარჩებაო.

აქ კარტოფილისა და სტაფილოს გვერდით, ჩინური საბავშვო სათამაშოები, პარფიუმერია, ყველი, ხაჭო, ახალი და მეორადი ტანსაცმელი, სადეზინფექციო საშუალებები, კვერცხი და სანელებლები მიჯრით აწყვია. გამყიდველები მხოლოდ მაშინ შეიშმუშნებიან, თუ მომხმარებელი მიუთითებს, ამ სიცხეში ასე დაყრილი პროდუქტი საკვებად როგორ უნდა გამოვიყენოთო.

"კონტრაბანდული საქონლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ..."

ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოტანილ უაქციზო სიგარეტს, რომელიც დაახლოებით 4 ლარი ღირს, რომ იტყვიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. არაერთი ჯიხურის მეპატრონე თუ მოვაჭრე ამბობს, რომ აფხაზეთიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტი მათთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

აქაურებისთვის წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას დაკავება (როგორც ამბობენ, კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებისთვის) მოულოდნელი არ ყოფილა. მასთან ერთად დააკავეს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ კონტრაბანდული სიგარეტი, რომელიც ერთმა გალელმა აჩუქა, ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა და გაყიდვას არ აპირებდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თემურ ღვინჯილიას სამსახურებრივი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34.000 ლარს აღემატება.

როგორც ზუგდიდელები ამბობენ, მაშინაც კი, როდესაც "ხაჯიმბას ხელისუფლება" გააფთრებული ცდილობდა აფხაზეთის მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვარი არ გადმოეკვეთა, ხალხი მაინც პოულობდა მდინარის თავთხელს და გვიან ღამით გადმოჰქონდა კონტრაბანდული საქონელი.

"სიგარეტზე ახლა ატეხეს ამბები, არადა, წლებია ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოაქვთ. სოფელ რუხთან არის მდინარის თავთხელი, ძლიერი წვიმის დროსაც კი არ დიდდება, იქიდან გადმოდიოდნენ ქალები ზურგზე მოკიდებული ჩანთებით. არა მარტო სიგარეტი, არაყი, რუსული წარმოების ყავა, კაკაო და შოკოლადიც გადმოაქვთ. კონტრაბანდული საქონლის შესახებ სამეგრელოში ყველამ იცის, მაგრამ... ახლა რა მოხდა, წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომლები რომ დააკავეს, არ ვიცი", - ამბობს ნანა კვირკვია.

თხილის ფასს ხარისხი აღარ განსაზღვრავს?

სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობის კიდევ ერთი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალია. ამჯერად თხილის შემსყიდველები გააფრთხილეს, როგორც გასულ წლებში, ფასის განსაზღვრისთვის გლეხს თხილი არ დაუმტვრიონ და 1 კგ თხილის ფასი 3-4 ლარზე ნაკლებად არ ჩაიბარონ.

ლია ქობალია, თხილის მეწარმე: - გასულ წლებში მეწარმეები ჩამბარებელ პუნქტებში მიტანილ თხილს პატრონის თვალწინ ამტვრევდნენ და მის ფასს ხარისხის მიხედვით ადგენდნენ - თუ 10 თხილიდან 7 ან მეტი საღი გამოვიდოდა, 1 კილოგრამში 7 ლარამდე ვუხდიდით. ცუდი ხარისხის თხილს ქარხანაში არ ჩაიბარებდნენ, არც ჩვენი შემკვეთი წაიღებდა და წაგებული დავრჩებოდით. წელს კი გვითხრეს, თხილი ხარისხის შემოწმების გარეშე ჩაიბარეთო.

- და ქარხანა მიიღებს თქვენგან შეუმოწმებელ პროდუქციას? - არ ვიცი. წინა წლებში გლეხი მაღალი ხარისხის თხილში კარგ ფასს იღებდა, მაგრამ ჰქონდა ისეთიც, რომელშიც 1 ლარს ძლივს უხდიდნენ. 10 კილოგრამ თხილს მოიტანდა და 10 ლარსაც ვერ იღებდა.

პირადად მე მომწონს, რომ თხილს შემოწმების გარეშე ვიბარებთ, კარგი ინიციატივაა, მთავარია, შესრულდეს, თორემ გავიგე, ზოგი მეწარმე მაინც ამოწმებს ხარისხს. ამ დროს კი ხშირად ატყუებენ გლეხს. თუ ამას არ გააკონტროლებენ, ხალხი დაიჯერებს, რომ ეს ინიციატივა დროებითია და მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება.