"კორონავირუსი ჩვენთან ელვისებურად ვრცელდება" - რას ჰყვება აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე "მთავარი სანიტარი"? - კვირის პალიტრა

"კორონავირუსი ჩვენთან ელვისებურად ვრცელდება" - რას ჰყვება აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე "მთავარი სანიტარი"?

გასული კვირის განმავლობაში აფხაზეთში, ე.წ. ოფიციალური ინფორმაციით, "კოვიდ-19"-ით დაავადების გამოვლენის მიზნით დაახლოებით, 500 ადამიანი გაიტესტა, საიდანაც ვირუსზე დადებითი პასუხი 42 ადამიანს დაუფიქსირდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "მთავარი სანიტრის" ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ინფექცია ელვისებურად ვრცელდება და თუ მოსახლეობა ადრე რეკომენდებული ჯანმრთელობის დაცვის ზომებს უგულვებელყოფს, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება.

- დასნებოვნებულებს შორის მედიკოსებიც თუ არიან? რამდენი ადამიანი დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალიდან და სად იმყოფებიან ისინი? - დღეს ჩვენთან კორონავირუსის ინფექციისადმი დადებითი მაჩვენებელი აქვს 6 ადამიანს სამედიცინო პერსონალიდან. საერთოდ, ყველა დაინფიცირებული მედმუშაკი სახლში რჩება, თვითიზოლაციის რეჟიმში, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, ისინი კორონავირუსულ ცენტრში იქნებიან გადაყვანილნი. ბუნებრივია, ისინი თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობის მონიტორინგსაც ახდენენ და თუ სიტუაცია გართულდება, მთელი ოჯახით "კოვიდ-ცენტრში" მიდიან სამკურნალოდ.

- არიან თუ არა დაავადებულ მედიკოსთა შორის მძიმე ავადმყოფები? - ჯერ-ჯერობით, დაავადებული მედიკოსების მდგომარეობა კონტროლქვეშაა. ისინი ექიმები არიან და შესაბამისად, თვითონვე აკონტროლებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ანუ არ ამძიმებენ იმ მომენტამდე, როცა უკვე რეანიმაციაა საჭირო. ისინი "კოვიდ-ცენტრში" მხოლოდ იმისთვის გადადიან, რომ ინფექციის კერის იზოლირება მოახდინონ. ამიტომაც ვთქვი, რომ იქ მთელი ოჯახით მიდიან-მეთქი. (...)

- როგორ აფასებთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შექმნილ სიტუაციას? ეს ეპიდემოლოგიური "აფეთქებაა" თუ "მეორე ტალღა"? - ეს ახალი მომენტალური "აფეთქებაა", მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში. გვაქვს ცალკე კერა გაგრაში, არის გუდაუთაშიც, სოხუმში კი ექვსი კერა დაფიქსირდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ახალი ტალღაა, ვფიქრობ, რომ ეს უფრო ინფექციის შემოტანის შემთხვევებია, ანუ პირველადი პაციენტების მიერ შემოტანილი, რომლებმაც უკვე ადგილობრივი ავადმყოფობის ხასიათი მიიღეს. ვირუსით დაავადდნენ ის მცხოვრებლებიც, რომლებიც საზღვარგარეთ არ გასულან და მათ ინფექცია, უბრალოდ, შემოსული დაავადებულებისაგან გადაედოთ. ინფექცია 14 დღის განმავლობაში ვლინდება, ამიტომაც არის "კოვიდ-19" სახიფათო. თუ  სიმპტომების გამოვლენა პირველსავე დღეებში არ ხდება, ის უკვე გავრცელებას ასწრებს. ვირუსის ზოგიერთ მატარებელს არც ემჩნევა, დაინფიცირებულია თუ არა, ის გარეგნულად ჯანმრთელს ჰგავს. ასე მოხდა ჩვენი კურსანტების დაინფიცირების შემთხვევაშიც, რომლებიც გარედან [რუსეთიდან] შემოვიდნენ. ჩვენ მათი ლოკალიზება მოვახდინეთ და პანსიონატ "აიტარა"-ში 14-დღიან ობსერვაციაში მოვათავსეთ. მათ გამოუვლინდათ ჯანმრთელი ვირუსმატარებლობა. ეს ნიშნავს ვირუსის იოლად გადატანას, როცა იმუნური სისტემა საკმაოდ მტკიცე მდგომარეობაშია. ამჟამად ვირუსის "აფეთქებამ" მოხუცებიც მოიცვა და ბავშვებიც. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრეულ ეტაპზე დაინფიცირებულ მედიკოსებში ვირუსის გამოვლენა ვერ მოხერხდა, ვერ დაისვა დიაგნოზი, ახლა კი აფეთქებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. როგორც უკვე გითხარით, დაავადების საკმაოდ დიდი ფართობის მქონე კერები გაჩნდა.

- როგორ ახდენს კონტაქტების გამოვლენას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური? რამდენად რთულია ამის განხორციელება და რამდენად მრავალრიცხვოვანია კონტაქტირებულ ადამიანთა წრე? - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაივიწყეს, რომ "კოვიდ-19" საკარანტინო ინფექციაა და რომ აუცილებელია 14-დღიანი იზოლაციის დაცვა, ისინი მაინც გადაადგილდებიან. ამავე დროს მათ იციან, რომ კონტაქტები ჰქონდათ სხვებთან, სახლში უნდა დარჩნენ, უნდა დარეკონ "ცხელ ხაზზე" და მობილური ბრიგადა უნდა გამოიძახონ სინჯის ასაღებად. ჩვენთან ინფექცია ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, ვერ ვასწრებთ კონტაქტების გამოვლენას: სანამ ჩვენ სინჯს ვიღებთ და ლაბორატორიულ კვლევაზე ვაგზავნით, დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება.

- შეგიძლიათ რაიმე პროგნოზის გაკეთება? თქვენი აზრით, როგორ განვითარდება სიტუაცია? - თუ ჩვენ არ გავიხსენებთ მიმდინარე წლის მარტსა და მაისს და არ მოვიქცევით ისე, როგორც მაშინ ვიქცეოდით, არ დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილი იყო, მაშინ დაავადება არარეგულირებულ ხასიათს მიიღებს, გავრცელდება ექსპონენტურად, ანუ ელვისებურად. ჩვენ ისევ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აუცილებელია პირბადის (ნიღაბის) ხმარება, თავი უნდა ავარიდოთ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ: არ უნდა მოვგროვდეთ უწესრიგო ჯგუფებად მაღაზიების წინ, არ უნდა გვქონდეს კონტაქტი ახლობლებთან, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოვართვათ, არ გადავეხვიოთ, არ ვიაროთ რესტორნებში და სასადილო-კაფეებში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რომლებსაც წინა თვეებში ვასრულებდით. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ჯანმრთელი კოვიდმატარებლები, რომლებმაც არ იციან, ავად არიან თუ არა. ექიმ-ეპიდემიოლოგებისათვის ხშირად ძნელია იმის დადგენა, თუ ვისგან ან როგორ გადაგედოთ ინფექცია - ხელის ჩამორთმევით თუ უბრალო საუბრით დაავადებულ ადამიანთან. ბოლო დროს აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა რატომღაც ირწმუნა, რომ ინფექცია არ არსებობს, მოგონილია და თუ არსებობს, გვერდით ჩაგვივლის, ჩვენ არ შეგვეხებაო. ყურადღება და სიფხიზლე მოვადუნეთ, მოთხოვნებს აღარ ვასრულებდით - დავივიწყეთ, რომ ხელების დეზინფიცირება აუცილებელია, აღარ ვატარებთ პირბადეებს... ყველაფერი ეს კი დღევანდელ სიტუაციაზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ